საზოგადოება

ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების აუდიტის შედეგები

14 სექტემბერი, 2011 • 2153
ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების აუდიტის შედეგები

კონტროლის პალატის მონაცემებით, ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტაციისა და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამის დაუსაბუთებელი ფინანსური გაანგარშების გამო, სახელმწიფო ბიუჯეტს 2007–09 წლებში 14 მილიონი ლარის ზარალი მიადგა. იმუნიზაციის (ვაქცინაციის) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კანონდარღვევით განხორციელებული შესყიდვებით კი სახელმწიფო ბიუჯეტს 1 778.9 ათასი ლარის ზარალი მიადგა.

ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების აუდიტის შედეგად კონტროლის პალატამ სისტემური ნაკლოვანებები გამოავლინა. აუდიტით გასულ წელს განხორციელებული სახელმწიფო პროგრამები იქნა შესწავლილი.

“საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სამედიცინო მომსახურებათა ღირებულება არ ემყარება დასაბუთებულ კალკულაციას, სამედიცინო ტარიფები გასული პერიოდის სტატისტიკას ეფუძნება. შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვები მნიშვნელოვანი გადაცდომებით ხორციელდება, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს დიდ ზარალს აყენებს”, –ასეთია კონტროლის პალატის დასკვნა.

ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტაციისა და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისობის აუდიტით, კონტროლის პალატამ დადგინდა, რომ 2007–09 წლებში პროგრამის ფინანსური გაანგარიშება დაუსაბუთებელი იყო.

“დიალიზის სეანსის ღირებულება – 90 ლარი, რომელიც 2009 წელს 121 ლარამდე გაიზარდა, უსაფუძვლოდ, ყოველგვარი გაანგარშების გარეშე იყო დადგენილი, რამაც საბიუჯეტო სახსრების უკონტროლოდ და არამიზნობრივად ხარჯვა გამოიწვია”, – ნათქვამია კონტროლის პალატის დასკვნაში.

სამინისტრო სადიალიზე მასალას კომპანია “ვია ვიტასგან” ყიდულობდა, რომელსაც ფასი ხელოვნურად ჰქონდა გაზრდილი. კერძოდ, ამ მასალის ღირებულება საქართველოში 60%–ით აღემატებოდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ფასებს.

კონტროლის პალატის მიერ აღმოჩენილი აღნიშნული დარღვევების შედეგად, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გასულ წელსვე დააკავა კომპანია “ვია ვიტას” დამფუძნებლები – კონსტანტინე ჩივჩიური, იოსებ მაისურაძე, მერაბ ანთაძე და დავით ხაბეიშვილი, რომლებსაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის194-ე მუხლის (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) მე-3 ნაწილით წარედგინათ.

კონტროლის პალატის ინფორმაციით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მათი რეკომენდაცია გაითვალისწინა, რის შემდეგაც გამოიცა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის # 442ნ ბრძანება. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, 2011 წლის პროგრამაში დიალიზის სეანსის ღირებულება 121 ლარის ნაცვლად 80 ლარით განისაზღვრა.

“აღნიშნული რეკომენდაციის შესრულებით  2011 წელს სახელწმიფო ბიუჯეტში 7 მილიონი ლარი დაიზოგა”, – აცხადებენ კონტროლის პალატაში.

კონტროლის პალატამ გასულ წელს იმუნიზაციის (ვაქცინაციის) სახელმწიფო პროგრამის აუდიტიც განახორციელა.

“სხვადასხვა წელს ვაქცინების მიწოდების პროცესში არაკოორდინირებული და შეუთანხმებელი ქმედებების გამო, ვაქცინების მოკლე პერიოდში გაუვარგისებით სახელმწიფომ 132.9 ათასი ლარი იზარალა”, – ნათქვამია კონტროლის პალატის დასკვნაში. ამას გარდა, კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ვაქცინების კანონდარღვევით განხორციელებული შესყიდვებით სახელმწიფო ბიუჯეტს 1 778.9 ათასი ლარის ზარალი მიადგა.

“წითელა–წითურა–ყბაყურა ვაქცინების შესაძენად გამოყოფილი ბიუჯეტი განზრახ იქნა მორგებული მომწოდებელი კომპანიის ამონაგებზე. შესყიდვები, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, დაიგეგმა იმგვარად, რომ ბიუჯეტი მთლიანად კომპანია “ნ ფარმი+”–ზე მიმართულიყო”, – ნათქვამია კონტროლის პალატის დასკვნაში.

აღნიშნული დარღვევების გამოვლენის შედეგად სამართალდამცავებმა გასულ წელს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კოკა ფრუიძე დააკავეს, რომელთანაც მოგვიანებით მთავარმა პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა.

კონტროლის პალატის ცნობით, მათ მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, შეძენილი იქნა 3 სხვადასხვა ვაქცინის წლიური მარაგები, რითაც საბიუჯეტო ხარჯების ეკონომიამ 2.6 მილიონი ლარი შეადგინა.

ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმართ კონტროლის პალატის ყურადღება გამახვილებულია, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებზე.

“აუდიტით გამოვლინდა მრავალი სისტემური ხარვეზი, რომელიც ლახავს პროგრამით მოსარგებლეთა ინტერესებს, მომსახურების შეზღუდული ხელმისაწვდომობისა და დაბალი ხარისხის გამო. პროგრამა არ არის ორიენტირებული რეალური შედეგების მიღწევაზე”, – ნათქვამია კონტროლის პალატის დასკვნაში.

კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის განკუთვნილი სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციართა ერთიანი ბაზა, ასევე, 2007–09  წლებში პროგრამა საბიუჯეტო წლის დაწყებიდან დიდი ხნის დაგვიანებით მტკიცდებოდა, ფერხდებოდა სახელწმიფო შესყიდვები, ბენეფიციართა დაფინანსება და პროგრამით უზრუნველყოფილი სიკეთეებით სარგებლობა და ა.შ.

ჯანმრთელობის დაცვის სახელწმიფო პროგრამების აუდიტის შესახებ ინფორმაცია ცალკე თავად არის გამოყოფილი საქართველოს კონტროლის პალატის მიერ 2010 წლის მანძილზე გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშში, რომელიც პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე იქნა წარდგენილი.

ანგარიშის შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში კონტროლის პალატამ 119 აუდიტი ჩაატარა, რის შედეგადაც სხვადასხვა სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის 869 შემთხვევა გამოვლინდა.

კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული აუდიტებით გამოვლენილმა სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულმა ზარალმა 29.3 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტს 8.7 მილიონი ლარი დაუბრუნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი