ქალბატონო თინათინ, პირველ რიგში, განვმარტოთ, რა არის როტავირუსი?
ნაწლავური ინფექცია გამომწვევის მიხედვით ბაქტერიული და ვირუსული წარმოშობისაა. ბაქტერიული წარმოშობის ნაწლავური ინფექციები ცნობილია ყველასთვის, როგორც დიზინტერია, ეშერიხიოზი, რომელიც ეკოლის სახელით არის ცნობილი და ა.შ.
ვირუსული წარმოშობის ნაწლავური ინფექციები ყველაზე მეტად არის გავრცელებული, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვებში, ეს არის როტავირუსული ნაწლავური იფექცია, რომელიც არასასიამოვნო გართულებებს იძლევა.
წელს, 2013 წლის მარტიდან აცრის ეროვნულ კალენდარშიც შევიდა როტავირუსის საწინააღმდეგო აცრა, რომელიც 2 თვიდან უტარდება ბავშვს პირში ჩასაწვეთებელი ვაქცინის სახით.
აქამდე მისი შემოტანა თანხებთან იყო დაკავშირებული. ჩატარდა კვლევები, თუ პროცენტულად რამდენად მაღალია წლამდე ასაკში ამ ვირუსის არსებობა. აღმოჩნდა, რომ ვირუსის შემთხვევების რიცხვი მაღალი იყო და ბავშვთა ჯანმრთელობის დასაცავად ქვეყანაში ვაქცინა უნდა შემოტანილიყო.
როგორ იწყება ინფექციის გამოვლენა?
იწყება როგორც ჩვეულებრივი სასუნთქი გზების ინფექცები. წინა დღეებში შეიძლება ჰქონდეს ბავშვს უმადობა, ჭირვეულობა, ცხვირიდან გამონადენი, ყელის სიწითლე, შეიძლება ხველებაც. ამ ფონზე ეწყება პირღებინება, მოვლითი ხასიათის ტკვილი მუცლის არეში, ტემპერატურა. ეს იმდენად ასუსტებს ბავშვს, თუ დროულად არ მოხდა ჩარევა, ორგანიზმის გამოშრობამდე შეიძლება მივიდეთ და სტაციონარში გადასხმების საჭიროებაც დადგეს.
შესაძლებელია, რომ ეს პროცესი ამ მდგომარეობამდე არ მივიყვანოთ. პირველივე სიმტომების დროს შეიძლება მივმართოთ ზომებს. არსებობს ელექტროლიტების დასალევი ფხვნილი, რომელიც წყალში იხსნება. ყველა მშობელს უნდა ჰქონდეს მომარაგებული გარკვეული მედიკამენტები, მათ შორის, ამ ფხვნილის პაკეტები. რეკომენდებულია, ეს სხნარი მცირე დოზებით ექიმთან მისვლამდე დაალევინონ ბავშვს.
მართალია, ეს არის ვირუსული წარმოშობის ინფექცია, მაგრამ ნაწლავებში ანთებითი პროცესი მიმდინარეობს. მის ჩასაქრობად ვირუსული ინფექციის დროს არ არის საჭირო ანტიბიოტიკი. თუ ბაქტერიული ინფექციაა, მხოლოდ იმ შემთხვევაში. სისხლი განავალში არის პირდაპირი ჩვენება იმისა, რომ ანტიბიოტიკი დაინიშნოს. თუმცა არის ხშირი შემთხვევები, როდესაც ჩვენამდე მოჰყავთ ბავშვები, რომელთაც ექიმმა ანტიბიოტიკი დაუნიშნა ვირუსული ინფექციის დროს, რაც ბავშვის ნაწლავურ ფლორას მთლიანად შლის და მკურნლობის პროცესს აფერხებს.
მთავარი და გადამწყვეტი როლი მკურნალობაში ნაწლავური ინფექციის დროს არის კვება. მიიჩნეოდა აქამდე, რომ მშიერ დიეტაზე უნდა დაესვათ ბავშვი. ეს მიდგომა კატეგორიულად შეიცვალა დღეს. არის შემთხვევები, როდესაც ექიმი ეუბნება, რომ რამდენიმე დღე არ უნდა ჭამოს ჩაის და ბრინჯის გარდა. არადა, ამ დროს ნაწლავის ეპითელიუმის უჯრედები, ენტეროციტები რომ არ გაზარმაცდეს, აუცილებელია საკვების მიღება, ფერმენტების გამომუშავება.
