“სახელმძღვანელოების სიდიდე და მოცულობა არის ძალიან დიდი. სტამბებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებ, იქნებ მოხერხდეს მათი დაშლა მცირე ერთეულებად. და, შესაბამისად, ბავშვები არ იყვნენ განწირული სქოლიოზისთვის,” – ეს განცხადება გიორგი მარგველაშვილმა ჯერ კიდევ 11 აპრილს გააკეთა პრესკონფერენციაზე, როდესაც ის განათლების მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა.
კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა განათლების მინისტრის პოსტი ორი თვის წინ დატოვა, როდესაც განათლების სამინისტროს უკვე შერჩეული ჰქონდა წიგნებიც და სტამბებიც, სადაც ისინი დაიბეჭდებოდა, თუმცა ცვლილებები სახელმძღვანელოების მოცულობაში არ შესულა.
“მაგალითად, მერვე კლასის ისტორიის სახელმძღვანელო, გიორგი სანიკიძისა და სხვათა ავტორობით, ზუსტად შარშანდელის ანალოგია და ვებერთელაა,” – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში ერთ-ერთი მშობელი, რომელსაც ორი შვილი ჰყავს, მე–7 და მე–8 კლასელები. ჩვენი თხოვნით, მან თავისი მეშვიდეკლასელი შვილის სასკოლო სახელმძღვანელოები შეკრიბა და აწონა. წონამ 6 კგ შეადგინა.
ორთოპედი რუსუდან მჭედლიშვილი ამბობს, რომ ამ ასაკის (12 წლის) ბავშვისთვის მაქსიმუმ 2.5 კგ ტვირთის ტარებაა რეკომენდებული.
“ბავშვს სკოლაში ყოველდღიურად დავყვებით ან მე, ან ჩემი მეუღლე, რომ ჩანთის წაღებაში დავეხმაროთ, რადგან ნეტბუქთან ერთად წიგნების ტარება უწევს სკოლაში. სპეციალურად მძიმე წიგნებისა და ნეტბუქისათვის ბორბლებიანი ჩანთა ვუყიდეთ, მაგრამ დახმარება მაინც სჭირდება,” – ამბობს პირველი კლასის მოსწავლის დედა “ნეტგაზეთთან” საუბარში.
ორთოპედი რუსუდან მჭედლიშვილი ამბობს, რომ მძიმე ჩანთით სიარული განსაკუთრებით დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვისაა სახიფათო, რადგან მძიმე ჩანთა უპირველესად სქოლიოზის განვითარებას უწყობს ხელს:
“შეინიშნება ასევე მყესების დაჭიმვა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გააქტიურება. ბუნებრივია, ბევრი მცირეწლოვანი პაციენტი მყოლია მსგავსი პრობლემებით. კონკრეტულად ვერ გეტყვით, მათი სქოლიოზი სასკოლო მძიმე ჩანთით იყო გამოწვეული თუ რაიმე სხვა ნივთის ტარებით.”
ორთოპედი სკოლის მოსწავლეებს ურჩევს, რომ წიგნები ორსახელურიანი, ზურგზე მოსაკიდებელი ჩანთებით ატარონ, რადგან ასე სიმძიმე მათ სხეულზე სიმეტრიულად განაწილდება და სქოლიოზის გაჩენის რისკს შეამცირებს, თუმცა ქართველ ბავშვებსა და მშობლებში უფრო პოპულარული გორგოლაჭებიანი ჩანთებია. მაღაზიებში, სადაც სასკოლო ინვენტარი იყიდება, ასე ჩანთის ფასები 60 ლარიდან იწყება.
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მხოლოდ გრიფირებული სახელმძღვანელოები გამოიყენება.
“გრიფის მოქმედების განმავლობაში მის შინაარსში რაიმე ტიპის ცვლილების ცალმხრივად შეტანა, მათ შორის მოცულობის თვალსაზრისით, თეორიულად ვერ განიხილება გრიფის მინიჭებიდან 6 წლის განმავლობაში,” – აცხადებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი ნათია პაპავა “ნეტგაზეთთან” საუბარში.
სასკოლო სახელმძღვანელოებზე გრიფირება განათლების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანების საფუძველზე გამოცხადდა და კონკურსის შედეგებზე დაყრდნობით გამოვლინდა ის სახელმძღვანელოები, რომლებმაც გადალახეს დადგენილი ქულობრივი ბარიერი და, შესაბამისად, მიენიჭათ გრიფი.
დადგენილია სასკოლო სახელმძღვანელოს მაკეტის ტექნიკური პარამეტრები, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს გრიფირებული წიგნები, მათ შორის, ტექსტის აღქმის მხრივ, შრიფტისა და ინტერლინიაჟის ზომის, ტექსტის სვეტებად განაწილების, სიტყვებს შორის მანძილის მხრივ, თუმცა არანაირი კრიტერიუმი არ არის დადგენილი სახელმძღვანელოების ზომისა და წონის შესახებ.
სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებულ საკითხებს განათლების სამინისტროში მოქმედი გრიფირების სამმართველო არეგულირებს. აღნიშნული სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნანა კილასონია “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ ვერ იხსენებს გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, სადაც მან სასკოლო სახელმძღვანელოების მოცულობის შემცირების დაპირება გასცა:
“თუ ნამდვილად დადო პირობა, რომ სახელმძღვანელოების წონას შეამცირებდა, შეუსრულებია კიდეც. წელს უკეთესი ხარისხის ქაღალდზე დაიბეჭდა წიგნები, რამაც წონა მაინც გაზარდა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ცვლილებები გამორიცხული იყო, რადგან კონკრეტული კლასის სახელმძღვანელოების გრიფის მოქმედების ვადა 6 წლით განისაზღვრება.”