საზოგადოება

მიიღო თუ არა რექტორობის შეთავაზება გია მაისაშვილმა

6 ნოემბერი, 2012 • • 1092
მიიღო თუ არა რექტორობის შეთავაზება გია მაისაშვილმა

“ახალი ხელისუფლება რომ მოვიდა ამ ქვეყანაში აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ უმაღლესი სასწავლებლების პოლიტიზირება არ შეიძლება გაგრძელდეს, უზარმაზარი მხარდაჭერაა აუცილებელი როგორც სტუდენტებისგან, ასევე – პროფესორ–მასწავლებებისგან, ეს არის ერთ–ერთი იდეა, რომ ეს სფერო ჩავიბარო და ჩემი უნივერსიტეტი იქცეს ისეთი მაღალი აკადემიური ცოდნის წყაროდ, როგორიც ჰარვარდის უნივერსიტეტია,”– განაცხადა გია მაისაშვილმა პრესკონფერენციაზე.


მაისაშვილის შესაძლო რექტორობას გამოეხმაურა სტუდენტური გაერთიანება ლაბორატორია 1918. მათი  განცხადებით, სტუდენტური გაერთიანების მიზნები შექმნის დღიდან უნივერსიტეტის ავტონომიურობა და მისთვის ბრძოლა იყო.


“ჭეშმარიტად ავტონომიურ და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალ უნივერსიტეტს რექტორს არ უნიშნავენ, ასეთ უნივერსიტეტში მას ლექტორები და სტუდენტები თავად ირჩევენ. ამ ფონზე “ქართული ოცნების” მხრიდან გია მაისაშვილისთვის თსუ-ს რექტორობის შეთავაზება მათ სურვილს პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი და ავტონომიური უნივერსიტეტის შესახებ სერიოზული ეჭვის ქვეშ აყენებს. ველოდებით “ქართული ოცნების” მხრიდან ამ ინფორმაციის უარყოფას ან დადასტურებას”


განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს რომ განხილვები გია მაისაშვილის კანდიდატურასთან  დაკავშირებით არ ყოფილა.


“მე მას არ შევხვედრივარ, არ განმიხილავს მაისაშვილის კანდიდატურა. საერთოდ, სამინისტროს საქმე არ არის რექტორობის კანდიდატის მოაზრება. ის, თუ რატომ ლაპარაკობს მაისაშვილი, მე მგონია, რომ ეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება, ადამიანმა ილაპარაკოს თავის ინტერესეზე. ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება განიხილოს საკუთარი თავი რექტორადაც, მინისტრადაც”.


“ნეტგაზეთთან” საუბარში გია მაისაშვილიც აცხადებს, რომ მას კონკრეტული შეთავაზება ახალი ხელისუფლებისგან არ მიუღია. იგი საკუთარი მხრიდან სურვილის ღიად გამოცხადებას, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით ხსნის:


“პირველმა ოქტომბერმა მოიტანა ცვლილებები გარემოში და ეს გვაძლვს საშუალებას, რომ პოლიტიზირებული და სტაგნაციის პროცესში მყოფი უნივერსიტეტი შეიცვალოს და ეს ჩამორჩენილი ორგანიზაცია იქცეს კავკასიის ჰარვარდად. ამის კონცეფცია მაქვს, ეს ხედვა მაქვს და ეს ხედვა თუ საჭიროებს რექტორობას, მზად ვარ ეს ავიღო ჩემს თავზე. მე საჯაროდ ვაცხადებ, რომ გაიმართოს დებატები. ხალხი სადღაც კი არ არის კორიდორში ატუზული თანამდებობის მოლოდინში, არამე ღიად აცხადებს თავის პოზიციას, ესა თუ ის დარგი როგორ უნდა შეიცვალოს”.


გია მაისაშვილმა აღნიშნულ პრესკონფერენციაზე, ისიც განაცხადა, რომ სახელწიფო უნივერსიტეტის ამჟამინდელი რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი თანამდებობის დატოვებას აპირებდა, მაისაშვილმა დღეს “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ეს ინფორმაცია უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის წარმომადგენლებისგან მიიღო. მაისაშვილის განცხადებას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოეხმაურა:


“გია მაისაშვილმა აღნიშნა, რომ თანამდებობის დატოვებას აპირებს უნივერსიტეტის დღევანდელი ხელმძღვანელობა. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და საკითხი უნივერსიტეტის დღის წესრიგში არ დგას. თსუ-ს რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი აკადემიურმა საბჭომ 2010 წლის დეკემბერში 4 წლის ვადით აირჩია”.


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესამსახურის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე გია მაისაშვილის წარდგენის შესახებ ახალი ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს ალექსანდრე კვიტაშვილთან საუბარი არ ჰქონია.


თსუ–ს რექტორის არჩევნები ჩატარდა 2012 წლის 27 დეკემბერს, რომელზეც აკადემიურმა საბჭომ ალექსანდრე კვიტაშვილი 4 წლის ვადით აირჩია.


თსუ–ს აკადემიური საბჭო რექტორის თანამდებობიდან გადადგომის საკითხს განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ რექტორი თავად მიმართავს საბჭოს შესაბამისი განცხადებით ან რექტორის მხრიდან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან რექტორისთვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების გამო აკადემიური საბჭოს წევრების 1/3-ზე მეტი დააყენებს საკითხს დღის წესრიგში.


გია მაისაშვილი პროფესიით ეკონომისტია, იგი 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის ერთ–ერთი კანდიდატი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი