საზოგადოება

უნდა გახდეს თუ არა სავალდებულო მართლმადიდებლური რელიგიის სწავლება? [video]

4 თებერვალი, 2012 • • 1327
უნდა გახდეს თუ არა სავალდებულო მართლმადიდებლური რელიგიის სწავლება? [video]

ქართველ ადვოკატთა ერთი ნაწილი მოითხოვს, საქართველოს საჯარო სკოლებში სავალდებულო გახდეს რელიგიის – მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების სწავლება. ადვოკატთა მოსაზრებით, რელიგიის სასწავლო პროგრამა სინოდმა უნდა შეიმუშაოს და პედაგოგებიც მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში შეირჩნენ.

აღნიშნული მოთხოვნებით ადვოკატთა არასამთავრობო ორგანიზაციებმა – ”სიმართლის რწმენამ” და ”თავისუფალ ასოციაციათა კავშირმა” – რამდენიმე დღის წინ თბილისში აქციაც კი გამართეს.

ადვოკატი ზაზა ვაშაყმაძე აცხადებს, რომ საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლამდიდებელ ეკლესიას შორის 2002 წელს გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების (კონკორდატის) მიხედვით, სახელმწიფოს მხრიდან აღიარებულია მართლმადიდებელი რელიგიის სწავლების ვალდებულება სკოლებში. ადვოკატის თქმით, ამ ვალდებულებას სახელმწიფო უკვე 10 წელია არ ასრულებს.

”ზოგადი განათლების შესახებ კანონის მეთვრამეტე მუხლში წერია რელიგიის გამოხატვის თავისუფლებაზე. რელიგიის გამოხატვის თავისუფლება არ გულისხმობს მხოლოდ, რომ მე უფლება გამაჩნია მწამდეს. ეს გულისხმობს რელიგიის მიღებისა და გავრცელების უფლებას,” – ამბობს ადვოკატი ზაზა ვაშაყმაძე. მისივე მტკიცებით,  ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეცხრე მუხლში წერია, რომ ბავშვსა და მშობელს უფლება აქვთ, მოითხოვონ რელიგიური განათლების მიღება.

”აქ საუბარი მიდის მოსახლეობის 90%-ის ინტერესების გათვალისწინებაზე. თქვენ როგორ ფიქრობთ, მორწმუნე პიროვნება ზნეობრიობის თვალსაზრისით უფრო პატიოსანია თუ მოათეისტო, არამორწმუნე და აქედან გამომდინარე, არაფრისმცოდნე?!” – ამბობს ადვოკატი, საეკლესიო სამართლის მაგისტრი ზაზა ვაშაყმაძე.

ადვოკატის თქმით, რელიგიის სწავლებაში იგულისხმება როგორც რელიგიის ისტორიის, ისე ღვთისმეტყველების სწავლება და ასევე, დასაშვებად მიაჩნია სხვა აღმსარებლობის სკოლის მოსწავლეებისთვის მათთვის სასურველი რელიგიის შესწავლა.

”ჩვენ მართლამდიდებელი ეკლესიის ინტერესებიდან გამომდინარე ვსაუბრობთ, გამოვიდნენ სხვები და ისაუბრონ სხვა რელიგიის ინტერესებზე,” – აცხადებს ადვოკატი.

ადვოკატთა შორის, რომლებიც  საჯარო სკოლებში მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების სავალდებულო სწავლების შემოღებას ითხოვენ, არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი.

”ჩვენმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უნდა შექმნას პროგრამა, რომელსაც სინოდი დაამტკიცებს და ეს პროგრამა სავალდებულოდ უნდა ისწავლებოდეს ყველა ქართულ სკოლაში,” – განუცხადა ”ნეტგაზეთს” ზაზა ხატიაშვილმა.

კითხვაზე, მსგავს სიტუაციაში როგორ უნდა მოხდეს არამართლმადიდებელი მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინება, ზაზა ხატიაშვილი პასუხობს, რომ კანონით შესაძლებელი იქნება ისეთი რამის მოფიქრება, რომ თუ მათ უნდათ, შესაძლოა, რელიგიის გაკვეთილზე დასწრების ვალდებულება მოეხსნათ. ზაზა ხატიაშვილის მოსაზრებით, თუ ადამიანს ბავშვი ქართულ სკოლაში შეჰყავს, ამ ბავშვმა უნდა ისწავლოს როგორც ქართული ენა, ისე რელიგია, კულტურა და ა.შ.

საჯარო სკოლებში რელიგიის, როგორც ღვთისმეტყველების სწავლება დაუშვებლად მიაჩნია საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელს, ბექა მინდიაშვილს.

ბექა მინდიაშვილის მოსაზრებით, საჯარო სკოლებში რომელიმე დომინანტური რელიგია არ უნდა ისწავლებოდეს, რადგან ეს იქნება დისკრიმინაცია, უთანასწოორ მოპყრობა მათდამი, ვინც არ განეკუთვნებიან ამ კონკრეტულ რელიგიას, ამ შემთხვევაში, მართლამდიდებლობას.

”თუ დღევანდელ სურათს შევაფასებთ, დღესდღეობით არ არის გადაწყვეტილი, რა ფორმით და როგორ უნდა ისწავლებოდეს რელიგია სკოლაში. რელიგიის შესახებ მონაცმები გაბნეულია ისტორიის სახელმძღვანელოებში. რელიგიური ტექსტები გვხვდება ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოში, მაგრამ რელიგია რა ფორმით უნდა ისწავლებოდეს, სავალდებულო საგნად უნდა ისწავლებოდეს, თუ არჩევითად, ეს გადაწყვეტილი არ არის. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ რელიგიის ისტორიას, რომელიც მოიცავს ყველა ძირითადი რელიგიური მიმდინარეობის შესახებ სწავლებას,” – უთხრა ”ნეტგაზეთს” ბექა მინდიაშვილმა.

მისივე თქმით,, საჯარო სკოლებში აკადემიურ დროს რომელიმე რელიგია არ უნდა ისწავლებოდეს. ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია არააკადემიურ დროს, არჩევითად და ისიც იმ შემთხვევაში, თუ სწავლება იქნება ყველა ძირითადი რელიგიური მიმდინარეობის შესახებ და არა რომელიმე კონკრეტულის.

ბექა მინდიაშვილს, ასევე, დაუშვებლად მიაჩნია სასწავლო პროგრამის შექმნის პროცესში სასულიერო პირების ჩართვა. მისი მოსაზრებით, ერთადერთი, რაც ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს მისაღები, ეს არის ის, რომ ყველა რელიგიური გაერთიანება იყოს ჩაბმული არა პროგრამის შემუშავებაში, არამედ პროგრამის შეფასებაში, თუკი მსგავსი პროგრამა მომზადდება.

”კონსტიტუციური შეთანხმება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის (კონკორდატი) არამც და არამც არ ითვალისწინებს იმას, რომ აკადემიურ პერიოდში იყოს შესაძლებელი მართლმადიდებელი  ეკლესიის მონაწილეობა სასწავლო პროცესში. იქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ შესაძლებელია განხორციელდეს ერთობლივი პროგრამები და თუკი იქნება მართლმადიდებლური თეოლოგიის ან ისტორიის შესახებ სწავლება, ეს იყოს მხოლოდ და მხოლოდ არჩევითი. ანუ, თუკი სურვილი აქვს მოსწავლეს, შეუძლია აკადემიური საათის მიღმა მოითხოვოს ამ საგნის სწავლება დამატებით და არავითარ შემთხვევაში აკადემიურ პერიოდში. ოღონდ, მსგავსი უფლება უნდა ჰქონდეს ნებისმიერი სხვა აღმსარებლობის ადამიანს, ან თუნდაც ათეისტს,” – უთხრა ”ნეტგაზეთს” ბექა მინდიაშვილმა.

ადვოკატთა ჯგუფმა, რომელმაც საჯარო სკოლებში რელიგიის სავალდებულო სწავლებას ითხოვს, ასევე, მოითხოვა მართლმადიდებლური ჯვრისწერის სამართლებრივი გათანაბრება სამოქალაქო წესით ქორწინებასთან. ამ მოთხოვნებით ადვოკატებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძესაც მიმართეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი