საზოგადოება

როგორ ცხოვრობენ განმუხურში [Video/Photo]

19 მარტი, 2012 •
როგორ ცხოვრობენ განმუხურში [Video/Photo]

როგორ ცხოვრობენ კონფლიქტის ზონაში ადამიანები, ვინ გახსნა ცეცხლი 4 მარტს განმუხურში და რა ემოციები გამოწვია ადგილობრივ მოსახლეობაში ინტენსიურმა სროლამ ერთი საათის განმავლობაში?

ზუგდიდიდან განმუხურამდე დაახლოებით 25-კილომეტრიანი მანძილის გავლისას ტაქსის მძღოლი ცდილობდა, გზად ყველა ღირსშესანიშნაობა ეჩვენებინა:

ერთ დროს მთელ დასავლეთ საქართველოში ცნობილი ჩაის ფაბრიკა ბოლო რამდენიმე წელია მიტოვებულია. გზის ორივე მხარეს  სახლებს თხილისა და კივის დიდი ბაღები მიუყვება, ეზოები კოხტად მოვლილი და მოწესრიგებელია.  

ტაქსის მძღოლი გვეუბნება, რომ განმუხურის მიმართულებით მგზავრები ხშირად გადაჰყავს, ძირითადად კი – უცხოური სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები და ადამიანები, რომლებიც აფხაზეთში მიდიან სამუშაოდ. მისი თქმით, აფხაზეთში, კერძოდ, სოხუმში მშენებლობაზე მომუშავე ხელოსნებს მაღალი ანაზღაურება აქვთ, ამიტომაც გალსა და ე.წ საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ადამიანები ხშირად მიდიან სოხუმში სამუშაოს საძიებლად.    

დაახლოებით ნახევარსაათიანი მგზავრობის შემდგეგ გამოჩდა აბრა, წარწერით – განმუხური.

ერთი შეხედვით, სხვა სოფლებისგან აქაურობა არაფრით განსხვავდება. წითელი აგურით ნაშენები სახლების უმეტესობა “კომუნისტების” დროინდელია, დიდი აივნებითა და “მამლიანი” საწვიმარი ჟოლოფებით. შიგა და შიგ ახალგარემონტებული სახლებიც მოჩანს, მხიარულ ფერებში შეღებილი და მეტალპლასტმასის კარ-ფანჯრებით.

სანამ სოფელს ვათვალიერებდით, განმუხურის სანაპირო ზოლსაც მივადექით. სილიან სანაპიროზე ბუნგალოები, სათამაშო ატრაქციონები, ღია კაფე–ბარები და საკონცერტო სცენაა აგებული. სანაპირო ზოლი ქართულ საგუშაგოსთან მთავრდება, რომელიც ზედ სანაპიროზეა განთავსებული.

პოლიციის საგუშაგო კუშკურასთან მიახლოვებისთანავე სადარაჯოზე მყოფი ჯარისკაცი გამოგვეგება, გაგვაფრთხილა: პოლიციის საგუშაგო შენობის გადაღება აკრძალულიაო.

შენობა, რომელშიც პოლიციის საგუშაგოა განთავსებული, სამხედრო ტენტითაა დაფარული, შენობის წინ თივისა და ტალახის მიწაყრილია. შენობის უკანა მხარეს, დაახლოებით 200 მეტრის მოშორებით, პირველი მავთულხლართია.

“მეორე მავთულხლართს იქით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია იწყება”, – გვიხსნის სამხედრო.

მისგან გავარკვიეთ, რომ პოლიციის საგუშაგო,  რომელიც, როგორც საქართველოს შს სამინისტრო იუწყება, 4 მარტს თავდასხმის ობიექტი გახდა, სანაპირო ზოლიდან 5 წუთის სავალზე, გზის მარცხენა მხარეს, დასახლებულ პუნქტთან ახლოსაა.

პოლიციის მეორე საგუშაგომდე მისვლამდე პატრიოტთა ბანაკის ტერიტორიას მივადექით. პატრიოტთა ბანაკი განმუხურში, პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით, 2008 წლის ივნისში გაიხსნა, აგვისტოში კი, ომის შემდეგ, ბანაკი ოკუპანტებმა გადაწვეს. ამ ამბიდან 1 წლისთავზე აღნიშნული ბანაკი კვლავაც პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით აღადგინეს და ხელახლა გახსნეს. ბანაკის განახლება 1 200 000 ლარი დაჯდა.

ახლა ბანაკის ტერიტორიაზე ისევ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, ამჯერად იქ აკვაპარკს აშენებენ. ბანაკის ტერიტორიაზე 6 ახალი ატრაქციონი უნდა აშენდეს.

აკვაპარკის მშენებლობა მიმდინარე წლის 5 იანვარს დაიწყო და აგვისტოს ბოლომდე უნდა დასრულდეს. სამუშაოებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით კომპანია  ”black Sea Group”-ი აწარმოებს.

მშენებლობაზე 100 ადამიანია დასაქმებული, აქედან მხოლოდ 25 მათგანია ადგილობრივი.

”საძირკველი ჯერ გათხრილი არ არის, უამინდობა გვიშლის ხელს, იმედია, დავამთავრებთ აგვისტომდე, აგვისტოში ნამდვილად უნდა გაისხნას,” – გვეუბნებიან მუშები.

აქვეა ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი ”მშვიდობის” ხიდიც, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში გასხნა, მაგრამ სამშენებლო სამუშაოები დღემდე დაუსრულებელია.

ხიდიდან კარგად ჩანს, თუ როგორ მუშაობენ ზღვაში ტრაქტორები, რომლითაც სამშენებლო მასალად გამოსაყენებელ სილას ეზიდებიან და აფართოებენ სანაპირო ზოლს.

შუა ხიდზე უცნობი მამაკაცი წამოგვეწია – ”აი, ეგერ, ხომ ხედავ, იქ რუსების ბაზაა” – ხიდის გასწვრივ, ამაღლებულ ადგილზე ჩადგმული შენობისკენ მიგვითითა მამაკაცმა, რომელიც მშენებლობის დაცვის თანამშრომელი არჩილ ლაგვილავა აღმოჩნდა.

მშენებლობაზე დასაქმებულები ამბობენ, რომ 4 მარტს სროლის ხმა საკმაოდ ახლოდან გაიგეს:

”სროლის ხმა კარგად ისმოდა, დაახლოებით ერთ საათამდე გაგრძელდა, ამბობენ, 10 წუთს გასტანაო, მაგრამ ჩვენთვის ნამდვილად ერთი საათი იყო”, – ამბობს გიორგი ჭკუასელი, განმუხურში აკვაპარკის მშენებლობის სამუშაოთა უფროსი მწარმოებელი.

ბანაკიდან 5 წუთის სავალზე იმ ადგილს მივადექით, სადაც 4 მარტს სროლები იყო. პოლიციის საგუშაგოდან, რომელიც ასევე სამხედრო ტენტითაა დაფარული, შეიარაღებული სამხედროები გამოგვეგებნენ.

ავუხსენი, რომ ჟურნალისტი ვიყავი და შემთხვევის ადგილის გადაღება მინდოდა. წინააღმდეგნი არ ყოფილან, მხოლოდ გამაფრთხილეს, რომ დიდი ტალახი იყო და შესაძლოა შიგ ჩავრჩენილიყავი.

მიმითითეს ბაზის გვერდით, სანგრის მსგავს ტალახიან გზაზე და მითხრეს, რომ გზის ბოლოს, დაახლოებით 300–ოდე მეტრში იყო შემთხვევის ადგილი, სადაც კრიმინალისტებმა მოკვლევა უკვე დაასრულეს. ამ ადგილთან მავთულხლართებია, რომლის იქით ტყე იწყება, რომელიც უკვე აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიაა.

შემთხვევის ადგილის გადაღება აკრძალული არ არის, მხოლოდ პოლიციის საგუშაგოს შენობა არ უნდა დავაფიქსირო – ასეთია ჯარისკაცების მხრიდან წამოყენებული პირობა. თუმცა ტალახში რამდენიმეწუთიანი სიარულის მერე სამხედროებმა გაგვაჩერეს და უკან დაბრუნება მოგვთხოვეს. როგორც გაირკვა, მათ ტელეფონით მიიღეს დირექტივა, რომ შემთხვევის ადგილამდე არ დავეშვით.

სამხედროებმა ოფიციალურად ინტერვიუს მოცემაზეც უარი გვითხრეს, თუმცა არ დაუმალავთ, რომ 4 მარტს ცეცხლი არა საგუშაგო შენობას, არამედ პატრულირებაზე მყოფ ქართველ ჯარისკაცებს გაუხსნეს, რომლებიც საგუშაგოს ტერიტორიაზე შემოვლას ახორციელებდნენ. მათგანვე შევიტყვეთ, რომ საპასუხო ცეცხლი საგუშაგოდან არ გახსნილა, რადგან თავდასხმის ეპიცენტრში ქართველი სამხედროები იდგნენ. საპასუხო ცეცხლი თავად პატრულირებაზე მყოფმა ქართველმა სამხედროებმა გახსნეს, ხოლო ორმხრივი სროლა დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, 4 მარტს, 3 საათზე და 20 წუთზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსულმა დაახლოებით ექვსმა უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა ქართული პოლიციის საგუშაგოს მიმართულებით სოფელ განმუხურთან. შსს-ს ცნობით, თავდასხმის დროს გამოყენებული იქნა ავტომატური იარაღი და “რპგ 7”-ის ტიპის ორი ყუმბარმტყორცნი, სროლამ დაახლოებით ათი წუთი გასტანა.

პოლიციის საგუშაგოდან გეზი ისევ განმუხურის ცენტრისკენ ავიღეთ. სოფლის ცენტრში, “ვარდისფერ მარკეტთან” შევჩერდით.

“ბოლო სროლების მერე ცოტა შევშინდით, თუმცა ჩვენ შიშს უკვე შეჩვეულები ვართ,” – გვითხრა მარკეტის მეპატრონემ ლადო ახალაიამ.

“აგვისტოს ომის შემდეგ სოფელში მშვიდობაა, ბოლო სროლებმა შეგვაშინა, თუმცა არც ისე, რომ აქედან ავიყაროთ და წავიდეთ. ან რომ წავიდეთ, სად წავიდეთ?! წასასვლელიც არსად გვაქვს. ახლა სოფელში ომის მოლოდინი არ არის”, – ამბობს აზა მეფონია.

მეფონიების ოჯახის მთავარი შემოსავალი ციტრუსებით და თხილით ვაჭრობაა. თუმცა აზა შინაურ პირუტყვსაც უვლის.

გზად სოფლის ”ბირჟაზე” ვჩერდებით. გელა ჭაფნაძეს შეძენილი თხილის ნერგები მხარზე აქვს გადებული, ”ასტრას” ეწევა და სოფლელებს ესაუბრება.  

“ახლა ერთი ძირი თხილის ფასი 20 თეთრია”, – ამბობს გელა, რომელიც დარწმუნებულია, რომ მალე ლაზიკა აშენდება და განმუხური-ანაკლია მეორე ანტალია გახდება.  

“შიში ყველა მოკვდავს აქვს, ამას გარდა, ამ შიშს უკვე შეჩვეულებიც ვართ. მე ჩემს შვილებს იმას ვასწავლი, რომ სადაც ხარ, იქ უნდა იყო ცხოვრების ბოლომდე,” – ამბობს გელა ჭაფნაძე.

გელასთან საუბრისას ბირჟაზე სხვა სოფლელებიც შემოგვიერთდნენ და როგორც თავად თქვეს, სოფლის ”ნაკითხ კაცს” – ოდიკო ჭაფნაძესაც დაუძახეს. მოგროვილი ქალები ოდიკოს თხოვენ, მათთვის მთავარ პრობლემაზე ილაპარაკოს: ქალებს სოფელში საბავშვო ბაღის უქონლობა აწუხებთ.

“აქ ყოფნის დროს თვით პრეზიდენტიც კი მოატყუეს: გამგებელმა უთხრა, ბაღი გავხსენითო, სინადვილეში არაფერიც არ გაუხსნიათ, ამ ქალებს კიდევ გამგებელი უბაღობაზე ლაპარაკს უკრძალავს,” – ამბობს ბატონი ოდიკო და ოჯახში გვეპატიჟება.

ოდიკო ჭაფნაძე 75 წლისაა. კარგად ახსოვს სოფლის სამგზის ოკუპაცია, მშვიდობიანობა მხოლოდ “კომუნისტების” დროს იყოო – ამბობს:

“მე სამივე ოკუპაციის დროს აქ ვიყავი და აფხაზეფთანაც მშვენივრად გამოვნახე საერთო ენა. ისინიც ჩვენნაირი ხალხია. მძიმე დრო ბევრჯერ იყო, მაგრამ მე აქედან არსად ვარ წამსვლელი. 22 წლისაც რომ ვიყო, თბილისში, ბინაში, ჩემი მიწის გარეშე, მალევე მოვკვდები”.

ოდიკო ჭაფნაძის თქმით, სოფელში მთავარი პრობლემა უმუშევრობაა. წუხს, რომ ანაკლიაში აკვაპარკის მშენებლობაზე ძალიან ცოტა ადგილობრივია დასაქმებული. მერე საუბარს პოლიტიკაზე იწყებს, ამბობს, რომ “კურიერს” ყოველდღე უყურებს და “ქვეყნის ამბები” იცის.

დიდხანს შევყევით ჭაფნაძეებში და ჩვენს მძღოლს თანდათან აღელვება დაეტყო. მას კიდევ ერთი გაჩერება განმუხურიდან გამოსვლისას, ქართული პოლიციის მესამე საგუშაგოზე მოუხდა: პოლიციელებმა პასპორტები შეამოწმეს და მანქანა დაათვალიერეს.

შლაგბაუმს უკან განჯარიის მუხური – იგივე განმუხური, კონფლიქტის ზონის სოფელი დაგვრჩა. ჩვენ კი უკან, ზუგდიდისკენ ავიღეთ გეზი.

მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი