საზოგადოება

ხელისუფლება დოქტორანტურაში სწავლის დაფინანსებას იწყებს

21 თებერვალი, 2013 • • 1896
ხელისუფლება დოქტორანტურაში სწავლის დაფინანსებას იწყებს

მინისტრის მოადგილის, დავით ზურაბიშვილის თქმით, რა პრინციპით და როგორ მოხდება დაფინანსება, ჯერ არ არის გადაწყვეტილი:

 

“გაჩნდა შესაძლებლობა დოქტორანტურის დაფინანსებისა, რაც აქამდე არ იყო. ამჯერად ეს მოხდება. კონკრეტულად რა დაფინანსდება, როგორ და რანაირად ეს ჯერ არ არის შემუშავებული, მაგრამ ასეთ ვალდებულებას ჩვენ ვიღებთ და ვაპირებთ. ჯერ ვერ ვიტყვით, რაღაც პრიორიტეტები იქნება იმ დოქტორანტურაში, რაღაც დაფინანსდება, რაღაც არა, თუ სულ ყველა. ეს სამომავლო საკითხია, ამაზე მსჯელობა მიდის, ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის ფინანსთა სამინისტრო რა თანხას გამოგვიყოფს.”

 

აღნიშნული საკითხის გარდა დღევანდელ სხდომაზე “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზეც იმსჯელეს. მათ შორის 14 სპეციალობაზე უფასო სწავლებასა და სამაგისტრო გამოცდებს. 

 

ზურაბიშვილის განმარტებით, ყველას ერთი გამოცდის ჩაბარება აღარ მოუწევს:

 

“სამაგისტრო გამოცდები იქნება ცოტა სხვანაირი. თუ იყო ადრე, რომ ყველა ერთი და იგივე გამოცდას აბარებდა, მიუხედავად სპეციალობისა, ახლა რაღაც საგნის არჩევის საშუალება გაჩნდება,”- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა. 

 

საპარლამენტო უმრავლესობის და განათლების კომიტეტის წევრის, ელისო ჩაფიძის თქმით, მომავალი წლიდან უფრო მეტ ფაკულტეტზე გახდება შესაძლებელი, სწავლა უფასო იყოს:

“მომავალ წელს კიდევ უფრო მეტ ფაკულტეტზე გახდება შესაძლებელი, სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა. მომავალში ეს ჩამონათვალი გაიზრდება, იმასთან ერთად, რომ ეკონომიკა წავა წინ.

ჩაფიძის მტკიცებით, ცვლილებები შეეხება პროფესული განათლების სისტემასაც:

“ჩვენ გვქონდა ვითარება შექმნილი, როცა ადამიანები იღებდნენ განათლებას პროფესიულ სასწავლებელში, მაგრამ მათზე ვერ გაიცემოდა დამადასტურებელი მოწმობა ამ განათლების. ჩვენ ეს ხარვეზი გამოვასწორეთ მეორე მოსმენით.”

ჩაფიძის განმარტებით, განათლების სამინისტროს ავტორიზებული საბჭოები დაემატება:

“თვითონ განათლების სამინისტროში, ნაცვლად ავტორიზაციის ერთი საბჭოსი, რომელიც ემსახურებოდა როგორც უმაღლეს, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესულ სასწავლებლებს, ახლა შეიქმნება სამი საბჭო ახალი კანონისს მიხედვით, რომლებიც ცალ-ცალკე  იმუშავებენ პროფესულ, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესულ განათლებაზე. თითოეულ საფეხურს აქვთ თავის სპეციფიკა და, შესაბამისად, ამ საბჭოების მოქმედება გახდება უფრო ეფექტური, სწრაფი და კომპეტენტური,”- აცხადებს ის. 

მასალების გადაბეჭდვის წესი