საზოგადოება

თიანეთში [Video]

29 დეკემბერი, 2011 • 1656
თიანეთში [Video]

სოფელ ტუშურებთან, თიანეთისკენ გზაზე, რამდენიმე ადამიანი დაგვემგზავრა. მგზავრები თიანეთის საავადმყოფოში მუშაობენ. ახალი საავადმყოფოს შენობა რამოდენიმე თვის წინ აშენდა, მაგრამ ჯერ არ გახსნილა. როგორც ამბობენ, რომელიმე მნიშვნელოვან პირს ელიან, რომელიც მოიცლის, ჩამოვა და შენობაც საზეიმოდ გაიხსნება.

პოლიციის ახალი, გამჭვირვალე შენობა ცენტრში, “მრგვალთან” (ცენტრალურ მოედანზე) ააშენეს და უკვე გახსნეს. მანამდე მის ადგილას ძველი უნივერმაღის შენობა იდგა. უნივერმაღის შენობაში თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი იყო განთავსებული. პოლიციის შენობის საჩქარო წესით ასაშენებლად ძველი უნივერმაღის შენობა დაანგრიეს და მისი დანგრევის შესახებ მუზეუმის თანამშრომლებს ერთი დღით ადრე ამცნეს. უთხრეს, რომ შენობა სასწრაფოდ უნდა დაეტოვებინათ. მაცხოვრებლებს მოსწონთ პოლიციის ახალი შენობა, ზოგი ამაყობს კიდეც ახალი, თანამედროვე ნაგებობით.

თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს წელს სამოცი წელი უსრულდება. ამ ხნის მანძილზე თიანეთში ბევრი რამის აშენებაც მოასწრეს და დანგრევაც, მაგრამ მუზეუმს საკუთარი შენობა არასდროს ღირსებია. ხან რომელი დაწესებულების გათავისუფლებულ შენობაში შეუშვებდნენ, ხან – რომლის. ამჟამად ყოფილი სასამართლოს შენობა დაუთმეს.

მუზეუმი არეული დაგვხვდა. უნივერმაღის შენობის დანგრევა იმდენად საჩქარო აღმოჩნდა, რომ ექსპონატები სასწრაფოდ ფარდებში გაახვევინეს და აქ გადმოატანინეს, ამიტომ თანამშრომლებმა ჯერ კიდევ ვერ მოასწრეს ყველაფრის დახარისხება. მუზეუმში, ძირითადად, თიანეთში და მის მიმდებარე ტეროტორიებზე მოგროვებული ისტორიული მასალებია – ანტიკური ხანიდან დღემდე. წარმოგვიდგენს აქაური ხალხის ცხოვრების წესს. აქ როგორც საყოფაცხოვრებო, რელიგიური დანიშნულების ნივთებია, საბრძოლო იარაღები, ასევე, დიდი რაოდენობის ლიტერატურა, რომელიც მე-19 საუკუნის შუა ხანების და მე-20 საუკუნის დასაწყისის თიანეთის მაცხოვრებლებს ეკუთვნოდათ. აქვთ გასული საუკუნის თიანეთის საკმაოდ დიდი ფოტომასალა, მე-20 საუკუნის დასაწყისის იშვიათი წიგნები.

დღეს ამ ყველაფერის მოვლა-პატრონობა მუზეუმის ხუთ თანამშრომელზეა დამოკიდებული, რომლებიც სანაცვლოდ ძალიან დაბალ ხელფასს იღებენ. აქვე დგას შეშის ღუმელი, რომელიც ერთ პატარა ოთახს თუ გაათბობს და სველი შეშა. თანამშრომლები იმითაც კმაყოფილები არიან, რომ შენობა გარედან იკეტება. თუმცა, არც ეს შენობაა მუზეუმის საკუთრებაში და სამომავლოდ, თუ შენობას რაიმე უფრო “მნიშვნელოვანი” დანიშნულება მოუძებნეს, ექსპონატებს სადმე სხვაგან გადაიტანენ. ასეა უკვე სამოცი წლის მანძილზე.

გზაზე ბავშვები შეგხვდნენ, პლაკატებით. წელს თიანელი ლევან კბილაშვილი “ჯეოსტარის” ფინალში გავიდა და გულშემატკივრობდნენ. აქ, ზამთარში ტელევიზორის ყურების გარდა, კიდევ რითი შეუძლიათ ბავშვებს გაერთონ?

თამაზ ზაველურს სამხატვრო სახელოსნო აქვს გახსნილი, სადაც ხატვის გარდა ფერწერას, გრაფიკას, ხაზვას, ძერწვას, დიზაინს, ხატვის ისტორიას ასწავლის. თავიდან ბავშვები ბევრნი იყვნენ, მაგრამ ახლა აღარ არიან. ამიტომ პარალელურად სპორტ-დარბაზში მუშაობს.

“სპორტ-დარბაზი” ერთ-ერთი გარემონტებული შენობაა თიანეთში. აქ ფეხბურთელი ბიჭები ვნახეთ, რომლებიც აქტიურად ვარჯიშობენ. ისინი რეგიონალურ შეჯიბრებებში მონაწილეობენ და როგორც მწვრთნელმა გვითხრა, წარმატებითაც. ამ დარბაზის გვერდით საჭიდაო დარბაზია.

კულტურის სახლიც გარემონტებულია. აქ ეწყობა ყველა სახის კულტურული ღონისძიება: ფილმის ჩვენებები, კონცერტები, სპექტაკლები, ცირკი და ა.შ. მაგრამ არც თუ ისე ხშირად. ჩვენ მოცეკვავეები დაგხვდნენ. პირველ სართულზე, დარბაზში ქართულ ცეკვებს ასწავლის საკმაოდ მკაცრი ქორეოგრაფი. მეორე სართულზე, პატარა ოთახში, მომღიმარი ახალგაზრდა ქალბატონი ლათინო-ამერიკული და სამეჯლისო ცეკვების დაუფლებაში ეხმარება ბავშვებს. თუ სპორტ-დარბაზში ძირითადად ბიჭები ვნახეთ, აქ უფრო გოგონები არიან.

მაცხოვრებლები კამერასთან მორიდებულები არიან. ზოგს ჰგონია, რომ ცუდად გამოიყურება, ზოგს ეშინია, რამე არ წამოსცდეს. უმუშევრებიც და პენსიაზე მყოფი ადამიანებიც არჩევენ არაფერი სთქვან.

“აბა, მე რა უნდა გითხრაო” – გეტყვიან მარტივად, თითქოს იმისთვის არ ჩახვედი, რომ სწორედ მათი აზრი მოგესმინა. მორგებული აქვთ საკუთარი “უმნიშვნელობა” და რომც არ მოსწონდეთ, მაინც ასე “წყნარად” ურჩევნიათ ყოფნა.

“როგორ ცხოვრობთ?” და მსგავს კითხვებზე ეცინებათ – აბა, ეგ რა საკითხავიაო. თითქოს ყველამ ყველაფერი ისედაც იცის და თქმა რა ხეირი? ვისაც მაღაზია აქვს ან რაიმე მცირე საწარმო, ისინი სხვებს შრომის უუნარობაში სდებენ ბრალს: “შრომა არ უყვართ და ლოთობენ, მაგათ საიდან ფული?!’’ ზოგი ძველ დროს მისტირის, ისევ ის ჯობდაო. მაგრამ დღევანდელ პრობლემებზე არ უყვართ ლაპარაკი, რადგან “ყველამ ისედაც ყველაფერი იცის”.

მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი