საზოგადოება

უნდა შეიცვალოს თუ არა მისაღები გამოცდების სისტემა

14 ოქტომბერი, 2012 • • 2418
უნდა შეიცვალოს თუ არა მისაღები გამოცდების სისტემა

მაია მიმინოშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ პირველი მოსაზრება, რასაც ის  მომავალი მინისტრს გაუზიარებს, იქნება ის, რომ აბიტურიენტებმა არა საატესტატო, არამედ ერთიანი ეროვნული გამოცდები  ჩააბარონ. 

 

მიმინოშვილის არგუმენტი ერთიანი ეროვნული გამოცდების საატესტატო გამოცდებით ჩანაცვლების  გადაწყვეტილების მოუმზადებლობას უკავშირდება. იგი აღნიშნავს, რომ არ შეიძლება მოსწავლეებს ნოემბერსა და დეკემბერში გამოუცხადო – როგორი იქნება საგამოცდო სისტემა.

 

“ამიტომაც, მე ვფიქრობ, სანამ საგამოცდო სისტემა მიიღებს საბოლოო ფორმას, თუ როგორი სისტემა  გვინდა და როგორიც იქნებოდა კარგი, მანამდე ისეთი რამ უნდა შევთავაზოთ მოსწავლეებს, რაც წლების განმავლობაში მუშაობდა და რისთვისაც აბიტურიენტებიც მზად არიან.”

 

აღნიშნული მოსაზრება მიმინოშვილის და ეროვნული გამოცდების ცენტრის თანამშრომლების მოსაზრებაა, რომელსაც მომავალ მინისტრს გაუზიარებენ და სწორედ მინისტრი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.  

 

მაია მიმინოშვილი იმ გამოცდილებასაც იმოწმებს, რომელიც 2011 წელს საატესტატო გამოცდების დანერგვისას არსებობდა. 2011 წელს გამოცდების ეროვნული ცენტრი წინააღმდეგი იყო საატესტატო გამოცდების პირდაპირი დანერგვის და მის პილოტირებას სთავაზობდა სამინისტროს. მიმინოშვილის თქმითვე,  პილოტირების შესახებ მან პრეზიდენტსაც თხოვა, თუმცა მაშინდელმა განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საატესტატო გამოცდების ჩატარების გადაწყვეტილება 2011 წელსვე მიიღო:

 

„მე პირადად ვფიქრობ, რომ 2011 წელს მიღებული გადაწყვეტილება იყო სრულიად ნაჩქარევი. ამ სისტემას მოსწავლეებთან ერთად ჭირდება გამართვა. გამოსაშვები გამოცდები მაისის ბოლოს და ერთ თვეში მისაღები გამოცდები ნამდვილად არ მომწონს. გვაქვს ჩვენი წინადადებები და მოსაზრებები და, ბუნებრივია, ყველაფერ ამას მინისტრთან ერთად გავივლით. ვერაფრით ვერ მივაგდებთ უმაღლეს სასწავლებლებს გამართული საგამოცდო სისტემის გარეშე. 2011 წლამდე აბიტურიენტები აბარებდნენ 4 გამოცდას. ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა კარგად მუშაობდა 8 წლის მანძილზე და სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ, თუ როგორი უნდა იყოს საგამოცდო სისტემა – გამოსაშვები, მისაღები, თუ ორივე ერთად, ერთი სხვა საფეხურზე, მეორე სხვა საფეხურზე თუ ა.შ. და ვთქვათ 2014 წლისთვის როგორი საგამოცდო სისტემა უნდა მუშაობდეს, მანამდე, რაც კარგად მუშაობდა უმაღლესი სასწავლებლებისთვის, ის დავტოვოთ  და მოსწავლეებიც ზედმეტი 8 გამოცდის ჩაბარებაზე არ ვაწვალოთ”, – აცხადებს მიმინოშვილი. 

 

განათლების პოლიტიკის სპეციალისტის ნათია ანდღულაძის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების მიზანი კორუფციის აღმოფხვრა და გამჭვირვალე მიღების პროცესის უზრუნევლყოფა იყო, რასაც წარმატებით მიაღწია, მაგრამ ამ ინსტრუმენტს მიანიჭეს საუნივერსიტეტო სექტორში შემავალი სტუდენტის აკადემიური მზაობის მაკონტროლებლის ფუნქციაც. ანდღულაძის აზრით, ეს მიდგომა აბსურდულია იმ სისტემაში, სადაც უმაღლეს განათლებას ძირითადად სტუდენტები აფინანსებენ და უნივერსიტეტი თითქმის არანაირ დაფინანსებას არ იღებს ბიუჯეტიდან:

 

“უფრო გამართლებული სცენარი იქნებოდა, თუ ეროვნულ გამოცდებს დავუტოვებთ გამჭვირვალობის დაცვის ფუნქციას. ხოლო ის, თუ როგორი უნდა იყოს უნივერსიტეტის სტუდენტი, ეს უნივერსიტეტის გადასაწყვეტი გახდეს. შესაძლოა, ეს ნიშნავდეს იმას, რომ უნივერსიტეტმა თავად განსაზღვროს, გარდა ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდისა, რა დამატებით გამოცდებს მოსთხოვს მის პოტენციურ სტუდენტს. სავალდებულო დარჩეს მხოლოდ უნარ-ჩვევები, დანარჩენი გამოცდები უნივერსიტეტს თუ უნდა, შეუკვეთავს გამოცდების ცენტრს და თავად დაფაროს გამოცდის ხარჯი“. 

 

მსოფლიო ბანკის მიერ 2008 წელს გამოცემულ კვლევაში  „უნივერსიტეტში მიღების წესი მსოფლიოს მასშტაბით“ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები და მოდელებია განხილული.

 

გამოცდები ძირითადად სამი სახის არსებობს– გამოსაშვები (საატესტატო) გამოცდები, მისაღები გამოცდები და სტანდარტირებული უნარების ტესტი, იგივე, რაც ზოგადი უნარები. პირველი ორი ტიპის გამოცდა მოსწავლის მიერ სასწავლო გეგმის მიხედვით შეძენილი ცოდნის საილუსტრაციოდაა, ხოლო მესამე ტიპის გამოცდა მოსწავლის კოგნიტური და ათვისების უნარის წარმოჩენისთვისაა. განსხვავება იმაში მდგომარეობს, კონკრეტული ქვეყანა და შემდეგ უნივერსიტეტი რამდენ და რა ტიპის გამოცდას ითხოვს. 

 

მაგალითად,  მიღებისას ეროვნული გამოცდების ქულას ანიჭებენ მნიშვნელობას ავსტრია, საფრანგეთი, ირლანდია, საქართველო, ირანი, ჩინეთი და ეგვიპტე. ეროვნული გამოცდების და სასკოლო აკადემიურ მოსწრებას ითხოვს ტანზანია, თურქეთი და ესპანეთი. ეროვნული გამოცდები ქულას და აპლიკანტის დოსიეს კი, დიდი ბრიტანეთი. 

 

ინსტიტუტების მიერ  შემუშავებულ გამოცდების ქულას  ითხოვს არგენტინა და პარაგვაი, ინსტიტუტების მიერ  შემუშავებულ გამოცდების ქულას  და საშუალო სკოლის აკადემიურ მოსწრებას ითხოვს  ბულგარეთი და სერბეთი.

 

ზოგადი უნარების ტესტს ანდა საშუალო სკოლის აკადემიურ მოსწრებას ითხოვს  შვედეთი,  ხოლო ზოგადი უნარების ტესტს და აპლიკანტის დოსიეს ამერიკის შეერთებული შტატები.

 

ეროვნულ გამოცდებს დამატებულ ინსტიტუტის მიერ შემუშავებული გამოცდის ქულას ითხოვს იაპონია, რუსეთი და საფრანგეთი (Grandes Écoles), ეროვნულ გამოცდებს დამატებულ ინსტიტუტის მიერ შემუშავებული გამოცდის ქულას ან საშუალო სკოლის აკადემიურ მოსწრებას ითხოვს ბრაზილია. საატესტატო გამოცდების ქულას და ინსტიტუტის მიერ შემუშავებული გამოცდის ქულას ითხოვს  ფინეთი.  ზოგადი უნარების გამოცდას და საატესტატო გამოცდების ქულას ითხოვს  ისრაელი.

 

მხოლოდ საშუალო სკოლის აკადემიურ მოსწრებას ითხოვს ნორვეგია და კანადა. აპლიკანტის დოსიეს, რომელსიც არ გულისხმობს საგამოცდო ქულას, ითხოვს აშშ–ის ზოგიერთი ინსტიტუტი.

 

რაც შეეხება საატესტატო გამოცდებს, ანდღულაძე ამბობს, რომ ბევრ ქვეყანაში არსებობს ასეთი სისტემა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ შედეგები.

 

„განათლების სამინისტროს მიერ საატესტატო გამოცდების შემოღების ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, სწავლისა და სწავლების ხარისხის გაზრდაა. მაგრამ კვლევები გვიჩვენებს, რომ ვარაუდს, თითქოს გამოცდებით იზრდება სწავლისა და სწავლების შედეგები – საფუძველი არ აქვს. აშშ-ის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კავშირი გამოცდებსა და მოსწავლეების მიღწევებს შორის არ არსებობს. მაგრამ გამოცდები ზრდის სკოლის მიტოვების ალბათობას ღარიბი ბავშვებისთვის. თუ გამოცდები არ ზრდის მოსწავლის ცოდნას, მაშინ კარგად უნდა დავფიქრდეთ, ხომ არ ჯობია, ეს რესურსი დავხარჯოთ იმაზე, რაც უფრო მეტი ეფექტს მოგვცემს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი