საზოგადოება

როგორ ვუმკურნალოთ გასტრიტს

19 აგვისტო, 2013 • 38699
როგორ ვუმკურნალოთ გასტრიტს

ბატონო თენგიზ, რა არის გასტრიტი და რა იწვევს მას?

ტერმინი „გასტრიტი“ მოიაზრებს კუჭის ლორწოვანი ანუ შიდა  გარსის ანთებას, რომელიც ვითარდება ორგანიზმში სხვადასხვა ფაქტორების ზეგავლენის გამო. აღნიშნული ფაქტორები შეიძლება წარმოდგენილი იყოს, როგორც ორგანიზმზე მოქმედი გარეგანი გამღიზიანებლები: ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები, პარაზიტები, სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებები, მათ შორის მედიკამენტები (მაგალითად, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები), ნარკოტიკული საშუალებები, ალკოჰოლი დ.ა.შ. ასევე, შინაგანი აგრესიული ფაქტორები: იშემია, შინაგანი აუტოიმუნური პროცესებით გამოწვეული გასტრიტი, ალერგიული გასტრიტი, სტრესით გამოწვეული გასტრიტი, ნაღვლოვანი რეფლექსით გამოწვეული გასტრიტი და ა.შ. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული ტერმინი დღემდე რჩება ერთგვარ დილემად კლინიკოს ექიმებსა და ენდოსკოპისტებს შორის, რადგან ენდოსკოპისტები გასტროსკოპიული მანიპულაციის ჩატარების დროს, პაციენტის კუჭის ლორწოვანის დათვალიერებისას, გარკვეული ენდოსკოპური ნიშნებით (მაგალითად, კუჭის ლორწოვანის სიწითლე, მარცვლოვნება, ეროზირება, მკვეთრი სიფერმკრთალე დ.ა.შ) სვამენ გასტრიტის დიაგნოზს. მაშინ, როცა კლინიცისტებისათვის გასტრიტი სიტყვასიტყვით ნიშნავს კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებას და ის მხოლოდ, ლორწოვანის ბიოფსიური მასალის შესწავლით უნდა დადგინდეს, მასში შესაბამისი ქსოვილოვანი ცვლილებების ნახვის შემდეგ.


უფრო მეტიც, თანამედროვე გასტროენტეროლოგიაში ფართოდ დამკვიდრდა ტერმინი გასტროპათია, რომელიც გასტრიტის მომიჯნავე პათოლოგიაა. გატროპათიის დროს სპეციალისტი გასტროსკოპული კვლევის დროს ნახულობს ზუსტად იმ ვიზუალურ ცვლილებებს, რასაც ის გასტრიტის დროს ხვდება, ოღონდ გასტრიტისაგან განსხვავებით, გასტროპათიის დროს, კუჭის ლორწოვანი გარსის ბიოფსიური მასალის შესწავლისას, ანთებისათვის დამახასიათებელი ქსოვილოვანი ცვლილებები არ ინახება.


რით განსხვავდება ქრონიკული გასტრიტი მწვავესგან?

გასტრიტების/გასტროპათიების დაყოფა მწვავე და ქრონიკულ ფორმებად მეტწილად პირობითია. ხშირად მწვავე გასტრიტების/გასტროპათიებად მიიჩნევენ პროცესს, რომლის დროსაც დაავადება ახლად განვითარებულია და ის რამდენიმე დღე ან კვირა გრძელდება, მაშინ როცა ქრონიკული პროცესის დროს დაავადება თვეები და წლები გრძელდება. თუმცა უფრო ზუსტ ინფორმაციას დაავადების მწვავე ან ქრონიკულ მიმდინარეობაზე, ისევ და ისევ კუჭის ლორწოვანის ბიოფსიური მასალის მორფოლოგიური კვლევა იძლევა.


თანამედროვე მედიცინაში აღნიშნულმა დაყოფამ მეტწილად დაკარგა პრაქტიკული ღირებულება. დღეს გასტრიტების/გასტროპათიების კლასიფიკაციის ბევრად უფრო სრულყოფილი კლასიფიკაციებია ისეთი, როგორიც სიდნეის კლასიფიკაცია. ასევე მეტად მნიშვნელოვანი OLGA-კლასიფიკაცია.


რა ნიშნები ახასიათებს გასტრიტს?

გასტრიტების კლინიკური გამოვლინება მეტად მრავალფეროვანია და ძნელია რომელიმე ისეთი კლინიკური ნიშნის დასახელება, რომელიც მკაცრად მხოლოდ კუჭის ლორწოვანის დაზიანებასთან ასოცირდებოდეს. თუმცა, თუკი პაციენტს აწუხებს მუცლის ტკივილი, წვის შეგრძნება მუცელში, რომელიც შეიძლება იყოს ან არ იყოს ცალკეული საკვებპროდუქტების მიღებასთან კავშირში, ან ძლიერდებოდეს საკვების მიღების შემდეგ, ან პირიქით გამონელდებოდეს, აწუხებს ბოყინი, არასასიამოვნო ლაყე კვერცხის სუნით, უკვე საბაბია იმისთვის, რომ მან გასტროენტეროლოგს მიმართოს. რამდენად აღნიშნული სიმპტომები გასტრიტების/გასტროპათიების აღწერილობაში ჯდება და რა კვლევები და შესაბამისი მკურნალობა უნდა ჩატარდეს, ამას სპეციალისტი წყვეტს.


როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ეს დაავადება, არსებობს თუ არა პრევენცია?

გარკვეულწილად დაავადების პრევენცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვაა, თუმცა გასტრიტისგან გარანტირებული დაცვა ძნელია, რადგან ამ დაავადების გამომწვევი მიზეზების იმდენად ფართო სპექტრია, რომ წარმოუდგენელია ადამიანმა ყველაფერი გათვალოს და გაითვალისწინოს. თუმცა ფაქტია, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესით მცხოვრები ადამიანი უფრო მეტად დაცულია ამ პათოლოგიისაგან და რომც დაემართოს ის, უფრო ეფექტურად უმკლავდება.


როგორია გასტრიტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები? როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს?

მკურნალობა დაკავშირებულია ამ დაავადების უშუალო მიზეზთან. ასე, მაგალითად, თუ დაავადება უკვე ფართო მასებისთვის კარგად ცნობილ ჰელიკობაქტერს (?) უკავშირდება, მკურნალობა მის ერადიკაციას (მოსპობას) გულისხმობს. თუ დაავადება მომატებულ მჟავიანობას უკავშირდება, მკურნალობაც მჟავიანობის დამქვეითებელი პრეპარატების სწორ გამოყენებასთან ასოცირდება. ნაღვლოვანი რეფლექსით გამოწვეული გასტრიტების/გასტროპათიების მკურნალობა შესაბამისად ნაღვლის შემბოჭავი პრეპარატების გამოყენებასთან ასოცირდება და ა.შ


რა რისკები ახლავს მას თან?

 პირველ რიგში გამოცდილმა გასტროენტეროლოგმა უნდა დაადგინოს ზუსტი მიზეზი. ამისთვის მას ხელთ აქვს ლაბორატორიულ-კლინიკურ კვლევათა მთელი არსენალი. ამის შემდეგ ზუსტად უნდა განსაზღვროს პაციენტის მკურნალობა, შეარჩიოს თანამედროვე მეთოდური რეკომენდაციებით მოწოდებული მკურნალობის სქემები და პაციენტთან ერთად უნდა მართოს პათოლოგია. რაც შეეხება უშუალოდ რისკებს, გამომდინარე გასტრიტების/გასტროპათიების მიზეზისა, რისკებიც შესაბამისად განსხვავებულია. თუმცა ყველაზე მეტად მაინც კუჭის ლორწოვანის სიმსივნურ გადაგვარებასთან დაკავშირებული რისკები იქცევს ყურადღებას. მათ შორის კი უმთავრესია მეტაპლაზიური ატროფიული გასტრიტის ორი ფორმა: აუტოიმუნური და გარემო ფაქტორებით გამოწვეული. თუმცა, აღნიშნული პათოლოგიების სწორი მართვა გამოცდილი გასტროენტეროლოგის მიერ, თანამედროვე სამედიცინო ხანაში სავსებით რეალურია.

  

მასალების გადაბეჭდვის წესი