საზოგადოება

ახალი ინიციატივა ბაგა–ბაღებისთვის

7 ნოემბერი, 2011 • 5500
ახალი ინიციატივა ბაგა–ბაღებისთვის

2012 წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საბავშვო ბაღებში საგანმანათლებლო-სააღმზრდელო გეგმის და სხვა პროგრამების შემუშავების ვალდებულებას აიღებს.

კითხვაზე, იციან თუ არა, რა სასწავლო პროგრამით ასწავლიან მათ შვილებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში და რამდენად იქნებიან ისინი მზად სკოლაში სასწავლო ეროვნული გეგმის დასაძლევად, თბილისის ერთ–ერთი ბაგა–ბაღის მშობელი ამბობს: „რატომღაც მაგაზე არც მიფიქრია“.

ვინაიდან  დღესდღეობით საქართველოში არ არსებობს ერთიანი სასწავლო პროგრამა, საბავშვო ბაღები სხვადასხვა სასწავლო მეთოდოლოგიას იყენებენ.

თითოეული ბაგა–ბაღის მენეჯმენტის მიერ შემუშავებულ მეთოდებზე და რამდენიმე სარეკომენდაციო სახის სახელმძღვანელოზეა დამოკიდებული, თუ რა განათლებასა და უნარ–ჩვევებს შეიძენს ბავშვი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში.

2004 წელს ძალაში შესული „ზოგადი განათლების შესახებ კანონის“ თანახმად, სასწავლო პროცესი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენდებული საგანმანათლებლო პროგრამების, ზოგადი მეთოდიკის, სახელმძღვანელოებისა და დამხმარე ლიტერატურის შესაბამისად, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებას დამოუკიდებლად უნდა წარემართა.

აღნიშნული კანონმდებლობითვე, ბაღების განვითარების დონე დღეს მთლიანად მუნიციპალიტეტებზეა დამოკიდებული, ვინაიდან 2006 წლიდან საბავშვო ბაღები განათლების სამინისტროდან ადგილობრივი თვითმმართველობების დაქვემდებარებაში გადავიდა.

სწორედ ამის გამო უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში სკოლამდელი განათლების დაწესებულებებისათვის შექმნილი სარეკომენდაციო სახელმძღვანელოებიც საქართველოს მასშტაბით საბავშვო –ბაღებს არათანაბარ პირობებში აყენებს.

„სასწავლო–სააღმზრდელო პროგრამა თბილისის ბაგა–ბაღებისთვის“, –ასე ჰქვია ერთ–ერთ სახელმძღვანელოს, რომელიც მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისიდან თბილისის მერიამ თბილისის ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში შეიტანა.

გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით შექმნილი ახალი ყოველდღიური პროგრამა საბავშვო ბაღებისთვის  ბავშვის განვითარების სტანდარტებს ეფუძნება და აღსაზრდელების სოციალური, ემოციური, მეტყველების, ფიზიკური და შემოქმედებითი უნარების განვითარებას ისახავს მიზნად.

„უხეშად რომ ვთქვა, ამ სახელმძღვანელოებში გადაღეჭილია ყველა დეტალი– რა, როდის და როგორ უნდა გააკეთოს ბავშვმა ესა თუ ის აქტივობა. ასეთი კონკრეტული მეთოდოლოგია არასოდეს გვქონია. ძალიან გვეხმარება ეს პროგრამები“, –ამბობს თბილისის 45–ე ბაგა–ბაღის მეთოდისტი, ცისანა მელქაძე.

მეთოდისტი საბავშვო ბაღის თითოეულ ჯგუფში გვაჩვენებს, ასევე, ახალი სტანდარტების მიხედვით ოთახში მოწყობილი მათემატიკის, ბუნების, სპორტის, ხატვისა და სხვა სფეროების ცენტრებს.

თანამედროვე სარეკომენდაციო სტანდარტების მიხედვით, ბავშვს შეუძლია  სურვილისამებრ აირჩიოს ცენტრი და გარკვეული დრო კონკრეტული საქმიანობით დაკავდეს. მასწავლებლის ფუნქცია კი ისაა, რომ მივიდეს ამ ცენტრში და მეთვალყურეობა გაუწიოს, მისცეს მიმართულება, როგორ იმუშაოს. ამასთან,  მიაქციოს ყურადღება, რომ მთელი დღე ერთ ცენტრში არ იჯდეს, რაც განსხვავდება იქამდე არსებული სტანდარტებისგან, რომელიც ყველა ბავშვისთვის ერთი და იგივე სამუშაოს თუ დავალების შესრუელბას ითვალისწინებდა.

მეთოდისტი გვეუბნება, რომ აღნიშნული სტანდარტების მიხედვით, 3–5 წლის ბავშვს დროის აღმნიშვნელი სიტყვები–„დღე და ღამე, დღეს და გუშინ“ გააზრებული უნდა ჰქონდეს. 5–6 წლის ასაკის ბავშვი კი ამ სიტყვებს ადექვატურად უნდა იყენებდეს. მაგალითად, კითხვაზე, როგორი ამინდი იყო გუშინ, მას ადექვატური პასუხის გაცემა უნდა შეეძლოს.

თბილისის ბაგა–ბაღებისთვის შემუშავებული მეორე სარეკომენდაციო სახის სახელმძღვანელოს– „ბაგა–ბაღების მართვის სტრატეგია“(ასევე მხოლოდ თბილისის ბაგა–ბაღებისთვის გამოიცა), მიზანიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვის უფლებებსა და ინტერესებზე ორიენტირებული გარემოს შექმნაა.

