საზოგადოება

ლიმიტი რუსულენოვან სახელმძღვანელოებზე

22 მარტი, 2012 • 1337
ლიმიტი რუსულენოვან სახელმძღვანელოებზე

თბილისის სახელმწიფოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი ჯერჯერობით ერთადერთია, სადაც რუსული სახელმძღვანელოების გამოყენებაზე ლიმიტი დაწესდა.

რუსულენოვანი სამეცნიერო წყაროების დასაშვები რაოდენობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა განსაზღვრა. თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 13 მარტის ბრძანებით, იურიდიული ფაკულტეტის ბაკალვრიატის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის საგანამანათლებლო საფეხურზე შესრულებულ რეფერატში, წინასამაგისტრო და   სამაგისტრო ნაშრომში, დოქტორანტის სემინარს, კოლოქვიუმს, სადისარტაციო ნაშრომსა  და „სამართლის ჟურნალში”  გამოყენებული რუსული წყაროები არ უნდა აღემატებოდეს ნაშრომში მოხსენიებული სამეცნიერო ლიტერატურის საერთო ოდენობის ერთ მეხუთედს.

პირად საუბრებში და სოციალურ ქსელებში სტუდენტები აღნიშნულ შეზღუდვას ანტირუსულ ისტერიად აფასებენ.

„რუსი ავტორების სახემძღვანელოებს ისედაც ნაკლებად ან საერთოდ არ ვიყენებთ, ამის საჭიროება არ არის. ვინაიდან ჩვენი სამართლის მიმართულებები განსხვავებულია. ამიტომ ვერ ვხვდები, რა საჭირო იყო ეს ბრძანება, სისულელეა,“ – ამბობს თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი სოფიო მაჩაიძე.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ეს შეზღდუვა არანაირად არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც რუსოფობური გადაწყვეტილება:

„ეს არ არის საუნივერსიტეტო პოლიტიკა, ეს არის ფაკულტეტის გადაწყვეტილება. არავინ არ ითხოვს რუსული ენის აკრძალვას, აქ საუბარია იმაზე, რომ ლიტერატურა, რომელიც გამოიყენება კვლევის დროს, იყოს უფრო თანამედროვე.“

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანის, ირაკლი ბურდულის თქმით, აღნიშნული ბრძანების გამოცემით უზრუნველყოფილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხარისხის ამაღლება მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცის უახლესი მეცნიერული მიღწევების (მათ შორის რუსულენოვანი სამეცნიერო წყაროების) გათვალისწინებით.

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის განმარტების მიხედვით, საქართველოს სამართლებრივი სისტემისგან განსხვავებით, რუსეთის ფედერაციის სამართლებრივი სისტემა ჯერ მჭიდროდაა დაკავშირებული სოციალისტური სამართლებრივი სისტემისთვის მახასიათებელი იურიდიულ ინსტუტუტებთან, საქართველოს ნაციონალური სამართლის მეცნიერების განვითარება კი პირდაპირ უკავშირდება კონტინენტურ-ევროპული და ანგლოამერიკული სამართლებრივი სისტემის თანამედროვე ტენდენციებს.

„რუსულენოვანი ლიტერატურა გამოსაყენებელი შეიძლება იყოს, როდესაც კვლევის საგანი უშუალოდ რუსული სამართლის კვლევას შეეხება. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ  შეისწავლება ანგლოამერიკული ან კონტინენტური ევროპის სამართალი, მაშინ სავალდებულოა, რომ მისი კვლევა ემყარებოდეს შესაბამის ენაზე შესრულებულ სამეცნიერო წყაროებს,“ – ნათქვამია თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის განამარტებაში.

შოთა რუსთაველის ბათუმის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ადამ მახარაძე ამბობს, რომ ბათუმის უნივერსიტეტში სილაბუსებშიც უთითებენ რუსულ ლიტერატურას და არაფერი სმენია იმის შესახებ, თუ სადმე მის გამოყენებაზე ლიმიტი დაწესდა.

„პირადად მე ვკითხულობ საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალს და იქ მთლიანად რუსული ლიტერატურაა მითითებული, თუმცა მხოლოდ უახლესი რუსული ლიტერატურა, ვინაიდან საბჭოთა დროის ყველა ლიტერატურა საბჭოთა იდეოლოგიით იწყება და რთული იქნება ბაკალავრის სტუდენტისთვის მასში გარკვევა,“- ამბობს ადამ მახარაძე და აქვე აღნიშნავს, რომ ქართული სამართლის სისტემა რუსულისგან გასხვავებით სხვა, დასავლური მიმართულებით განვითარდა, სადაც დანაშაულის მცნება, არსი და ნიშნებიც, შესაძლოა, სხვადსხვაგვარად არის გაგებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი