თსუ-ში აქცია დასრულდა – სტუდენტები აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდებიან

თსუ-ის სტუდენტების საპროტესტო აქცია „ყველა სტუდენტი თანასწორია – არა სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგიებს“ დასრულდა იმ შეთანხმებით, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო კიდევ ერთხელ განიხილავს კანცლერის პოსტზე გიორგი გაფრინდაშვილის არჩევის საკითხს და დღეს საღამოს გამოაქვეყნებს განცხადებას თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ.

საპროტესტო აქცია თსუ-ში დღეს, 15:00-ზე დაიწყო. სტუდენტების თქმით, მათი პროტესტი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ 2016 წლის 28 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის 75 წევრი იმყოფებოდა ბაკურიანში „პროექტების მართვა და სტრატეგიული მენეჯმენტის“ ტრენინგზე, რომელზეც უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან დაიხარჯა 24 600 ლარი.

სტუდენტების აქცია თვითმმართველობის წინააღმდეგ. 7.03.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი

სტუდენტების აქცია თვითმმართველობის წინააღმდეგ. 7.03.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი

მსგავსი ტრენინგი წელს მეოთხედ ჩატარდა. მას შემდეგ, რაც 2015 წელს თსუ-ის სტუდენტებმა ადმინისტრაციიდან გამოითხოვეს თვითმმართველობის მიერ ჩატარებული ღონისძიებების საბიუჯეტო ამონაწერი და აღმოაჩინეს, რომ 2015 წლის თებერვალში ბაკურიანში ჩატარდა ტრენინგი, სადაც დაიხარჯა 19 000 ლარი, ისინი შეხვდნენ რექტორს, რომელმაც ამ პროექტს „ხარვეზი“ უწოდა და სტუდენტებს დაპირდა, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდებოდა.

აქცია თსუ-ის პირველი კორპუსის წინ მიმდინარეობდა. აქციის ერთ-ერთი გამომსვლელის, ანამარია ბრაგვაძის თქმით, ისინი ზურგს აქცევენ მათ უკან მდგარ თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და მთლიანად უნივერსიტეტს, რადგან მისი თქმით, ადმინისტრაცია ზუსტად ასე იქცევა. 

სტუდენტების აქცია თვითმმართველობის წინააღმდეგ. 7.03.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი

სტუდენტების აქცია თვითმმართველობის წინააღმდეგ. 7.03.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი

სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლობის თქმით, ისინი არ იღებენ არც ერთ ისეთ ღონისძიებაში მონაწილეობას, სადაც არის ფულადი ან სხვა სახის პრიზი. თვითმმართველობის ვიცეპრეზიდენტის, პაატა ბახტურიძის თქმით, მისთვის ბუნდოვანია, რას გულისხმობენ სტუდენტები თანასწორობაში.

„მე ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტში, სტუდენტებს შორის თანასწორობა ისედაც არის და თანასწორობის მოთხოვნა, ცოტა არასწორია, ჩემი აზრით, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ამ აქციის მიზეზი და მიზანი, ჩვენი მოვალეობაა ამას შევხვდეთ, როგორც წესია იმიტომ, რომ ჩვენ ვართ სტუდენტების წარმომადგენლობითი ორგანო და ნებისმიერი პროტესტი ჩვენთვის მისაღებია,“ – ამბობს პაატა ბახტურიძე. 

კითხვაზე, მომავალ წელს დაგეგმავენ თუ არა კვლავ ასეთ ტრენინგს, თვითმმართველობის ვიცეპრეზიდენტი აცხადებს, რომ მას ვადა მაისში ეწურება, შესაბამისად, არ იცის, მომავალი მოწვევის თვითმმართველობა ისევ დაწერს თუ არა მსგავს პროექტს.

მოგვიანებით აქციამ რექტორის კართან გადაინაცვლა და რექტორს საჯაროდ გამოსვლა და აზრის დაფიქსირება მოსთხოვეს იმაზე, თუ მისი დაპირების მიუხედავად, კვლავ რატომ დაფინანსდა ბაკურიანის ტრენინგი.

სტუდენტების აქცია თვითმმართველობის წინააღმდეგ. 7.03.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი

სტუდენტების აქცია თვითმმართველობის წინააღმდეგ. 7.03.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი

რექტორი სტუდენტებთან სასაუბროდ საჯაროდ გამოვიდა და თქვა, რომ 2015 წელს სტუდენტებისთვის გაწერილი თანხიდან მხოლოდ 22% აიღო სტუდენტურმა თვითმმართველობამ.


სხვა მოთხოვნებთან ერთად სტუდენტები აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრასაც ითხოვდნენ, რადგან აკადემიურმა საბჭომ სენატისათვის კანცლერის კანდიდატად წარსადგენად გიორგი გაფრინდაშვილი აირჩია. სტუდენტების თქმით, მათთვის გაფრინდაშვილის კანდიდატურა მიუღებელია, რადგან ის იყო თვითმმართველობის წევრი და სტუდენტები თვლიან, რომ მისი კანცლერად არჩევის შემთხვევაში თვითმმართველობის პრივილეგია კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

„ის არის იმ ძალადობრივი სისტემის კადრი, რომელიც 2011 წელს ზღუდავდა სტუდენტების გამოხატვის თავისუფლებას და ფიზიკურად უსწორდებოდა სტუდენტებს,“ – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი არობელიძე.

რექტორმა სტუდენტების მოთხოვნით სასწრაფო წესით დანიშნა აკადემიური საბჭოს სხდომა. შემდეგ შეკრებილ სტუდენტებთან მივიდა და უთხრა, რომ საბჭოს მხოლოდ 8 წევრი იმყოფება თბილისში და ისინი მზად არიან სტუდენტებს შეხვდნენ დახურულ კარს მიღმა. ამ ამბავმა სტუდენტების გაღიზიანება გამოიწვია და აკადემიური საბჭოს 8 წევრი სტუდენტებს ღიად შეხვდა.

რექტორი ვლადიმერ პაპავა და აკადემიური საბჭოს წევრები ხვდებიან სტუდენტებს. 7.03.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ ანა გვარიშვილი

რექტორი ვლადიმერ პაპავა და აკადემიური საბჭოს წევრები ხვდებიან სტუდენტებს. 7.03.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ ანა გვარიშვილი

კითხვაზე, თუ რატომ დაუჭირეს ასეთი წარსულის მქონე პირს მხარი, საბჭოს წევრებმა განაცხადეს, რომ მათ არაფერი იცოდნენ გიორგი გაფრინდაშვილის ისტორიაზე, თუმცა მათი თქმით, რომც სცოდნოდათ, გადაჭრით არ იციან, მაინც მისცემდნენ თუ არა ხმას.

სტუდენტებმა საბჭოს წევრებს აჩვენეს სტუდია „მონიტორის“ გამოძიება და ის ვიდეოკადრები, სადაც სტუდენტები საუბრობენ, თვითმმართველობის მიერ ფიზიკურად გასწორების ფაქტებზე, რაზეც გიორგი გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებს უპასუხა, რომ „არავინ არავის არ სცემს.“

სტუდენტებმა ვლადიმერ პაპავას სთხოვეს, მოუწოდოს გიორგი გაფრინდაშვილს, მოხსნას კანცლერობიდან თავისი კანდიდატურა. რექტორმა მზაობა გამოაცხადა მათი მოთხოვნის შესრულებაზე.

“მე ვეცდები, რომ უნივერსიტეტში ხელახლა ჩატარდეს კანცლერის არჩევნები.”

აკადემიური საბჭოს წევრები დღეს საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.

„იმაზე შევჯერდით, რომ აკადემიური საბჭოს წევრები კიდევ ერთხელ შეახსენებენ გიორგი გაფრინდაშვილს, რომ ის არ არის კონსესუალური კანდიდატი და ის საფრთხეს უქმნის უნივერსიტეტში ერთიანობას. ვნახოთ, მოხსნის თუ არა ის კანდიდატურას. ველოდებით განცხადებას,“ – ამბობს აქციის მონაწილე, ლევან ლორთქიფანიძე.

სტუდენტი გიორგი არობელიძე სიტყვით მიმართავს ადმინისტრაციას და სტუდენტებს. 7.03.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი

სტუდენტი გიორგი არობელიძე სიტყვით მიმართავს ადმინისტრაციას და სტუდენტებს. 7.03.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი

სტუდენტების აქცია თვითმმართველობის წინააღმდეგ. 7.03.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი

სტუდენტების აქცია თვითმმართველობის წინააღმდეგ. 7.03.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი

სტუდენტების აქცია თვითმმართველობის წინააღმდეგ. 7.03.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი

სტუდენტების აქცია თვითმმართველობის წინააღმდეგ. 7.03.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი

სტუდენტი ნათია ქარჩილაძე სიტყვით მიმართავს ადმინისტრაციას და სტუდენტებს. 7.03.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი

სტუდენტი ნათია ქარჩილაძე სიტყვით მიმართავს ადმინისტრაციას და სტუდენტებს. 7.03.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ანა გვარიშვილი იყო "ნეტგაზეთის" სტაჟიორი რეპორტიორი 2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის 15 აპრილამდე