საზოგადოება

რა საფრთხეს შეიცავს მტკვრის დონის დაწევა

3 სექტემბერი, 2012 •
რა საფრთხეს შეიცავს მტკვრის დონის დაწევა

“ფაქტიურად კალაპოტში მოდიოდა მტკვარი კი არა კანალიზაცია, რომელიც მოგეხსენებათ წყალში ჩადის მთელი აღმოსავლეთ საქართველოდან, შემდეგ, ის თევზი რომელიც ამ წყალში იყო დაიხოცა და ნაპირზე ეყარა, მოსახლეობამ კი შეაგროვა და საკვებად გამოიყენა. ამის ჭამა დაუშვებელია, ფაქტიურად მტკვარი არის კანალიზაციის არხად ქცეული ამ მშენებლობის გამო. მანამდეც დაბინძურებული იყო წყალი, მაგრამ რაღაც პროცენტით განზავება მაინც ხდებოდა ახლა კი უკვე საშინელი მდგომარეობაა”, – აცხადებს გიორგი გაჩეჩილაძე.

მწვანეთა პარტიის ლიდერის თქმით იმისთვის, რომ საფრთხე არც მოსახლეობას და არც თევზს არ დაემუქროს წყლის დაშრობამდე ტერიტორია აუცილებლად უნდა შეისწავლოს გარემოს დაცვის სამინისტრომ, მანვე უნდა გასცეს ნებართვა.

მდინარის დონე თბილისში ხელოვნურად უკვე მეორედ დაწიეს. პირველად ესტაკადის მშენებლობის გამო, ხოლო მეორედ იუსტიციის სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით, ორივე შემთხვევაში ნებართვა პრობლების გარეშე გაიცა:

“31 აგვისტოს შემოვიდა თხოვნა, რომ ვინაიდან იუსტიციის სახლის მშენებლობის ნაწილი მტკვრის კალაპოტში მიმდინარეობს მომხდარიყო მდინარის დონის დაწევა, ჩვენ შესაბამისად ავუშვით ორთაჭალჰესის ფარები რის გამოც მოხდა დაგუბებული წყლის განდევნა”, – აცხადებს “ენერგო პრო ჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავთო დვალიშვილი, მისი თქმით ნებართვის მიღებაზე პრობლემა არ შექმნიაღ – “ჩვენ ყველა წესის დაცვით განვახორციელეთ წყლის დონის დაწევა გარდა იმისა, რომ ავიღეთ ნებართვა მერიიდან ასევე მივმართეთ გარემოს დაცვის სამინისტროს და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესირსების სამინისტროს. როდესაც საშიშროება არის ხოლმე რომ დიდი ოდენობის თევზი დაიხოცება ამას გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალური წარმომადგენლები აკვირდებიან, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს საშიშროება არ ყოფილა, თევზის მხოლოდ მცირე რაოდენობა დაიხოცა”, – აცხადებს ავთო დვალიშვილი, მისი თქმით, ენერგო პრო ჯორჯიას არ ევალებოდა მოსახლეობის გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ უვარგისი თევზი არ გამოიყენონ.

მეთევზეების განცხადებით კი, მტკვრის დაშრობის გამო თევზის დაჭერა ორი დღეა ჭირს, არის შემთხვევა როდესაც ბადეს მკვდარი თევზი მოყვება:

“მე მკვდარ თევზს ვყრი. მაგისი ჭამა როგორ შეიძლება? თევზს აქ შვილიშვილისთვის ვიჭერ, დღეს მარტო ორი თევზი ამოყვა”, – ამბობს ერთ-ერთი მეთევზე, რომელიც იმედოვნებს, რომ მომდევნო დღეებში მეტ თევზს დაიჭერს.

“ენერგო პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ ორთაჭალჰესის ფარები უკვე დაშვებულია და წყლის დონე საჭირო ნიშნულს სავარაუდოდ 24 საათში მიაღწევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი