საზოგადოება

რას და როგორ გვასწავლის ქართული ლიტერატურა

14 მარტი, 2013 • 5481
რას და როგორ გვასწავლის ქართული ლიტერატურა

„უკაცრავად მამულიშვილებო და პატრიოტებო, მიუხედავად პატივისცემისა ქართველი მწერლებისადმი, მე ვერასდროს ვხვდებოდი, რატომ ფიქრობდნენ, რომ ამ ფოტოში აკაკი წერეთელი საქართველოს ბედზე ფიქრობდა. ვერც იმას, არწივში სულ საქართველო რატომ იგულისხმებოდა და მუმლი სულ მტერი რატომ იყო,” – ამ კომენტარით გასულ კვირას სოციალურ ქსელში ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეათეკლასელმა მოსწავლემ აკაკი წერეთლის ცნობილი ფოტო გამოაქვეყნა. მოსწავლეები ამბობენ, რომ მასწავლებლები ხშირად კარნახობენ, როგორ უნდა გაიგონ ტექსტი. ამ ტექსტების მასწავლებლისებური გაგება კი, მათივე აზრით, გარკვეულ სტერეოტიპებს უკავშირდება.

 

გათავისუფლდა თუ არა სკოლა საბჭოთა მემკვიდრეობიდან, დააღწია თუ არა თავი ტრადიციას, როცა ცალკეული მწერლის თუ ტექსტის გაგება ხშირ შემთხვევაში სწორხაზოვანი იყო? გაქრა თუ არა ფრაზები ესეებიდან, რომელიც საბჭოთა ეპოქაში მუდმივად განმეორებადი იყო და თემიდან თემაში გადადიოდა?

 

„მაქვს ეჭვი, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა თავიანთი ცხოვრების დიდი ნაწილი მიუძღვნეს იმას, რაც უფრო ადვილია, მაგალითად, იმის დამახსოვრებას, რომ შუშანიკი ქართველი პატრიოტია. ლიტერატურის სფეროში ჩვენ გვაქვს ის პრობლემა, რომ მასწავლებელთა უმრავლესობას აქვს რაღაც სტერეოტიპები,“ – ამბობს ფილოლოგი, საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან ბერძენიშვილი.

 

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მარინა ტალახაძის თქმით კი: „საბჭოთა მემკვიდრეობიდან, აზროვნებიდან გამოსვლა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევა უფრო ადვილი აღმოჩნდა, ვიდრე იმ იდეოლოგიის დანგრევა. საბჭოური აზროვნება, როგორც აზროვნების ფორმა, დღემდე არსებობს, ის განიცდის მეტამორფოზას, იცვლება, მაგრამ არსი არ იცვლება სინამდვილეში. ახლა წამოვიდა სხვა ტალღა, ევროპული, ამერიკული განათლების. სხვათაშორის, იქაც ისე კარგად ემჩნევა შტამპი – ზედაპირულობა, დილეტანტობა, სიღრმეს და ანალიზს მოკლებული და იქაც დაშტამპული პასუხები. ეტყობა, შტამპი მარტო საბჭოთა აზროვნებისთვის არ იყო დამახასიათებელი, მასობრივი აზროვნების ნიშანი ყოფილა.”

 

“ურაპატრიოტიზმი” და ყალბი პათეტიკა არც პოსტსაბჭოთა საქართველოს განათლების სისტემისთვის არის უცხო. მოსწავლეები წერისას საკმაოდ ხშირად იყენებენ სტერეოტიპებს, რომელიც 20-30 წლის წინაც გვხვდებოდა, თუმცა მარინა ტალახაძე ამბობს, რომ ნელ-ნელა სკოლიდან ეს ტენდენცია განიდევნა.

 

„პათეტიკა და მაღალფარდოვნება მოსწავლეთა ესსეებში კლებულობს, რაც ძალიან კარგის ნიშანია, მაგრამ მეორე მხრივ, საშინლად ღარიბი ლექსიკაა, გაუმართავი მეტყველება, ჩამოუყალიბებელი სინტაქსი და უწიგნურობა. ეს არის ჩვენი თანამედროვე სკოლის პრობლემა. თანამედროვე ბავშვს ჰგონია, რომ თუ მას შეუძლია საკუთარი აზრი იქონიოს საკითხთან მიმართებაში და საკუთარ აზრს გამოთქვამს, ეს აპრიორი სწორია. და ის იწყებს დავას: ეს ჩემი აზრია და მე მაქვს ჩემი აზრის ქონის უფლება. ერთი მხრივ, თავისთავად, მოსწავლეს უნდა ჰქონდეს საკუთარი აზრი, მაგრამ ძირშივე არის შეცდომა, რომ მხოლოდ საკუთარი აზრის ქონა ითვლება სწორად. აზრი არგუმენტით უნდა იყოს გამყარებული და ამას ტექსტის ცოდნა და წიგნიერება სჭირდება”, – ამბობს მარინა ტალახაძე.

 

„თანამედროვე ბავშვები უკომპლექსოები არიან. თუ ის იხერხებს, იმშვენებს ამ მაღალფარდოვნებას და ნაწერში ამას იყენებს კარგად, რატომაც არა, იყოს. მაღალფარდოვნებას რა დაეწუნება, თუ სწორად არის გამოყენებული. თანამედროვე ბავშვების პრობლემად მე მაინც იმას ვხედავ, რომ პრიმიტიული გახდა აზრის გადმოცემა. მკვეთრი და პირდაპირი უფრო გახდა, ვიდრე – მაღალფარდოვანი. მე პირიქით ვეუბნები ბავშვებს, რომ ცოტა მისაღები ლიტერატურული ფორმით დაწერონ და არა ისე, როგორც თავში გაუვლით,” – ამბობს ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ია კუპრაძე.

 

„მასწავლებლების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორია ის, რასაც თვითონ ამბობს. ანუ ბავშვმა წინააღმდეგობა რომ გაუწიოს და თქვას, მე ასე მგონია, მასწავლებელი ძალიან უკმაყოფილო რჩება ხოლმე. მაგალითად, მასწავლებელი ბავშვს უსვამს კითხვას, თქვენი აზრით: ეს საკითხი, ასეა თუ ისეა. მერე ბავშვი ამბობს, მისი აზრით როგორაა და მასწავლებელი უსწორებს: არა, თქვენი აზრით მასე კი არა ასეაო. აი, ეს საბჭოთა კავშირიდან წამოღებული მენტალიტეტია, რაც თითქოს განსაკუთრებით უნდა ახასიათებდეს ძველ მასწავლებლებს, მაგრამ არ არის ასე. ახალ მასწავლებლებსაც ზუსტად იგივე ახასიათებთ. მასწავლებლების დიდი ნაწილი ავტორიტარულია და იმ შემთხვევაშიც კი, როცა სიმართლეს ამბობენ და სწორად ესმით ლიტერატურული ნაწარმოები, სრულიად შეუწყნარებელი არიან ბავშვის აზროვნებისადმი. არ აძლევენ გასაქანს და თავისუფლებას,“ – მიიჩნევს ლევან ბერძენიშვილი.

 

ახერხებს თუ არა რეფორმირებული განათლების სისტემა თუნდაც ერთი საგნის – ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებას სკოლაში მაღალპროფესიულ დონეზე? ლევან ბერძენიშვილი, რომელიც რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში ასწავლის, ამბობს, რომ ვერა.

 

„ქართულ სკოლაში ქართული ენა ისწავლება საკმაოდ ცუდად. სკოლიდან ბავშვებს არ გამოაქვთ ელემენტალური ცოდნა. ძალიან კარგ უმაღლეს სასწავლებლებში ვმუშაობ, ყველგან ვხვდები სტუდენტებს და ყველგან არის ერთი და იმავე ტიპის პრობლემა, არც ერთ სტუდენტს, როგორც წესი, ქართული გრამატიკის ელემენტარული საბაზო ცოდნაც არ აქვს. ნაწერებს რომ ვუყურებ, თითქმის არავინ ხმარობს მესამე სერიას. ქართული ენა გაღარიბებულია ერთი მესამედით. მეორე, არ ხმარობენ თემის ნიშნებს. ეს არის დიდი ტრაგედია.

 

“ურტყავს” და ასეთი სიტყვები გვესმის უკვე ყველგან და არამარტო სტუდენტებისგან, არამედ პარლამენტშიც გაიგონებ. მასწავლებლებზე ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემი სტუდენტების 99 პროცენტი ქართულად რომ ვერ წერს და ვერ მეტყველებს, ეს არის ფაქტი. ყოველ შემთხვევაში, პირველ კურსზე,” – ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

 

სკოლებში ქართული ენის გრამატიკა რომ ცუდად ისწავლება, ამას ადასტურებს ბათუმის მე-16 სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ია კუპრაძეც.

 

„წლების განმავლობაში სახელმძღვანელოში გრამატიკული მასალა არ იყო შეტანილი. შედეგად ბავშვები გამართულად ვერ წერდნენ და ვერ აყალიბებდნენ აზრს. ეს ქმნიდა სირთულეებს. მაგრამ წელს ჩამოყალიბებული სახე მიიღო სახელმძღვანელომ,“ – ამბობს ია კუპრაძე.

 

ვისი ბრალია, თუკი მოსწავლე სკოლაში სათანადოდ ვერ სწავლობს ქართულ ენას და ლიტერატურას, განათლების სისტემის, მასწავლებლის თუ თავად მოსწავლის? მარინა ტალახაძე ამბობს, რომ თავი და თავი პროფესიონალიზმის ნაკლებობაა.

 

„მასწავლებლები ეროვნულმა გამოცდებმა გაგვაერთიანა მიზანში. მაგრამ მაინც არის სტანდარტის და შეფასების სისტემის არათანაბარი გაგება და გააზრება. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლები საკვალიფიკაციო გამოცდებს ვაბარებთ, თანხვედრა არ არის, საერთო სტანდარტის მიღწევა ძნელი ხდება,” – ამბობს მარინა ტალახაძე.

 

„განათლების სისტემაში ჰგონიათ, რომ მასწავლებლის ატესტაცია არის მასწავლებლის გამოცდა, რაც ნიშნავს, რომ თუ მე ჩავაბარე გამოცდა, ესე იგი კარგი მასწავლებელი ვარ. შეიძლება მე ვარ მასწავლებელი, რომელმაც დავიზუთხე, ჩავაბარე გამოცდა, ამ დროს არც საგანი ვიცი, არც გადაცემის უნარი მაქვს და რაც მთავარია, არ მიყვარს ბავშვები. აი, ასეთ შემთხვევაში გამოცდების სისტემა არის სისულელე და ამ მხრივ ვერც ერთ სამინისტროს ვერასოდეს ვერაფერი ვერ გავაგებინეთ. მასწავლებელი კი არ უნდა გამოიცადოს, ბავშვი უნდა გამოიცადოს და ბავშვის ცოდნით შეფასდეს მასწავლებელი. მასწავლებელი მუდმივად განათლების მიღების რეჟიმში უნდა იყოს.

 

ბავშვები ისევ იყენებენ სასვენი ნიშნებიდან ყველაზე ხშირად ძახილის ნიშანს ან კითხვა ძახილის ნიშანს, ანუ დაწერენ პათეტიკურ ტექსტს და ამოეფარებიან ყველაზე უფრო საშინელებას, რაც შეიძლება ლიტერატურაში იყოს, ეს არის პატრიოტიზმი. იმიტომ, რომ პატრიოტიზმით მართლდება ყველა უნიჭობა, ყველა სისულელე. პატრიოტიზმი თავისთავად შესანიშნავი რამაა, მაგრამ მისი ადგილი არაა ესეებში, მისი ადგილი არის მოქმედებაში და სულ სხვაგან,” – ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი