საზოგადოება

უჯრედები წარსულიდან – მომავლის მედიცინა საქართველოში

27 მარტი, 2012 •
უჯრედები წარსულიდან – მომავლის მედიცინა საქართველოში

ახალშობილის ჭიპლარის სისხლის ღეროვან უჯრედებს ექიმები ახლო მომავალში იმაზე მეტი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენებენ, ვიდრე აქამდე. თუმცა საქართველოში ინფორმაცია ღეროვანი უჯრედების შესაძლებლობების შესახებ ისევე ძალიან მწირია.

წელიწადნახევრის წინ აშშ-ში სფაროვ მორისი საკუთარი სახლის საცურაო აუზში ჩავარდა. გოგონა წყლიდან მხოლოდ 45 წუთის შემდეგ ამოიყვანეს. ჟანგბადის უკმარისობამ მას ტვინის უჯრედები დაუზიანა, რამაც ბავშვის სრული პარალიზება და მეტყველების უნარის წართმევა გამოიწვია. 15 თვის შემდეგ ექიმებმა მშობლებს მკურნალობის პროცესში შვილის ჭიპლარის ღეროვანი უჯრედების გამოყენება შეთავაზეს. მოლოდინმა ყველა შედეგს გადააჭარბა. მორისის მშობლების თქმით, შედეგი ღეროვანი უჯრედების შეყვანიდანვე დადგა. ოთხი წლის მორისს მეტყველება დაუბრუნდა და დამოუკიდებლად სიარულიც შეძლო.

იმ შემთხვევაში, თუ მშობელი შვილს ღეროვანი უჯრედების ყველაზე მდიდარ წყაროს, ჭიპლარის სისხლის ღეროვან უჯრედებს არ უნახავს,  როგორც სამედიცინო ნარჩენი, ისე ნადგურდება.


საქართველოში ჭიპლარის სისხლის ერთადერთი ბანკი “ჯეოქორდი” არსებობს, რომელიც 2006 წელს ქართულ-გერმანული სპეციალიზებული ონკოლოგიური კლინიკის ბაზაზე დაარსდა. 2007 წლის იანვრიდან “ჯეოქორდმა” კომერციული საქმიანობა – ჭიპლარის სისხლის შენახვა დაიწყო.

საქართველოში ჭიპლარის სისხლის ბანკის ლაბორატორიის დამფუძნებელი გიორგი ლოლაძე ამბობს, რომ ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, რაც საშუალებას იძლევა მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად იყოს აღებული, დამუშავებული, გამოკვლეული და შენახული ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედები და საჭიროების დროს უზრუნველყონ მისი დროული და შესაბამისი ტრანსპორტირება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ტრანსპლანტაციის იმ ცენტრში, სადაც კლიენტს გადანერგვა ჩაუტარდება.

ლოლაძის თქმით, იმის გამო, რომ უჯრედული თერაპია მედიცინის შედარებით ახალი დარგია საქართველოში, ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედები დაავადებების სამკურნალოდ ჯერჯერობით არ გამოუყენებიათ.

“ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში მშობელთა მიმართვიანობა სისხლის ბანკში ამ მიზნით დაბალია. თუ აშშ-ში მშობელთა 30 % ინახავს შვილის ღეროვან უჯრედებს, რუსეთში –2-5 %, საქართველოში ეს რიცხვი 0-2 %-ს შეადგენს,” – ამბობს ლოლაძე.

ბანკის დამფუძნებლის თქმით, აუცილებელია კოორდინაცია ბანკსა და სამშობიარო სახლებს შორის იმისთვის, რომ იქ მისულ ორსულებს ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების შესაძლებლობების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდონ.

როდესაც საქართველოში მშობელი გადაწყვეტს, შვილის ჭიპლარის ღეროვანი უჯრედები შეინახოს, მან მშობიარობამდე ორი კვირით ადრე მაინც უნდა მიმართოს სისხლის ბანკს (ბანკი ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ტერიტორიაზე მდებარეობს).

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, უშუალოდ მშობიარობის პროცესში მოხდება ამ უჯრედების ამოღება.

„ინფორმაციის ნაკლებობის გამო ხშირად მშობლები დაგვიანებით მოგვმართავენ,“-ამბობს გიორგი ლოლაძე, უჯრედული ტექნოლოგიების და თერაპიის ცენტრის დირექტორი.

ლოლაძის თქმით, მშობელი პირველი ერთი წლის საფასურს, 780 ევროს ოდენობით, ამ უჯრედების დამუშავების, მათ შესწავლისა და გაყინვისთვის იხდის.

გაყინვით უჯრედი აჩერებს ცხოველმოქმედებას და წლების მანძილზე გაყინული უჯრედი ისეთივე ახალგზრდა რჩება, როგორიც წარსულში იყო. დაავადების დროს კი, ორგანიზმში უჯრედების შეყვანის შემდგომ, უჯრედები მოძრაობენ სისხლთან ერთად, პოულობენ დაზიანებულ ქსოვილს და აღადგენენ მათ.

გაყინული ღეროვანი უჯრედების შენახვის ყოველწლიური საფასური 100 ევროა. რაც საშუალოდ დღეში 70 თეთრს შეადგენს.

ხელშეკრულება 18 წლით ფორმდება. სრულწლოვანების შემდეგ მიჩნეულია, რომ  ბავშვი თავად გადაწყვეტს, გააგრძელოს თუ არა საკუთარი ღეროვანი უჯრედების შენახვა.

მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დღეში 70 თეთრის გადახდა ღეროვანი უჯრედების შესანახად ძალიან ბევრია, ხოლო შანსი იმისა, რომ ის გამოიყენო, ძალიან ცოტა, რასაც არ ეთანხმება მეცნიერთა სხვა ნაწილი.

დღეისათვის ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედები გამოიყენება 80-მდე დაავადების სამკურნალოდ. მათ შორისაა სისხლის ონკოლოგიური დაავადებები. ლეიკემიის დროს ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების გადანერგვა წარმოადგენს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის სრულფასოვან ალტერნატივას და განკურნების შანსი დაახლოებით 20 %– ით იზრდება. ეს რიცხვი ონკოლოგიაში, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ძალიან მაღალია.

თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, აქტიურად მიმდინარეობს კლინიკური კვლევები ჭიპლარის სისხლით ისეთი დაავადებების მკურნალობის ეფექტურობის შესასწავლად, როგორიცაა – დიაბეტი, ცერებრალური დამბლა, გულსისხლძარღვთა დაავადებები და სხვა.

მსოფლიოს მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ 30 წლის ასაკიდან ადამიანს საკუთარი ჭიპლარის ღეროვან უჯრედებს მცირე დოზით, პერიოდულად შევუყვანთ ორგანიზმში, სიცოცხლეს გავუხანგრძლივებთ. თუმცა ამ მიმართულებით კლინიკური კვლევები ჯერ არ დაწყებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი