საზოგადოება

მოქალაქეები მთავრობას გარემოს მიმართ პოლიტიკის შეცვლას სთხოვენ

19 ივლისი, 2013 • 1829
მოქალაქეები მთავრობას გარემოს მიმართ პოლიტიკის შეცვლას სთხოვენ

ნიკოლოზ წიქარიძემ, აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ აქციის მიზანია, მთავრობას წინასაარჩევნო დაპირების შესრულება მოსთხოვოს და გადახედოს დიდი ჰესების მშენებლობის პოლიტიკას, ასევე, გარემოზე ზრუნვას, ეკოლოგიური და ისტორიული ძეგლების უფრო მეტად დაფასებას. წიქარიძის განცხადებით, მან ქართულ ოცნებას მხარი იმიტომ დაუჭირა, რომ იმედი ჰქონდა, რომ წინა მთავრობისგან განსხვავებით, საარსებო გარემოს უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევდა.

 

აქციის მონაწილეები, მათ მიერ დღეს გავრცელებული განცხადების მიხედვით, აპირებენ საქართველოს პარლამენტს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ენერგეტიკის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წერილი გაუგზავნონ, სადაც თავიანთ მოთხოვნებს ჩამოაყალიბებენ.

 

წიქარიძის განცხადებით, უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც შეიწავლის განსახორციელებული პროექტების საჭიროებას. მას მიაჩნია, რომ ახლა მაინც უნდა იცოდნენ წინასწარ ამა თუ იმ პროექტის განხორციელების სარგებლიანობა და საჭიროება. იგი საუბრობს ენერგეტიკის სამინისტროს გადაწყვეტილებაზე, ააშენოს დიდი ჰესები. მისი თქმით, სამინისტროს მიერ დაგეგმილი 100 ახალი ჰესის მშენებლობა საარსებო გარემოს დიდ ზიანს მიაყენებს.

 

“ასეთები გავხდით იმიტომ, რომ ამ ბუნებას შევეგუეთ, როგრიც არის – ისეთს. თუ ბუნება შეიცვლება, იდენეტობას დავკარგავთ. ზოგს სხვა რამე ჰგონია და იძახიან “გვართმევენ ქართველობასო,” მაგრამ აქედან იწყება ამ ყველაფრის წართმევა,”– განაცხადა ნიკოლოზ წიქარიძემ.

 

წიქარიძე სტეფანწმინდის ტრავერტინებს, ბოლნისში მდებარე საყდრისის უძველესი საბადოსთვის კულტურული ძეგლის სტატუსის ჩამორთმევას შეეხო. სწორედ ამიტომ აპირებენ აქციის მონაწილეები ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითრების და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროებს მიმართონ. წიქარიძის თქმით, განცხადებების ზუსტი ტექტსი ახლა მუშავდება.

 

“ჩვენ ვეწინააღმდეგებით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს რესურსების მაქსიმალური ათვისების პოლიტიკას. ეს პოლიტიკა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და მის ძირითად პრინციპებს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე, რომ ყველა ადამიანი შექმნილია თანასწორად, მიუხედავად ყველაფრისა, და რომ ადამიანს გააჩნია უფლება, იცხოვროს ჯანმრთელ გარემოში, თავისუფლად სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი.

 

სახელმწიფო ვალდებულია ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოს გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა, ქვეყნის მდგრად განვითარების საზოგადოების ეკონომიკური და ეკოლოგიური ინტერესების შესაბამისად ისე, რომ დროულად მიეწოდოს საზოგადოებას სრული და ობიექტური ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ, რათა დაცული იყოს ადამიანის უფლება, ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში (საქ. კონსტ. 37-ე მუხლი),”– ნათქვამია მოქალაქეთა გაერთიანების განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი