საზოგადოება

რით განსხვავდება უფასო აცრა ფასიანისაგან

6 დეკემბერი, 2011 • 11192
რით განსხვავდება უფასო აცრა ფასიანისაგან

პოლიკლინიკებში მისულ ზოგიერთ მშობელს ექიმები სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული რამდენიმე დაავადების წინააღმდეგ არსებული უფასო აცრების პარალელურად ფასიან ვაქცინაციას სთავაზობენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უფასო აცრა არაეფექტურია.

„პოლიკლინიკის ექიმმა მირჩია, თუ ფინანსური შესაძლებლობა მქონდა, ფასიანი აცრა გამეკეთებინა ჩემი ორი თვის შვილისთვის.“ –ამბობს ეკა მაჩაიძე.

ეკამ არ იცის, ზუსტად რა განსხვავებაა უფასო და ფასიან ვაქცინებს შორის, თუმცა ამბობს, რადგან ურჩიეს, უკეთესია.

ჩაჩავას სახელობის სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექიმი–ინფექციონისტი, ქეთევან ავალიანი,  რომელიც ე.წ ფასიან აცრებს თავადვე უკეთებს ბავშვებს, ამბობს, რომ საკუთარ შვილიშვილები სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული უფასო ვაქცინით აცრა.

„რაც არ უნდა კომფორტული იყოს ეს ფასიანი აცრები, ვფიქრობ, მაინც ძვირადღირებულია. ამიტომ რისი საშუალებაც გვქონდა, იმით ავცერით. გვერდითი მოვლენებიც არ ჰქონია მწვავე,“–ამბობს ავალიანი.

რით განსხვავდება უფასო აცრა ფასიანისაგან?

დაახლოებით 140 ლარის ღირებულების ერთი ვაქცინა, რომელსაც ბავშვებს ორი თვის ასაკიდან უკეთებენ, ექვსი დაავადების (დიფტერია, ყივანახველა, ტეტანუსი, ჰეპატიტი B, ბ ტიპის ჰომოფილუს ინფლუენცა და პოლიომიელიტი) საწინააღმდეგო კომპონენტს მოიცავს.

ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის აუცილებელი ე.წ. უფასო ვაქცინა კი, 140 ლარის ღირებულების ვაქცინისგან განსხვავებით, ერთ–ერთი დაავადების, პოლიომიელიტის  საწინააღმდეგო კომპონენტს არ შეიცავს.

პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინა სახელმწიფო უფასო პროგრამის ფარგლებში ცაკლე, სითხის ენაზე დაწვეთების ფორმით კეთდება.

ენაზე დასაწვეთებელი პოლიომიელიტის ვაქცინას, რომლის ათდოზიანი ერთი ამპულის შემოტანაც, 2010 წლის მონაცემით, ტრანსპორტირების ხარჯების გარდა, სახელმწიფოს 1.65 აშშ დოლარი დაუჯდა, „ცოცხალ“ (სადაც ვირუსები დახოცილი არ არის) ვაქცინას უწოდებენ. 140– ლარიან აცრაში შემავალი პოლიმიელიტის კომპონენტს კი– „მაღალგაწმენდილს“.

„ყველა ქვეყანა, რომელიც აწარმოებს მაღალგაწმენდილ ვაქცინებს, ძალიან დიდ თანხებს ხარჯავს უსაფრთხო ვაქცინის შექმნაზე, რადგან იმისთვის, რომ ვაქცინა იყოს დაბალრეაქტოგენული (უსაფრთხო) და მაღალიმუნოგენური (მყარი და ხანგრძლივი იმუნიტეტი), ის გადის უამრავ ფიზიკურ და ქიმიურ პროცესს, გამოიყენება მაღალი ტექნოლოგიები, რაც ქვეყანას საკმაოდ ძვირი უჯდება. აქედან შეიძლება ლოგიკური დასკვნის გამოტანა: მაღალგაწმენდილი ვაქცინა ძვირია და პირიქით,  დაბალგაწმენდილი – იაფი. ვაქცინის გასუფთავება პირდაპირპროპორციულ კავშირშია მის ფასთან.“– აღნიშნავს პედიატრი, ინფექციონისტი, რეანიმატოლოგი და ამჟამად ფარმაცევტული კომპანია ჯი –პი სი–ს ვაქცინოლოგიისა და იმუნიზაციის ცენტრის ხელმძღვანელი მანანა აბრამიძე.

ორივე ვაქცინა, ე.წ ფასიანი და უფასოც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ და ლიცენზირებულ ვაქცინათა ნუსხაში შედის. მათ შორის განსხვავება აცრების რაოდენობაში და შესაძლო გვერდითი მოვლენების სიმცირეშია. აგრეთვე, ნაკლები რაოდენობის ჩხვლეტა და მინიმუმამდე შემცირებული გვერდითი მოვლენა –ეს ის ძირითადი უპირატესობებია, რომელიც ფასიან აცრას ე.წ უფასო აცრისგან განასხვავებს.

რიგ შემთხვევებში, ვაქცინაციისაგან გამოწვეული მწვავე გვერდითი მოვლენების  გამო მეცნიერებმა უფრო სრულყოფილი პრეპარატები შექმნეს.

გვერდითი მოვლენები

თელავიდან თბილისში ჩამოსული ნათია გიორგობიანი და მისი ერთი წლის შვილი ე.წ. ჩაჩავას კლინიკის ვაქცინაციის კაბინეტთან დგანან.

ნათია ამბობს, რომ მის შვილ ორი თვის ასაკში, როდესაც თელავის პოლიკლინიკაში აცრეს, მაშინვე გვერდითი მოვლენები იმდენად მწვავედ გამოუვლინდა, რომ ბავშვი რეანიმაციაში მოათავსეს.

„როგორც მითხრეს, ციანოზი (კანისა და ლორწოვანი გარსების ლურჯი შეფერილობა, რომელიც დაკავშირებულია სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან ჟანგბადით სისხლის არასაკმარისი გაჯერების გამო) დაემართა.“ –ამბობს მშობელი.

ძლიერი გვერდით მოვლენები, ექიმების განმარტებით, ე.წ უფასო ვაქცინაში შემავალმა ყივანახველას კომპონენტმა გამოიწვია.

„იმის შემდეგ ისეთი შეშინებული ვარ, თბილისში წამოვიყვანე. მირჩევნია, ფასიანი აცრა გავუკეთო. როგორც ვიცი, გვერდითი მოვლენები არ აქვს. რამდენიმე საათი გავიდა, რაც ავცერი და ჯერ კარგად იტანს, ვნახოთ.“–ამბობს მშობელი.

გვერდითი მოვლენები ვაქცინაციის შემდეგ აქტიურად განსახილველი თემაა საქართველოში ფორუმებზეც. მშობლები საკუთარ გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებენ.

სრულუჯრედული ყივანახველას კომპონენტი, რომელიც ე.წ უფასო ვაქცინაშია, ექიმთა განმარტებით, ანტიგენების დიდ რაოდენობას შეიცავს. ე.წ ფასიან აცრაში კი დაახლოებით 95 %–ზე ნაკლები ანტიგენია. ანტიგენების რაოდენობა, ექიმთა განმარტებით, გვერდითი მოვლენების რისკს ზრდის.

ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექიმი–ინფექციონისტი ქეთევან ავალიანის თქმით, თუ ყივანახველას ჩვეულებრივ ვაქცინაში 3000 ანტიგენია, არასრულუჯრედულ ვაქცინაში ის 3 –მდეა დაყვანილი, რაც, მისივე თქმით, გვერდით მოვლენებს მინიმუმამდე ამცირებს.

ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს– ტემპერატურის მომატება, სიწითლე, შეშუპება, ტკივილი, გახანგრძლივებული ტირილი და ა.შ.

“გვერდითი მოვლენების არაუსაფუძვლოდ ეშინოდათ მშობლებსაც და ექიმებსაც არა მარტო ჩვენს  ქვეყანაში, არამედ მთელს მსოფლიოში. ეს გამოწვეული იყო ასოციირებულ ვაქცინებში მთლიანუჯრედული ყივანახველას მიკრობული კომპონენტის არსებობით. გვერდითი მოვლენები ფიქსირდებოდა როგორც ადგილობრივი, ასევე ზოგადი ხასიათის, არაიშვიათად იყო გართულებებიც ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან: აფებრილური კრუნჩხვები გონების დაკარგვით, ენცეფალოპათია არა მარტო გონების, არამედ ქცევის დარღვევით მიმდინარე, კოლაპტოიდური მდგომარეობა მიმდინარე მკვეთრი სიფერმკრთალით და ციანოზით, ადინამიით, არტერიული წნევის დაცემით, გონების დაკარგვით, განსაკუთრებით ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში, რაც ხდებოდა მიზეზი ბავშვთა ჰოსპიტალიზაციისა სტაციონარებში.“–ამბობს ინფექციონისტი მანანა აბრამიძე.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნატა ყაზახაშვილი მიიჩნევს, რომ ვაქცინაზე ზომიერად გამოხატული რეაქცია საშიში არ არის.

„ექიმებისა და მშობლების მხრიდან ჩარევას განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა, შესიება, ციანოზი და მსგავსი რექციები საჭიროებს.“–ამბობს ექიმი ნატა ყაზახაშვილი.

მაღალგაწმენდილი ვაქცინები, ნაკლები გვერდითი მოვლენებით, ევროკავშირის ქვეყნებში 2000 წლიდან გამოიყენება.

„საბჭოთა პერიოდში ყველა ვიცრებოდით რუსული წარმოების ვაქცინებით, მაგრამ 2004 წელს ჯანმომ რუსული წარმოების ვაქცინებს რეკომენდაცია არ მისცა. მე, როგორც სპეციალისტი, ვფიქრობ, რომ რუსული ვაქცინები თავისი ანტიგენური შემადგენლობით და ასევე, სისუფთავის და უსაფრთხოების ხარისხით ვერ აკმაყოფილებდა ჯანმოს მიერ დაწესებელ მკაცრ მოთხოვნებს.“–ამბობს ექიმი მანანა აბრამიძე.

ის ხუთკომპონენტიანი ვაქცინები, რაც დღეისთვის საქართველოში, პირველადი ჯანდაცვის ქსელში ანუ პოლიკლინიკებში უფასოდ არის ბავშვებისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული და ლიცენზირებულია, ხოლო ის ვაქცინები, რომლებიც პარალელურ რეჟიმში არსებობს კერძო სტრუქტურებში და რომელიც მშობელს 140 ლარი უჯდება (ვაქცინის თვითღირებულება დაახლოებით 115 ლარია), ექიმები ახალი თაობის ვაქცინებს უწოდებენ.

ექიმ ნატა ყაზახაშვილს მაღალტექნოლოგიურად შექმნილი ვაქცინები ფუფუნებად მიაჩნია.  „ადამიანს შიმშილი შეუძლია დაიკმაყოფილოს პურით და წყურვილი წყლით, ამავე დროს შიმშილის დაკმაყოფილება შეიძლება ძალიან იშვიათი ჯიშის ზუთხის ნაჭრით და განსაკუთრებული ჯიშის ხორბლისაგან გამომცხვარი პურით. თუმცა შედეგი ორივე შემთხვევაში მიღწეულია, შიმშილი დაკმაყოფილებული.“–ამბობს ყაზახაშვილი.

ერთნაირად იცავს თუ არა დაბალგაწმენდილი და მაღალგაწმენდილი აცრები ბავშვს დაავადებებისაგან, ზუსტი პასუხი, ექიმთა ნაწილის განმარტებით, ჯერ არ არსებობს. მაღალგაწმენდილი ვაქცინების მწარმოებელი კომპანიების ინფორმაციითა და ექიმთა ნაწილის თქმით, მაღალგაწმენდილი ვაქცინით აცრის შემთხვევაში პოლიმიელიტის სამივე ტიპის მიმართ ერთნაირად მაღალი იმუნიტეტი მიიღწევა, რაც „ცოცხალი“ ვაქცინის გამოყენების შემთხვევაში არ ხდება.

„ამბობენ, რომ შედეგის მხრივაც უფრო ეფექტურია ეს ფასიანი ვაქცინები, თუმცა ზუსტი კვლევები ჯერ არ არსებობს,“–ამბობს ინფექციონისტი ქეთევან ავალიანი.

„ამის მიუხედავად, ნებისმიერი ვაქცინით აცრილი ბავშვი მირჩევნია აუცრელ და დაუცველ ბავშვს, რადგან ვაქცინაციის შემდგომი გვერდითი მოვლენები ვერასდროს მიაყენებენ ისეთ ზიანს, რასაც თვითონ დაავადება.“–ამბობს პედიატრი, ინფექციონისტი, რეანიმატოლოგი, ამჟამად ფარმაცევტული კომპანია ჯი პი სი–ს ვაქცინოლოგიისა და იმუნიზაციის ცენტრის ხელმძღვანელი მანანა აბრამიძე.

ექიმები ამბობენ, რომ პოლიკლინიკაში მისულ მშობელს  აუცილებლად უნდა მიეცეს არჩევანის საშუალება.–შვილს ძვირადღირებული 140 –ლარიანი ვაქცინაცია ჩაუტაროს თუ სახელმწიფოს პროგრამით გათვალისწინებული აცრა, რომელიც უფასოდ ჩაუტარდება.

საქართველოში სასიკვდილო დაავადებების რიცხვი შემცირდა

გაეროს ბავშვთა ფონდის იუნისეფის უახლესი კვლევის თანახმად, საქართველოში უკანასკნელი ათლწლეულის მანძილზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა იმუნიზაციით მოცვა, რამაც ისეთი სასიკვდილო დაავადებების რიცხვი შეამცირა, როგორც, მაგალითად, წითელაა.

იმუნიზაციის პროგრამის დაფინანსებაში საქართველოს მთავრობის წილი 2005 წელს არსებული 19%-დან 2009 წელს 97%-მდე გაიზარდა. იმუნიზაციის ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინების ნაწილის შემოტანა საქართველოში ძირითადად იუნისეფის საშუალებით ხდება. ვაქცინების ნაწილით საქართველოს, ასევე, ვიშნევსკაია–რასტრაპოვიჩის ფონდი ეხმარება.

„მსოფლიოში მიღებულია პრაქტიკა, როცა განვითარებად ქვეყნებს განვითარებული ქვეყნები და საქველმოქმედო ფონდები ეხმარებიან ვაქცინებით უზრუნველყოფის კუთხით,“– ამბობს ინფქეციონისტი მანანა აბრამიძე.

გაეროს ბავშვთა ფონდის იუნისეფის ჯანდაცვის პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში თამარ უგულავა ამბობს, რომ მომავალი წლიდან საქართველოში იგეგმება როტავირუსის (მწვავე დიარეის) და პნევმოკოკური პნევმონიის (2013 წელს) ვაქცინების შემოტანა ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ამ დაავადებებისაგან გამოწვეული სიკვდილიანობის შესამცირებლად, რაც ასევე უფასო იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი