საზოგადოება

რას ითვალისწინებს საკონსტიტუციო ცვლილებები “მორალის” შესახებ

22 მაისი, 2012 • 1458
რას ითვალისწინებს საკონსტიტუციო ცვლილებები “მორალის” შესახებ

პროექტის პირველი შესწორება კონსტიტუციის პრეამბულას უკავშირდება, რომელიც დღეს ასეა ფორმულირებული:

“ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.”

“ქრისტიან-დემოკრატების” ვერსიით, ამ ტექსტს სიტყვა ტრადიციების წინ უნდა დაემატოს სიტყვა “ქრისტიანული”.

საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად,  ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით;  მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია; ცენზურა დაუშვებელია.

აღნიშნული პუნქტებით გათვალისწინებულ უფლებათა განხორციელება,  ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შესაძლებელია შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

“ქრისტიან-დემოკრატების” მიერ მომზადებული პროექტით, აღნიშნულ მე-4 პუნქტს უნდა დაემატოს შემდეგი:

“აგრეთვე, როდესაც ადგილი აქვს ქრისტიანული, ან  საქართველოსთან  ისტორიული კავშირის მქონე რელიგიურ მიმდინარეობათა მიერ აღიარებული რელიგიური პრინციპების შელახვასა და საზოგადოებრივი მორალის საწინააღმდეგო უხამსობის პროპაგანდას.”

საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

“ქრისტიან-დემოკრატების” მოთხოვნაა, რომ ეს პუნქტი შემდეგი სახის ფორმულირებით ჩამოყალიბდეს:

“საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი განათლებით, პროფესიით და მორალური ქცევით აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.”

საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით, სახელმწიფო ხელს უწყობს კულტურის განვითარებას, კულტურულ ცხოვრებაში მოქალაქეთა შეუზღუდავ მონაწილეობას, კულტურული თვითმყოფობის გამოვლინებასა და გამდიდრებას, ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა აღიარებას და საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობათა გაღრმავებას; ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ყოველი მოქალაქე ვალდებულია ზრუნავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნებაზე. კულტურულ მემკვიდრეობას სახელმწიფო იცავს კანონით.  

“ქრისტიან-დემოკრატების” ინიციატივაა, რომ 34-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მესამე პუნქტი:

“კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, სასწავლო-დაწესებულებების შენობებისა და რელიგიური საკულტო ნაგებობების მიმდებარე ტერიტოტიაზე დაუშვებელია კაზინოების, სათამაშო და სტრიპტიზკლუბების გახსნა, ან ამგვარი საქმიანობისათვის გათვალისწინებული  მშენებლობის წარმოება.”

საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტით, ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.

“ქრისტიან-დემოკრატების” პროექტით, 36-ე მუხლის პირველი პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“სახელმწიფო აღიარებს მამაკაცისა და ქალის ქორწინებას, რომელიც ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.“

“ქრისტიან-დემოკრატების” მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს თან ახლავს განმარტებები, სადაც მითითებულია, რომ საქართველოში “გადაუდებელ საჭიროებად უნდა ჩაითვალოს ქრისტიანული ზნეობის  დაცვის  ვალდებულება, რომელიც კონსტიტურიურ რანგში უნდა იქნას აყვანილი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი