საზოგადოება

წიგნები 10 ლარამდე

24 აგვისტო, 2011 • 2479
წიგნები 10 ლარამდე

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი რეგულაციის მიხედვით, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სასკოლო წიგნების ფასი ათ ლარზე მეტი არ უნდა იყოს.

„12–13 ლარს ვიხდიდით თითოეულ წიგნში. მეოთხე კლასში ჩემს შვილს შვიდი წიგნი ჭირდებოდა. წელს მეტი გვექნება საყიდი. თუ მართლაც არ იქნება 10 ლარზე მეტი, დაახლოებით ერთი წიგნის ფული დაგვეზოგება. დიდი არაფერი შეღავათი, თუმცა სულ არაფერს ჯობს“, – ამბობს გიორგი აბულაძე.

პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა სახელმძღვანელო ახალი იქნება. წინა წლებში გამოცემული წიგნები კი მხოლოდ დამხმარე სახელმძღვანელოდ შეიძლება იყოს გამოყენებული.

ამასთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სადისტრიბუციო კომპანიებთან გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სასკოლო სახელმძღვანელოების ფასის ზედა ზღვარი 10 ლარი უნდა იყოს.

როდესაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დისტრიბუტორები სასკოლო სახელმძღვანელოების საკითხებთან დაკავშირებით მინისტრის მოადგილეს, კოკა სეფერთელაძეს შეხვდნენ, იქ იმყოფებოდა სადისტრუბუციო კომპანია შპს “ლამპარი 99”–ის დირექტორი, დავით ბარაბაძეც, რომელიც სასკოლო სახელმღვანელოებით მთელი აჭარის რეგიონს ამარაგებს. ამბობს, რომ სამინისტროს მითითება, არ გაყიდონ წიგნები 10 ლარზე მეტად, მისთვის მისაღებია.

„როდესაც სახელმწიფოებრვი აქციაა, პირად მოგებაზე აღარ ვლაპარაკობთ. მოგებას გამოდევნებული არ ვყოფილვართ არასდროს. რესპუბლიკას ვემსახურებით, განათლების საქმეს ვემსახურებით. ეს ისედაც მომგებიანია. მთავარია, ზარალში არ წავიდეთ და ვეცდებით, გამომცემლობების მიერ დაწესებული ფასები დაცული იყოს“, – ამბობს დავით ბარაბაძე, რომლის თქმით, მისი სადისტრიბუციო კომპანია განათლების სამინისტროსთან ჯერ კიდევ 1999 წლიდან თანამშრომლობს.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია წიგნი, რომელიც წინა წლებში 12–13–14 ლარი ღირდა, ათ ლარამდე გაიყიდოს და ამასთან, წიგნის ხარისხი არ გაუარესდეს, ბარაბაძე ამბობს, რომ გამომცემლებს შორის ბოლო წლებში გაზრდილი კონკურენციის პირობებში, სახელმძღვანელოების ხარისხი მხოლოდ უმჯობესდება და ყოფილი დსთ–ს ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში სასკოლო წიგნების ხარისხი საუკეთესოა.

„წელს, რადგან შეზღუდვაა ფასზე, შესაძლებელია, ზოგიერთ სახელმძღვანელოზე, რომელიც 15–16 ლარიც ღირდა, ვერ მოხერხდეს ფასის დაწევა და ამიტომ სამინისტროში შეხვედრის დროს შეთანხმება იქნა მიღწეული, რომ ასეთი ღირებულების წიგნი გაიყოფა ორ ნაწილად – იანვრამდე და იანვრის შემდგომ სასწავლი პროგრამით, რადგან ერთბაშად 15 ლარის გადახდა ძნელია. სექტემბრის, ოქტომბრის შემდეგ კი, მაგალითად, აჭარაში, სადაც კარგად ვიცნობ სიტუაციას, მშობლებს დამატებითი შემოსავალი უჩნდება, იქ ციტრუსი შემოდის, იქ თხილი, იქ ჩაის კრეფა მთავრდება“, – ამბობს სადისტრიბუციო კომპანიის ხელმძღვანელი.

სასკოლო სახელმძღვანელოების ორ ნაწილად გაყოფას უარყოფენ გამომცემლები.

„ამის შესახებ არაფერი მსმენია“, – ამბობს გამომცემლობა „დიოგენეს“ დირექტორი თამარ ლებანიძე.

გამომცემლობა „დიოგენე“ იმ ახალი სასკოლო სახელმძღვანელოებიდან, რომელზეც ფასის შეზღუდვა დაწესდა, წელს მხოლოდ ორს ბეჭდავს – მეხუთე და მეექვსე კლასების ისტორიის სახელმძღვანელოს, რომლის ფასები 8.50 ლარი და 9.50 ლარი იქნება.

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ ხელმძღვანელი თინათინ მამულაშვილი ამბობს, რომ მათ გამომცემლობაში სასკოლო წიგნების ფასები აქამდეც არ აღემატებოდა 10 ლარს.

„სასკოლო სახელმძღვანელობის 99%, 10 ლარზე ნაკლები ღირდა ყოველთვის. ახლა კიდევ უფრო გავაიაფეთ: მთელი კომპლექტი (წიგნი, სამუშაო რვეული და ტესტი ერთად) ათი ლარი გახდა“, – ამბობს გამომცემლობის ხელმძღვანელი.

ის, რომ წინა წლებში სასკოლო სახელმძღვანელოებზე შედარებით მაღალი ფასები იყო, ამაში გამომცემლები და დისტრიბუტორები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

გამომცემელთა თქმით, წიგნს მაღალ ფასს სწორედ დისტრიბუტორები ადებდნენ. სადისტრიბუციო კომპანიებში კი აცხადებენ, რომ 10 ლარზე მეტ ფასს გამომცემლობები აწესებდნენ.

„ვისაც გასდის, ის უმატებს ფასს. ზოგადად, წიგნის რეალური ფასი 7–8–9 ლარია და არა – მეტი. მითუმეტეს, სასკოლო სახელმძღვანელოების შემოტანაზე დამატებითი ღირებულების გადასახადისგან თავისუფლდები“, – ამბობს სხვა სადისტრიბუციო კომპანია „წიგნის სამყაროს“ დირექტორი ირაკლი სეფისკვერაძე.

დაბეჭდილი სასკოლო სახელმძღვანელოები საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან, ძირითადად, თურქეთიდან შემოდის.

„წიგნის სამყაროს“ დორექტორი ამბობს, რომ მომავალი სასწავლო წლიდან ფასის ზედა ზღვრის დაწესება უკვე მეშვიდე–მეთორმეტე კლასის სახელმძღვანელოებზეც იქნება შესაძლებელი.

იქამდე მშობლებს მაღალი კლასების სახელმძღვანელოების ყიდვა ისევ იმ ფასებში მოუწევთ, რომელსაც თვითონ გამომცემლობები ან დისტრიბუტორები დააწესებენ.

წელს სამინისტრომ სადისტრიბუციო კომპანიებს ფასის ზედა ზღვრის დაწესებასთან ერთად საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასკოლო წიგნების ბაზრობების მოწყობაც დაავალდებულა.

სასკოლო წიგნების ბაზრობები თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში და ყველა სხვა დიდ ქალაქში 30 აგვისტომდე მოეწყობა. პირველი სექტემბრიდან კი სკოლებში საინფორმაციო პლაკატები განთავსდება, თუ სად შეიძლება სასკოლო წიგნების ყიდვა.

„ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ წიგნები მიწოდებული იყოს ცივილიზებურად, რომ არ იდგეს ხალხი ქუჩაში.  აჭარაში აქამდე სახელმძღვანელოები ორ წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა, რაც მშობლების რიგში დგომას და დამატებით პრობლემებს ქმნიდა. ახლა ჩვენ უკვე გვაქვს ახალი ფართები ამისთვის გამოყოფილი და ეს ყველაფერი ბევრად ორგანიზებულად მოხდება“, – ამბობს დავით ბარაბაძე.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განაცხადეს, სოციალურად დაუცველთათვის სახელმწიფო სასკოლო სახელმძღვანელოებს თვითონ შეისყიდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი