საზოგადოება

რუსთავის ტყე–პარკის რეაბილიტაცია ხეების გაჩეხვით

27 ივნისი, 2012 • 2792
რუსთავის ტყე–პარკის  რეაბილიტაცია ხეების გაჩეხვით

მოსახლეობა ამბობს, რომ  პარკიდან ყოველდღიურად ისმის ელექტრო–ხერხის ხმა და მოჭრილი ხეები სატვირთო მანქანებით პარკიდან ჩუმად გააქვთ.

რუსთავის ტყე–პარკი 1028 ჰექტარზეა გადაჭიმული და მისი სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე რამდენიმე თვეა პრეზიდენტის ფონდის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. სამუშაოებს ესპანური “საერთაშორისო პროექტების კომპანიის” პროექტის მიხედვით სამშენებლო ფირმა “ალგეთი” ახორციელებს.

მიუხედავად იმისა, რომ სხვა ადამიანებისთვის, მათ შორის ბავშვებისთვისაც პარკში შესვლა პრობლემას არ წარმოადგეს “ნეტგაზეთს” ტყე–პარკში შესვლის უფლება მანამდე არ მიეცა, სანამ სამუშაოთა მწარმოებელმა გოჩა ლათიბაშვილმა, როგორც მუშებმა განაცხადეს, “ტერიტორია არ მოასუფთავა”. მუშების თქმით ტერიტორია ყოველთვის სუფთავდება ჟურნალისტების შესვლამდე, თუმცა რა იგულისხმება დასუფთავებაში მათ არ დაუკონკრეტებიათ.

გოჩა ლათიბაშვილის განცხადებით ამჟამად პარკში საფეხმავლო და ველოსიპედის გზის გაყვანა მიმდინარეობს, საბოლოოდ კი პარკში სათამაშო მოედნის, ექვსი შადრევნის და საპიკნიკე ზონების მოწყობა იგეგმება.

2012 წლის 1 მაისს პრეზიდენტმა სარეაბილიტაციო სამუშაოები თავად მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

“ამ პარკის აღდგენა დაგვავალა რუსთაველმა პედაგოგმა ქალბატონმა ნათელა სხირტლაძემ. ქალბატონ ნათელასთან ვიყავი შესული ეზოში, როცა მან ეს გვითხრა”, – განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით ამის შემდეგ პარკის რეაბილიტაცია დაიწყო და მთავარია ისე დასრულდეს, რომ ადამიანების იმედები არ გააცრუოს.

თუმცა რუსთავის მცხოვრებთა ნაწილის იმედი პარკის რეაბილიტაციამ უკვე გააცრუა- ისინი პარკში ხეების ჭრას უკვე დიდი ხანია აპროტესტებენ:

“მე რუსთავში იმ დროიდან ვცხოვრობ, რომ მახსოვს გაღმა მაშინ ერთი სახლიც არ იდგა, ტყე–პარკი კი იმ დროიდან იყო.  ეს არის ულამაზესი ადგილი, ამ პარკში დავდიოდით, ცეკვები იმართებოდა და ყოველთვის აქტიური ადგილი იყო. ახლა კი უამრავი ხეა გაჩეხილი, მათ შორის წიწვოვანი ხეები, რომლებიც ძნელად იზრდება. როგორც თქვეს ამ ადგილზე შადრევნები უნდა ააშენონ, აეშენებინათ ერთი შადრევანი, სად გაგონილა ექვსი შადრევნის აშენება და სანაცვლოდ ხეების მოჭრა. ჩვენ აქ ერთი ადგილიც გვქონდა გამოყოფილი სადაც ცხრა აპრილს დაღუპულებისთვის მემორიალის დადგმა გვინდოდა, მიგვქონდა ყვავილები, ახლა ის ადგილიც გადასწორებულია”, – ამბობს რუსთავის მცხოვრები ალმარი ლომიძე, მისი თქმით ნებისმიერი ადამიანისთვის ვინც პარკში ხშირად დადიოდა ადვილი მისახვედრია სად მოიჭრა ხეები.

“ახალგაზრდები აქციის მოწყობასაც კი გეგმავდნენ ხეების გადასარჩენად, თუმცა მერე რატომღაც ჩაიშალა. კარგი იქნება თუ მოსახლეობა გაერთიანდება და პარკის დაცვას მოითხოვს, იქნებ ასე მაინც მოგვაქციონ ყურადღება”, – აცხადებს ალმარი ლომიძე.

ხეების მოჭრის ფაქტს პირადად შეესწრო ეკოლოგიური სამართლის ცენტრის იურისტი ნიკოლოზ მჟავანაძე.  მისი თქმით, პარკის რეაბილიტაციისას რამდენიმე კანონი ერთად ირღვევა:

“მე პირადად შევესწარი ხეების მოჭრას, ათეულობით ხე მოჭრეს და მეორე დღეს რომ მივედით უკვე ისე იყო ის ადგილი მოსწორებული ფესვის ნაკვალევსაც კი ვერ ნახავდით. დარღვევები იქიდან იწყება, რომ პარკის შესასვლელში არ არის გამოკრული ინფორმაცია იმის შესახებ თუ ვინ ახორციელებს სამუშაოებს, მხოლოდ ბანერია რომელსაც აწერია რომ პარკის რეაბილიტაცია პრეზიდენტის ფონდიდან ფინანსდება. თუმცა მთავარი პრობლემა რა თქმა უნდა ხეების მოჭრაა. როგორც განგვიცხადეს, მხოლოდ დაავადებული ან დამპალი ხეები იჭრება, მაგრამ მათ არ გააჩნიათ არანაირი დამადასტურებელი დოკუმენტი. ხის მოჭრის ნებართვაც რომ ჰქონდეთ, ამას არა “ალგეთის” მუშები, არამედ გამწვანების სამსახური უნდა ახორციელებდეს”, – აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე.

გოჩა ლათიბაშვილი ხეების მოჭრის ფაქტს ადასტურებს, მისი თქმით იჭრება ის ხეები რომლებიც გზის მშენებლობას ხელს უშლის:

“გზების გაყვანისას იჭრება ხე, რომელიც გაფუჭებულია, ასეთი ხეები არის ძალიან ბევრი. პროექტი როგორც არის დაპროექტებული, იმ გზაზე თუ ვნახეთ, რომ არის ხე გამხმარი, ის იჭრება”, – აცხადებს გოჩა ლათიბაშვილი.  მისი თქმით,  იმის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი, რომ ხეები გაფუჭებული და დაზიანებულია,  არ აქვთ, მაგრამ ხეებს დაზიანებას ვიზუალურად ატყობენ.

იურისტი ნიკოლოზ მჟავანაძე განმარტავს, რომ ხეების ჯანმრთელობა ოფიციალურად უნდა შემოწმდეს და იმ შემთხვევაში თუ ხე დაზიანებულია მოჭრის ნებართვა ადგილობრივი თვითმმართველობიდან გაიცეს:

“ეს არის კანონის უხეში დარღვევა. ჩვენ დავგზავნეთ წერილები და ვითხოვთ, რომ შეჩერდეს უკანონო ქმედება, იმ შემთხვევაში თუ არ გაითვალისწინებენ ადმინისტრაციულ სარჩელს შევიტანთ, ჩვენ მხარს ადგილობრივი მოსახლეობა და მედიაც გვიჭერს”, – განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი