საზოგადოება

ანალიზი და რეკომენდაციები კომუნიკაციების კომისიაზე

31 იანვარი, 2012 • 1291
ანალიზი და რეკომენდაციები კომუნიკაციების კომისიაზე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციამ  “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფორმირების წესი და უფლებამოსილების ფარგლების” სამართლებრივი ანალიზი წარმოადგინა.

სამართლებრივი ანალიზის მიზანს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფორმირების წესის, კომისიონერის კანდიდატის შერჩევისას კანონის მოთხოვნათა სისრულის გამოკვლევა და იმ ხარვეზების გამოვლენა იყო, რომელსაც კომისიის საქმიანობის წესი შეიცავს.

16 რეკომენდაცია წარმოადგინა სამართლებრივი ბაზის ანალიზის შემდეგ საიამ 31  იანვარს   სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში”, სადაც ამ საკითხის განხილვა მოეწყო.

კომისიონერობის კანდიდატის წარდგენა არ უნდა ხდებოდეს პრეზიდენტის მიერ ერთპიროვნულად, მიაჩნია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას. ორგანიზაციის აზრით,  საქართველოს პარლამენტთან შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ,  რომელიც სახალხო დამცველის 2 წარმომადგენლითა და მედიასაკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული, განხილვის შემდეგ უნდა წარუდგინონ კანდიდატები პარლამენტს.

საიას რეკომენდაცია ასევე ეხებოდა კომისიის წევრობის  კანდიდატისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით მხოლოდ ორ ასპექტს– საზოგადოებრივ აღიარებასა და უმაღლეს განათლებას– გულისხმობს.

კვლევის ავტორმა, ნათია კაპანაძემ აღნიშნა, რომ ვინაიდან კომიის წევრს სამართლებრივ და ტექნიკურ საკითხებთან უწევს მუშაობა, სპეციალიზებული განათლებაც უნდა ჰქონდეს ამ კუთხით და მხოლოდ უმაღლესი განათლება არ არის საკმარისი, რომელიც პიანისტსაც შეიძლება ჰქონდეს.

რეკომენდაციების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს ასევე წარმოადგენდა მოქალაქეების  ჩართულობა კომისიის საქმიანობაში, კერძოდ კი, მათი მონაწილეობა კომისიის წევრის  თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხში. საიას მოსაზრებით, ასეთი აქტივობა შეიძლება იყოს, მაგალითად,  20 ათასი მოქალაქის ხელმოწერა კომისიის ამა თუ იმ წევრის იმპიჩმენტის დაწყების თაობაზე.

ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, განხილვის მთავარ თემას  კომისიის ანგარიშვალდებულების საკითხი  წარმოადგენდა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წინაშეა ანგარიშვალდებული. ეს ანგარიშვალდებულება გამოიხატება კომისიის მხრიდან მათთვის წლიური ანგარიშის  წარდგენით.

საიას რეკომენდაციით კი საჭიროა შეიქმნას მექანიზმი, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს კომისიას ისე, რომ არ მოხდეს მის საქმიანობაში ჩარევა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი კახი ყურაშვილი აღნიშნავს, რომ წინააღმდეგობრივია საიას მიერ წარმოდგენილი სამართლებრივი ანალიზის მიზნები და ეს კონკრეტული პუნქტი ერთმანეთთან:

“მთელი მსჯელობაა შემოთავაზებული, კომისიის ფორმირების ახალი ვარიანტია შემოთავაზებული, რომ კომისია რაც შეიძლება დამოუკიდებელი იყოს პარლამენტისგან და პრეზიდენტისგან, ამის შემდეგ ვკითხულობთ, რომ პარლამენტმა ანგარიშის მოსმენის შემდგომ უნდა შეიმუშაოს რეკომენდაციები, რომელიც კომისიისთვის იქნება სავალდებულო.  დღეს პარლამენტს ამის უფლებამოსილება არ აქვს, კომისია გადაწყვეტილებებს ღებულობს დამოუკიდებლად. იმ რეგულირებაში, რაც არსებობს, კიდევ ჩარევა პარლამენტის მხრიდან სავალდებულო რეკომენდაციების მოცემის თვალსაზრისით, ვფიქრობ,  დამოუკიდებლობის გაძლიერებასთან დაკავშირებული დიდად არ უნდა იყოს”

ამ შენიშვნას გამოეხმაურა საიას იურისტი  თამარ კორძაია, რომელმაც გაიხსენა კომუნიკაციების კომისიის მხრიდან საზოგადოებრივი აზრის კვლევის გაჭიანურება და აღნიშნა, რომ “შეიძლება ასე წლები  გაგრძელდეს და არავინ ამაზე პასუხისმგებელი არ იქნება. ასეთ დროს პარლამენტს რაღაც ფორმით უნდა შეეძლოს ჩარევა, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ერთ–ერთი ნორმალური ფორმაა” –აღნიშნა იურისტმა.

კახა ყურაშვილი აღნიშნავს, რომ ასეთ დროს ბერკეტი სასამართლოში ჩივილია, რომ კომისიის ეს შემადგენლობა არღვევს კანონს და არა კანონმდებლობაში ახალი რეგულაციების შემოღება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორმა,  ეკატერინე ფოფხაძემ აღნიშნა, რომ საიას რეკომენდაცია მიმართულია ეფექტურობაზე და არა 3–ინსტანციან დავაზე, რომელიც დროში გაწელილია.

ამ რეკომენდაციას ასევე არ ეთანხმება რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნათია კუპრაშვილი:

“პარლამენტის როლის გაძლიერებამ მარეგულირებელთან დაკავშირებით შესაძლოა დააკნინოს მარეგულირებლის დამოუკიდებლობა. აგრეთვე, შესაძლებელია მუშაობდეს სხვა მექანიზმები, რამდენად დამოუკიდებელია მარეგულირებელი. აქვთ თუ არა კომისიის წევრებს ინტერესთა კონფლიქტი, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ზოგადად პარლამენტის ჩარევა ნაკლებად დამოუკიდებელ მარეგულირებელს ნიშნავს. სასამართლოს გარდაც შეიძლება იყოს სხვა მექანიზმი, მაგრამ ეს არ იყოს პარლამენტის როლის გაზრდა.”

კვლევის ავტორი იურისტი ნათია კაპანაძე აღნიშნავს, რომ საიას რეკომენდაცია პარლამენტის მარეგულირებლის საქმიანობაში ჩარევისკენ არ იყო მიმართული:

“სავალდებულო რეკომენდაციების გაცემას ძალიან  პრობლემურად ვერ აღვიქვამთ.  ჩვენ ვთვლით, რომ კომისია უნდა იყოს დამოუკიდებელი, მაგრამ მას უნდა  ჰქონდეს პასუხისმგებლობაც. დამოუკიდებლობა და პასუხისმგებლობა ერთმანეთს არ გამორიცხავს, პასუხისმგებელი არის პარლამენტისა და პრეზიდენტის წინაშე. ჩვენ ვთვლით, რომ კომისიის მხრიდან პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს საზოგადოების წინაშე.”

ყურაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს წარმოდგენილ ანალიზში  არ ყოფილა კომისიის კრიტიკა, იყო კანონმდებლობის კრიტიკა, ამ შემთხვევაში ადრესატი პარლამენტია და არა კომისია. საიას იურისტ თამარ კორძაიას თქმით კი, ამ ეტაპზე პარლამეტის მონაწილეობა აუცილებელი არ იყო, რადგან დღევანდელი შეხვედრა მოსაზრებების გაცვლას ემსახურებოდა, რის შემდეგაც სამოქალაქო სექტორი პარლამენტისადმი  მიმართვის დროს  გაცილებით მყარი იქნება თავის პოზიციებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი