საზოგადოება

კობა სუბელიანმა 2011 წელი შეაჯამა

28 დეკემბერი, 2011 • 1248
კობა სუბელიანმა 2011 წელი შეაჯამა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას 2011 წელს სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტები წარადგინა და 2012 წლის გეგმებზე ისაუბრა.

2011 წლის ყველაზე მნიშვნელოვან პროექტებად მინისტრი წყალტუბოში, ფოთსა და ბათუმში დასრულებულ მშენებლობებს მიიჩნევს, რომლებიც დევნილებს გადაეცა. ასევე, იმ სარემონტო სამუშაოებს, რომელიც სამინისტრომ დევნილთა  კომპაქტური საცხოვრებლების გარემონტების თვალსაზრისით და ყოფილი დაწესებულებების რეაბილიტაციის კუთხით გაწია.

სულ 500 000–ზე მეტი ადამიანია დევნილი  აფხაზეთიდან, სამაჩაბლოდან და ცხინვალის რეგიონიდან,  აქედან 261 397 ცხოვრობს საქართველოში, დანარჩენი კი ქვეყნის საზღვრებს გარეთ. 261 397 ადამიანი 88 977 ოჯახად ნაწილდება. ამ ოჯახებიდან სამინისტრომ 2011 წელს ახალი საცხოვრებელი ფართით 28 000 ოჯახი დააკმაყოფილა.

თბილისში 279 კორპუსი დაუკანონდა დევნილებს, რეგიონებში – 375, სულ 654 კორპუსის დაკანონება მოხდა. საბოლოო ჯამში, 22 833 ოჯახს ბინა გადაეცა, 5 517 ოჯახს კი, თანხა – 10 000 დოლარის ოდენობით.

ფართით დაკმაყოფილება კომპაქტურობის მიხედვით ხდება. პირველ რიგში, ისეთი დევნილების დაკმაყოფილება ხდება, რომლებიც კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში ცხოვრობენ, რომელთა ფართის დაკანონება ვერ ხერხდება, ინგრევა და რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. მომდევნო ეტაპი კერძო სექტორის დაკამყოფილებაა, რომელთაც ისეთი დევნილები განეკუთვნებიან, ვინც შეიძინა ფართი, ან ნათესავთან ცხოვრობს. საქართელოში 54 456 კერძოდ დასახლებული დევნილთა ოჯახია.

სამინისტრომ სამუშაოები გაწია გამრიცხველიანების კუთხითაც,  თბილისში დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში  12 000 ოჯახი სარგებლობს ინდივიდუალური მრიცხველით, რაც, მინისტრის განცხადებით, გადახარჯვის შანსს  და მეზობლებთან  კონფლიქტის ალბათობას  გამორიცხავს. ასევე, მოხდა გაზიფიკაცია დევნილთა დასახლებაში.

სამინისტრომ სოფლად შეიძინა სახლები, რომლებიც იმ დევნილებს გადაეცათ, ვისაც სოფლად ცხოვრების გამოცდილება აქვს. 68 ოჯახი ამ ალტერნატივით დაკმაყოფილდა.

რაც შეეხება  2012 წლის გეგმებს,  სუბელიანის განცხადებით, განხორციელდება 10 000 დევნილთა ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.

ოპტიმიზაციის შედეგად ჯანდაცვის სამინისტრომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს რამდენიმე შენობა გადასცა. კობა სუბელიანის განცხადებით, შენობები გარემონტდება და დევნილებს გადაეცემა.

სარემონტო სამშენებლო სამუშოებისთის, ახალი მშენებლობისთვის  და ჯანდაცვის ობიექტების რემონტებისთვის სამინისტროს ბიუჯეტი 100 000 000 ლარია.  თანხა სამინისტროში შესულია, როგორც საბიუჯეტო დაფინანსებით, ისე გრანტებითა და დონორებით.

მიუხედავად იმისა, რომ ლტოლვილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება და მათთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა განხორციელდა, თავად დევნილთათვის პრობლემად რჩება დასაქმება და გარემოსთან ადაპტირება, რომელშიც მათ უწევთ ცხოვრება. მადონა ვეკუას სოფელ ფოცხო–ეწერში გამოუყვეს ფართი, თუმცა, დევნილის განმარტებით, იქ დასაქმების არავითარი პირობა არ არსებობს.

კობა სუბელიანმა აღნიშნა, რომ დასაქმება პარალელური რეჟიმის პრობლემაა, თუმცა ამ ეტაპზე სამინისტროსთვის პრიორიტეტულია, ადამიანს საცხოვრებელი ფართი ჰქონდეს.

მინისტრი აღნიშნავს, რომ დასაქმების გამო ისეთი ქალაქები შეირჩა, სადაც მეტი პოტენციალი არსეობს:

“ფოთში დასახლებული ადამიანები ჩასვლისთანავე დასაქმდნენ, რაც მათ ჩვენი დახმარების გარეშე შეძლეს, თუმცა ეს ზღვაში წვეთია, მაგრამ ქალაქის პოტენციალი მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ, და ჩვენც გვაქვს გარკვეული პროექტები.”

მინისტრმა დასაქმების ალტერნატიულ სახედ წარმოადგინა სოფლებში შეძენილი სახლების პოტენციალი.

“სოფლის სახლს ახლავს თავისი სასიმინდე, ძროხების სადგომი და სახნავ–სათესი მიწა, ფაქტობრივად, აწყობილი ინფრასტრუქტურა. ერთი წლის შემდეგ ის ადამიანები  იმდენად დამოუკიდებლები არიან, რომ დახმარება აღარავის ესაჭიროება. “

თუმცა სოფლად დასახლებული  ოჯახების რაოდენობა მხოლოდ 68 ოჯახით განისაზღვრება.

სუბელიანი ამბობს, რომ დასაქმების თვალსაზრისით სამინისტრომ განახორციელა გაეროს სასურსათო პროგრამა, რის ფარგლებშიც დარიგდა ქათმები, კურდღლები, ცხვრები, იმითვის, რომ ადამიანებმა გაამრავლონ და შემოსავლის წყაროდ აქციონ ეს პოტენციალი. მინისტრის განცხადებით, ოჯახთა გარკვეულმა ნაწილმა ეს პოტენციალი გამოიყენა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც ერთჯერადად მოიხმარა ეს რესურსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი