საზოგადოება

ვინ იზრუნებს ციხეებში წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციაზე?

20 სექტემბერი, 2012 • 1605
ვინ იზრუნებს ციხეებში წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციაზე?

ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის, GCRT-ის ფსიქოლოგი მაია ცირამუა აცხადებს, რომ პოლიტიკური ნების შემთხვევაში, ცენტრი მზადაა, ოცდაოთხსაათიან რეჟიმში იმუშაოს პატიმრების დასახმარებლად. GCRT პენიტენციურ სისტემაში არასრულწლოვნებთან მუშაობს, თუმცა 2012 წლის ივლისიდან ციხეებში შესვლა შეზღუდული აქვს. 

 

“ჩვენ ვხედავთ აუცილებლობას, მოხდეს სიტუაციის შესწავლა და კრიზისული ინტერვენციის გზით  ჩარევა, რაც ყველასთან ინდივიდუალური იქნება. წარმოდგენაც კი არ გვქონდა, რომ ასეთი ტიპის ძალადობაზე იყო საუბარი. სავარაუდოდ, იქნება გამწვავებული სიმპტომები და გადაუდებელია ამ სიმპტომების ნორმალიზაციასა და სტაბილიზაციაზე ზრუნვა, რომელსაც ფსიქოთერაპიული ჩარევა მოჰყვება,” – აღნიშნავს ცენტრის ფსიქოლოგი მაია ცირამუა.

 

ფსიქოლოგის აზრით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არ არიან ის ადამიანები, ვისაც არასრულწლოვანებისთვის ამ ტიპის დახმარების გაწევა შეუძლიათ და პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ის რისკები არ მოხსნილა, რომელიც ამჟამად დგას. 

 

წამების, ძალადობის და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქო–რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრმა “ემპათია”  სპეციალური განცხადება გაავრცელა. ცენტრი მიმართავს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საერთაშორისო ორგანიზაციებს  და  ყველა საპატიმროში მონიტორინგის განხორციელებას  და კრიზისული ინტერვენციას მოითხოვენ, რათა გამოვლენილი იქნას წამების მსხვერპლები, იდენტიფიცირებული და დოკუმენტირებული, შემდეგ შედგეს რეაბილიტაციის პროგრამა ინდივიდუალურად ორიენტირებული და ჩატარდეს რეაბილიტაცია. 

 

“ემპათიის” ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი მიიჩნევს, რომ  სისტემაში არსებული ჰუმანიტარული კატასტროფის გამო პატრულის ციხეებში შესვლა დროებითი გამოსავალია. მარიმ ჯიშკარინი ვარაუდობს, რომ ეფექტური მუშაობისთვის სასჯელაღსრულების ახალმა მინისტრმა უნდა ჩამოაყალიბოს ჰუმანიტარული კატასტროფის დაძლევის გეგმა, სადაც მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში განსახორციელებელი ქმედებები უნდა იყოს გაწერილი. 

 

ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრების წარმომადგენლები ასევე საუბრობენ პენიტენციურ სისტემაში დამოუკიდებელი მონიტორინგის კომისიების აღდგენაზე, რომელიც 2009 წელს პატიმრობის კოდექსში შეტანილი ცვლილებების გამო გაუქმდა.

 

“ვინაიდან საქართველომ ხელი მოაწერა  ოპკატს, წამების საწინააღმდეგო კონვენციის დამატებით ოქმს,  იმის მიხედვით შეიქმნა ეროვნული პრევენციული მექანიზმი და ჩათვალეს, რომ აღარაა საჭირო სხვა მონიტორინგის მექანიზმი. ეს საკმარისი არ არის. პრევენციულ მექანიზმს აქვს თავისი ფუნქცია  და  მონიტორინგს, რომელიც პირდაპირ არის მიმართული წამების ფაქტების გამოვლენაზე, აქვს სხვა ფუნქცია”. 

 

ფსიქოლოგი მაია ცირამუა ასევე საუბრობს იმ სამუშაოზე, რომელიც საზოგადობის მიმართ არის ჩასატარებელი. მასალა, რომელშიც პატიმართა წამებაა ასახული, ფსიქოლოგის აზრით, ახალი იარლიყის, სექსუალური ძალადობის გაჩენის საფრთხეს ქმნის:

 

“ჰემინგუეის ფრაზა მახსენდება – “ადამიანი შეიძლება მოსპო, მაგრამ მისი დამარცხება შეუძლებელია”, თერაპიის შედეგი ის უნდა იყოს, რომ ეს ადამიანები დამარცხებული ადამიანის სტატუსით არ უნდა დადიოდნენ. მათ არ უნდა ჰქონდეთ ეს განცდა და საზოგადოებამაც იგივე არ უნდა დაახვედროს”. 

 

დღეს ასევე კოალიცია „ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის სფეროში“ ავრცელებს მიმართვას, რომელსაც ხელს 8 ორგანიზაცია აწერს, რომელთა შორის არიან: ფონდი “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში”, ასოციაცია “უფლება ჯანმრთელობაზე”, წამების მსხვერპლთა ფსიქო–სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი და სხვა.

 

კოალიცია მოითხოვს ყველა აუცილებელი ღონისძიების გატარებას, რათა შეუძლებელი გახდეს პატიმართა წამება, დაცული  და უზრუნველყოფილი იქნას საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები მზად არიან, სამედიცინო, ფსიქოლოგიური და იურიდიული დახმარება გაუწიონ წამებით დაზარალებულთა ოჯახებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი