სამედიცინო გამოკვლევებზე 43 წლის დიასახლისი, ნანა გამყრელიძე, ჯერ არ მიდის. ფიქრობს, რომ გამოკვლევების შედეგად ნაღვლის ბუშტის ოპერაცია დასჭირდება.
“მთავრობა შეგვპირდა, მალე უფასო იქნება ყველაფერიო. ახლა რატომ დავხარჯო? – ისედაც არ მაქვს მაგდენი და ნაწილი მაინც ვალად მექნება საშოვნი,” – ამბობს ნანა.
აუნაზღაურებს თუ არა ოპერაციის ხარჯებს ნანას ის სადაზღვევო პაკეტი, რომელსაც სახელმწიფო დაუზღვეველ მოქალაქეებს ჰპირდება, ამაზე ჯერ არ უფიქრია.
ამჟამად მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ სახელმწიფო მინიმალური სადაზღვევო პაკეტის ღირებულება 5 ლარი იქნება, – სამჯერ ნაკლები, ვიდრე – მიმდინარე წლის სექტემბერში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის გათვალისწინებული დაზღვევის ღირებულება.
მინიმალური სადაზღვევო პაკეტით სარგებლობას უკვე შემდეგი წლის 1 თებერვლიდან ყველა ის მოქალაქე შეძლებს, ვინც არანაირი ტიპის დაზღვევით არ სარგებლობს. იმისთვის, რომ სახელმწიფოს ქვეყნის დაუზღვეველი ნაწილი (რაც 2.2 მილიონ ადამიანს შეადგენს) ასეთი დაზღვევით უზრუნველეყო, პირველ ეტაპზე ბიუჯეტიდან 350 მილიონი ლარი გამოიყო.
ივლისიდან მთავრობა დაზღვევის პაკეტის გაუმჯობესებას გეგმავს და აცხადებს, რომ ის ბევრად სრულყოფილი იქნება, ვიდრე პირველი რამდენიმე თვე.
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, თებერვლიდან ახალი დაზღვევის მქონე ყველა მოქალაქე შეძლებს, მიიღოს ოჯახის ექიმის მომსახურება, პირველადი ჯანდაცვა და გადაუდებელი შემთხვევების მართვა, როგორც ამბულატორიულად, ასევე სტაციონარულად.
„ივლისიდან გადავალთ საბაზო სადაზღვევო პაკეტზე, სადაც უკვე იქნება გეგმიური სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობაც,“ – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.
კონკრეტულად რა დაავადებების მართვა შევა მინიმალურ და შემდეგ საბაზისო სადაზღვევო პაკეტში, ჯერ ცნობილი არ არის. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ამ საკითხებზე სამინისტრო მუშაობს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტთან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.
კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ამ ეტაპზე ცნობილია, არის ის, რომ სადაზღვევო პაკეტი, რომლითაც მოქალაქეები თებერვლიდან ისარგებლებენ, დაახლოებით ისეთი ფორმის იქნება, როგორც უმწეოთა დაზღვევა, რომლის მიხედვით, ექიმის დანიშნულებით ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური გამოკვლევები, გეგმურ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევებიც შედის. არ არის ცნობილი მედიკამენტების ჩამონათვალი და მათი ლიმიტი, რომელიც სადაზღვევო პაკეტში შევა.
იმის გათვალისწინებით, რომ ჯანდაცვის დანახარჯებს შორის საქართველოს მოქალაქეები ყველაზე
ბევრს სწორედ წამალზე ხარჯავენ, ჯანდაცვის ექსპერტების მოსაზრებით, დიდი მნიშვნელობა ექნება მოქალაქეებისთვის მედიკამენტების ოდენობას, მათ ჩამონათვალს და თანაგადახდის პრინციპს.
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამბობს, რომ უნივერსალური დაზღვევა არ ნიშნავს იმას, რომ
მოქალაქეებს სრულიად უფასო ჯანდაცვა ექნებათ:
“უნივერსალური დაზღვევის მოდელი უფასო მედიცინას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის 100% -ს ექნება დაზღვევა, თუმცა ზოგ მათგანს ექნება საბაზისო, ზოგს – უფრო მეტი. ორიენტირებული იქნება სოციალურ და
ასაკობრივ კატეგორიებზე. ეს იქნება ძირითადი და აუცილებელი სამედიცინო სერვისების უზრუნველყოფა,” – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.
მისივე განმარტებით, საყოველთაო დაზღვევის ეს მოდელი ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაზღვევის ოპტიმალურ მოდელად არის აღიარებული.
“დღეს საქართველოში გარკვეულ ნაწილს აქვს სადაზღვევო პაკეტი, ესენი არიან: 0-6 წლამდე ასაკის ბავშვები, საპენსიო ასაკის მოქალაქეები, სოციალურად დაუცველები, პედაგოგები, სტუდენტები, თუმცა არის ძალიან დიდი რაოდენობა მოქალაქეების, დაახლოებით 2 200 000 ადამიანი, რომელსაც უბრალოდ არანაირი დაზღვევა არ გააჩნია. და ესენი არიან ძირითადად საშუალო ასაკის ადამიანები, სწორედ ისინი უნდა უზრუნველვყოთ საბაზო პაკეტით,” – ამბობს მინისტრი.