თბილისის მასშტაბით უფრო ადრე წარადგინა მაჟორიტარი კანდიდატები სახელისუფლებო პარტიის მთავარმა ოპონენტმა – კოალიცია “ქართულმა ოცნებამ”: ათიდან მხოლოდ ერთი კანდიდატია ქალი.
“ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ” თბილისის 8 ოლქში დაასახელა საკუთარი მაჟორიტარი კანდიდატები, რომელთა შორის გენდერული ბალანსი თანაბრადაა განაწილებული.
იმისათვის, რომ პოლიტიკურმა პარტიამ გაზრდილი დაფინანსება მიიღოს, გენდერული ბალანსი საარჩევნო სიაში უნდა დაიცვას. საარჩევნო სიები პარტიებმა 1 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში გასული წლის ბოლოს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც იღებს დაფინანსებას ბიუჯეტიდან, მიიღებს 10%-იან დანამატს, თუკი მის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში ყოველ 10 კანდიდატს შორის განსხვავებული სქესი წარმოდგენილი იქნება სულ მცირე 20%-ით.
მმართველი პარტიის წარმომადგენელი და პარლამენტის ვიცესპიკერი რუსუდან კერვალიშვილი აცხადებს, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება ხელისუფლებამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალების მონაწილეობის გასაძლიერებლად განახორციელა:
“საზოგადოების ნახევარს წარმოადგენენ ქალები, მათი ინტერესების გათვალისწინება და მათი სოციალური ინეტერესების გათვალისწინება უნდა იყოს წარმოდგენილი ქვეყანაში შესაბამისად. უფრო მეტი ხელშეწყობა სჭირდებათ ქალბატონებს, რომ ჩართულნი იყვნენ არა მარტო არჩევნების, არამედ გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე,” – აცხადებს დეპუტატი რუსუდან კერვალიშვილი.
მოქმედ პარლამენტში, რომლის უმრავლესობასაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” წარმოადგენს, რომლის წევრია რუსუდან კერვალიშვილი, ქალები 6.6%-ით არიან წარმოდგენილნი. ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ქალების რაოდენობით, გასული წლის მონაცემებით, საქართველო მსოფლიოში 127-ე ადგილზეა.
“საქართველოს შესახებ ძალიან ბევრი ვიცოდი აქ ჩამოსვლამდე. გამუდმებით მესმოდა საქართველოს მთავრობის წარმატებების შესახებ. მე ძალიან გაკვირვებული დავრჩი, როცა ჩამოვედი და აღმოვაჩინე, რომ ქალების წარმომადგენლობა პარლამენტში მხოლოდ 6.6 პროცენტია, რაც არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი რეგიონისთვის,” – აცხადებს აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორი სუზან ქაული.
USAID-ის ფინანსური მხარდაჭერითა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) დაკვეთით, მიმდინარე წლის ივნისში ქალების პოლიტიკაში მონაწილეობის შესახებ კვლევა ჩაატარა “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა”. კვლევის მიზანი იყო ქალის, როგორც პოლიტიკური კანდიდატისა და არჩეული თანამდებობის პირის მიმართ საზოგადოების მოსაზრების დამოკიდებულებისა და არსებული სირთულეების იდენტიფიცირება.
კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა (გამოკითხვა ჩატარდა თბილიში, ქუთაისში, ბათუმსა და მარნეულში) უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკა კაცის საქმეა, რადგან: ქალებს პოლიტიკისათვის საჭირო უნარ–ჩვევები ნაკლებად აქვთ, პოლიტიკა ბინძური თამაშია, პოლიტიკა სარისკო საქმეა და კაცები უფრო არიან ამ რისკისთვის მზად, ვიდრე ქალები. გამოკითხულები ფიქობენ, რომ კაცებს უფრო მეტად აქვთ პოლიტიკური გამოცდილება.
“საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ არსებობს განსხვავებული სტერეოტიპები ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის შესახებ. არის უარყოფითი განწყობები, თუმცა კვლევაში ასევე მოხვდა ის მოსაზრებები, რომ ქალები პოლიტიკაში უფრო დიპლომატიური, ნაკლებად აგრესიული და ნაკლებად კორუმპირებული არიან. რესპონდენტებს მიაჩნიათ, რომ ქალები უფრო გულწრფელნი არიან და უკეთ ესმით პრობლემები,” – აცხადებს ნერმინ ნიშიჩი, IFES-ის პროექტის ხელმძღვანელი საქართველოში.
კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს სასტუმრო “რედისონში” გაიმართა.