თუ წლამდეა ბავშვი და ძუძუთი იკვებება, ვაგრძელებთ ძუძუთი კვებას. თუ ბავშვი დღეში 5-ჯერ იკვებება, ვეუბნებით, რომ 1 კვება კიდევ უნდა დავამატოთ. ის იმდენად არის დასუსტებული, რომ სრულად ვერ იღებს საკვებს ხუთჯერადი კვების დროს. თუ ხელოვნულ კვებაზე გვყავს, ასევე ვაგრძელებთ ყველაფერს, უბრალოდ რამდენიმე დღის განმავლობაში რძიანი ფაფები, კარაქდამატებული და ზეთდამატებული საკვები უნდა გამოვრცხოთ.
რა გართულებები შეიძლება ჰქონდეს მას?
არის დაგვიანებული შემთხვევებიც, როდესაც გამოფიტულ ორგანიზმს სიკვდილიც მოჰყვება ხოლმე. ასეთი შემთხვევებიც გვქონია. ასევე, ერთ-ერთი გართულებაა ნაწლავური ინფექციის ინვაგინაცია, ნაწლავის ჩაჭედვა.
როგორ ხდება ვირუსის გადაცემა?
ვირუსული ინფექციის გადაცემა ჰაერ-წვეთოვნი გზით ხდება. პირველ რიგში, ჰიგიენური ნორმების დარღვევით. მაგალითად, თუ პამპერსის გამოცვლის შემდეგ არ ამოხდა ხელების დაბანა და ამ ხელებით მივეცით ბავშვს საკვები ან მატყუარა. სტერილური პირობები იმას ნიშნავს, რომ ხელები დაიბანოს ხშირად იმან, ვისაც ბავშვთან კონტაქტი აქვს, ხელში აყავს ბავშვს, კოცნის. სტერილური მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ ნივთები და ისე გამოაყენებინო.
ხშირია ვირუსის გადაცემა ბავშვთა კოლექტივებშიც. მშობელმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვას ბავშვი ბაღში, თუ ბავშვს აქვს ვირუსი.
რა ასაკობრივი ჯგუფი ინფიცირდება უფრო ხშირად ენტეროვირუსით?
ასაკი შეუზღუდავია, ხშირია შემთხვევა, როდესაც ბავშვის მომვლელიც ავადდება და მერე როგორც ბავშვის, ასევე უფროსის მკურნალობა გვიწევს.
მხოლოდ გარკვეულ ასაკშია აცრის გაკეთება შესაძლებელი, რატომ?
აცრა კეთდება ხუთკომპონენტიან ვაქცინასთან ან დყტ-სთან 6-დან 15 კვირამდე ასაკში. მისი მეორე დოზა კი 4 კვირის შემდეგ, არაუგვიანეს 32 კვირისა.
როგორია მომართვიანობის სტატისტიკა საქართველოში?
ბოლო წლებში გაზრდილი რიცხვი მანიშნებელია იმისა, რომ მომართვიანობა არის გაზრდილი. შესაბამისად, სტატისტიკაც მაღალია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღეს არის გაზრდილი ინფექციის შემთხვევები. უბრალოდ, დაზღვევამ თითქმის ყველა მოსახლეობა მოიცვა და ექიმთან ვიზიტი ინფექციის დროს დაბრკოლებას აღარ წარმოადგენს.
2008 წელს ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში მიმართვიანობამ 5056 (საქართველოს მასშტაბით 36 781) შეადგინა. 2012 წელს კი ეს რიცხვი 14 ათასი იყო (საქართველოს მასშტაბით – 47 753). აღრიცხული დაავადების ⅓ ინფექციურ დაავადებებზე მოდის, მათი 50% კი სწორედ ნაწლავური ინფექციაა.