ის არეგულირებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა– ბავშვის განვითარებისა და ჯანმრთელობისათვის საჭირო დოკუმენტაცია, კვება, ჰიგიენა, ჯანმრთელობის დაცვა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ინკლუზია, ოჯახის მონაწილეობა სააღმზრდელო პროცესში, ფიზიკური და სოციალური გარემო და ა.შ დოკუმენტის ბოლო თავი ასახავს ყველა ზემოთაღნიშნული საკითხის პრაქტიკაში განხორციელების სტრატეგიებს.

ერთიანი სახელმძღვანელო სტანდარტების შექმნის მიზნით, რამდენიმე თვის წინ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც საბავშვო ბაღების დირექტორებით, ილიას უნივესტიტეტის სკოლამდელი განათლების პროფესორებით, საქართველოს „პორტიჯის“ ასოციაციის, პედიატრთა ასოციაცის წარმომადგნელებით დაკომპელქტდა. ეს ის ორგანიზაციებია, რომლებიც მუშაობდნენ სკოლამდელი განათლებისა და აღზრდის საკითხებზე და რომლებმაც შექმნეს რიგი სახელმძღვანელო დოკუმენტები. თუმცა ეს დოკუმენტები პრაქტიკაში გამოყენებული არ ყოფილა. ამ სამუშაო ჯგუფს უნდა გადაეხედა ყველა ამ დოკუმენტისთვის, უნდა გაეზიარებინა საერთაშორისო გამოცდილება და საბავშვო ბაღებისთვის ერთიანი სახელმძღვანელო დოკუმენტი უნდა შეემუშავებინა.

რაც შეეხება საქართველოს რეგიონებს, მათ ასეთი სახელმძღვანელოები ჯერ არ გააჩნიათ.

თუმცა 2010 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, იმის მიუხედავად, რომ ვალდებულება არ გააჩნდა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის სახელმძღვანელოები შეემუშავებინა, გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური დახმარებით „საბავშვო ბაღის აღმზრდელის დამხმარე სახელმძღვანელო“, „სკოლამდელი განათლების პროგრამა“ და „სკოლამდელი ასაკის ბავშვთა შეფასების ფორმა“ გამოსცა.  აღნიშნული სახელმძღვანელოების თითო ეგზემპლიარი სამინისტრომ რეგიონების ყველა ბაგა–ბაღს გადასცა.

„ბათუმის ბაგა–ბაღების გაერთიანების“ დირექტორის მოადგილე, ნინო კერვალიშვილი ამბობს, რომ ამის შემდეგ მოხდა პედაგოგთა მაქსიმალური რაოდენობის გადამზადება, იმისათვის, რომ სტანდარტების დოკუმენტი მათთვის კარგად ცნობილი ყოფილიყო. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ არსებული სახელმძღვანელოები მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს მათ გამოყენებას არ ავალდებულებს.

„ბათუმის 26–ვე ბაგა–ბაღი იყენებს ამ სახელმძღვანელოებს, თუმცა ეს არანაირად არ ზღუდავს თვითონ მასწავლებლის შემოქმედებას“, –აღნიშნავს კერვალიშვილი.

იუნისეფის მიერ საქართველოში 2007 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად შემუშავებულ რეკომენდაციების მიხედვით, ყოველგვარი ძალისხმევაა საჭირო საქართველოში საბავშვო ბაღების პროგრამების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

იმის მიუხედავად, რომ 2007 წლის შემდეგ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გარკვეულწილად რამდენიმე სარეკომენდაციო სახელმძღვანელოს გამოცემის ინიციატორი იყო, სამინისტრომ საკანონმდებლო ინიციატივაც წარმოადგინა.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების კანონპროექტი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო გეგმისა  და სხვა პროგრამების შემუშავებას და მათი დანერგვის ხელშეწყობას” გულისხმობს, საქართველოს პარლამენტში 29 ოქტომბერს შევიდა.

ჯერჯერობით უცნობია, გამოიყენებს თუ არა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იმ სტანდარტებსა და მეთოდოლოგიას, რომელიც თბილისის ბაგა–ბაღებში მიმდინარე სასწავლო წლიდან უკვე შევიდა და დღესდღოებით ყველაზე სრულყოფილ მეთოდოლოგიადა და სტანდარტად ითვლება.

გარდა ამისა, 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმაშიც, რომელსაც პარლამენტი უკვე იხილავს, უკანასკნელი რვა წლის ბიუჯეტის მსგავსად, სკოლამდელი განათლებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები ასახული არ არის.

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრი, გოჩა თევდორაძე ნეტგაზეთთან საუბარში აღნიშნავს, რომ 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე დაახლოებით ორი თვეა დარჩენილი და თუ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ აიღო საკუთარ თავზე სკოლამდელი დაწესებულებებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ვალდებულება, მისი თქმით, ეს ბიუჯეტითაც იქნება გათვალისწინებული.

„საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისთვის საჭირო ფინანსებს აუცილებლად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაიღებს. ეს სამინისიტროს ფუნქცია უნდა ყოფილიყო ისედაც, ვინაიდან საგანმანათლებლო პოლიტიკას ქვეყანაში განათლების სამინისტრო უნდა განსაზღვრავდეს“,–ამბობს თევდორაძე.

კითხვაზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივა, შეიმუშაოს ბაგა–ბაღების საგანმანათლებლო პროგრამები, ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მომავალში, შესაძლოა ბაგა–ბაღები მუნიციპალიტეტებიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდეს, გოჩა თევდორაძე პასუხობს, რომ მსგავსი ცვლილება არ იგეგმება.

ამავე თემაზე:

სკოლამდელი აღზრდის ალილუია

მასალების გადაბეჭდვის წესი