ქრისტიანები თანასოფლელი მუსლიმების წინააღმდეგ [VIDEO]

წინწყაროს ქრისტიანული მოსახლეობა პირობას დებს, რომ შემდეგ პარასკევს მუსლიმთა ლოცვას სალოცავში აღარ დაუშვებს. 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში კონფლიქტს ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის წინ უძღვოდა სოფლის სასაფლაოზე მომხდარი ინციდენტი. 

სოფლის სასაფლაო 2 წლის წინ ქრისტიანებისთვის და მუსლიმებისთვის ცალ-ცალკე შემოსაზღვრეს. რამდენიმე თვის წინ კი სასაფლაოს საერთო ჭიშკარზე მუსლიმებს აღმართული ჯვრები დახვდათ. წალკის რეგიონის მუფთის თქმით, აღნიშნული ფაქტი მუსლიმთა შეურაცხყოფა იყო, თუმცა მას არ აქვს ინფორმაცია, ვინ და როდის ჩამოხსნა სასაფლაოს ჭიშკრიდან ჯვრები. 

წინწყაროს ქრისტიანი მოსახლეობა მუსლიმებთან დაპირისპირების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ამ ფაქტს ასახელებდა და აცხადებდა, რომ მუსლიმებმა ასეთი ქცევით ისინი შეურაცხყვეს და სამაგიეროს იმით გადაუხდიან, რომ არ მისცემენ ნებას, სამლოცველოში ილოცონ. 

თუმცა, როგორც შემდეგ ირკვევა, წინწყაროში მცხოვრები ქრისტიანები ზოგადად არიან იმის წინააღმდეგი, რომ სოფელში მუსლიმური მრევლისთვის რაიმე სამლოცველო არსებობდეს. 

“ეს არის ოდითგანვე ქრისტიანული სოფელი და ჩვენ სახლებს შორის მუსლიმურ სამლოცველოს არ დავუშვებთ. წავიდნენ და მარნეულში ილოცონ,”- აცხადებს სოფლის მკვიდრი ნოდარ ხორგუანი. 

სოფელ წინწყაროში, რომელიც წლების წინ ბერძნებით იყო დასახლებული, დღეს ძირითადად აჭარიდან და სვანეთიდან ჩამოსახლებული მოსახლეობა ცხოვრობს. მათგან დაახლოებით 200 ოჯახი აჭარიდან არის. მორწმუნე აჭარელი მუსლიმები პარასკევის ტრადიციულ ლოცვაზე მარნეულში ან სოფელ ქოსალარში ჩადიოდნენ. ორივეგან ჩასვლა დროსთან და ხარჯებთან იყო დაკავშირებული. შესაბამისად, მუსლიმებმა ერთ-ერთი, მათ მიერვე ნაყიდი სახლი სამლოცველოდ გამოიყენეს, რასაც სოფლის ქრისტიანული მოსახლეობის აღშფოთება მოჰყვა. 

იმის გამო, რომ დღევანდელი, პარასკევის ტრადიციული ლოცვის დაწყებამდე სოფელში მცხოვრები მართლმადიდებლები მუსლიმთა სამლოცველოსთან შეიკრიბენ და მათთვის ლოცვის ჩატარებაში ხელის შეშლას შეეცადნენ, სამლოცველოს დაცვა მთელი ლოცვის განმავლობაში სამართალდამცავებს მოუწია. 

წინწყაროელი მართლმადიდებლები ამბობენ, რომ შემდეგ პარასკევსაც შეეცდებიან მუსლიმებისთვის ლოცვის ჩაშლას. 

ბექა მინდიაშვილი, ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი და თეოლოგი, რომელიც ასევე იმყოფებოდა წინწყაროში აღნიშნული კონფლიქტის დროს, ფიქრობს, რომ წინწყაროში განვითარებული მოვლენები ანალოგიურია დაახლოებით ერთი თვის წინ სოფელ ნიგვზიანში განვითარებული მოვლენებისა. 

“ასეთი რიტორიკა ადგილობრივი მოსახლეობისა არის ანალოგიური ნიგვზიანელი მოსახლეობის რიტორიკის. ისინიც ამ ფრაზებს იყენებდნენ, რომ ეს არის ქრისტიანული მიწა და არ დაუშვებდნენ მეჩეთის მშენებლობას. იმის გამო, რომ ნიგვზიანში კანონდარღვევების გამო არ დააკავეს, სამართლებრივი პასუხი არ აგებინეს და სახელმწიფო ორი რელიგიური გაერთიანების მედიაციით შემოიფარგლა და თავად განზე გადგა პრობლემის სამართლებრივი გზით მოგვარების ნაცვლად, ვფიქრობ, ეს არის მიზეზი იმისა, რომ წინწყაროშიც ანალოგიურ პრობლემასთან გვაქვს საქმე,”- ამბობს ბექა მინდიაშვილი. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო კახიშვილი