თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერის, ალექსი პეტრიაშვილი განცხადებით, საქმე გახსნილად ვერ ჩაითვლება მანამ, სანამ მეორე შემსრულებელი და დამკვეთი არ იქნებიან დაკავებულები. პეტრიაშვილმა საავადმყოფო დღეს დატოვა და ჟურნალისტებთან კომენტარიც გააკეთა:
“5 ნატყვიარის, 16 ჭრილობის, ჩაქუჩის და ბეისბოლის ბიტის მუშაობის პირობებში მაინც კარგ სპორტულ ფორმაში გახლავართ”, – თქვა მან.
პეტრიაშვილის დაჭრის საქმეზე შსს-მ ერთი პირი გუშინ დააკავა. მისმა ადვოკატმა რუსთავი 2-ს განუცხადა, რომ ბრალდებულსა და პეტრიაშვილს შორის “ყოფით ნიადაგზე” უთანხმოება არსებობდა. პეტრიაშვილის თქმით კი, ზემოხსენებულ პირს საერთოდ არ იცნობს:
“მე ასოცირების შეთანხმება გამქონდა, მაგ პიროვნებას ლომბარდები, ასე რომ, ჩვენ გადაკვეთები არ გვქონია. წარმოდგენა არ მაქვს ამ სახელსა და გვარზე. არავითარი პიროვნული გადაკვეთა მე მაგ ადამიანთან არ მქონია. ეს თითიდან გამოწოვილ ბოდიალს გავს”.
პეტრიაშვილის თქმით, იგი არ აპირებს დაემსგავსოს იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც მასზე განხორციელებული თავდასხმის მოტივზე სპეკულირებენ.
“მე წავიკითხე ცალკეული პოლიტიკოსების საბრალდებო დასკვნები, მოტივაციები. ვერ მივბაძავ მათ ამ “მჭევრმეტყველებაში”. გამოძიებას უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ გამოიძიოს”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ, 7 მარტს განაცხადა, რომ პოლიციამ ბორჯომში დააკავა ლევან მ, რომელიც “თავისუფალი დემოკრატების” გენერალურ მდივან ალექსი პეტრიაშვილს თავს დაესხა.
გუშინ “რუთავი 2″-თან სატელეფონი საუბარში დაკავებული ბრალდებულის, ლევან მ-ს ადვოკატი, მარინა ფილაური ამბობს, რომ პეტრიაშვილზე თავდასხმა “ყოფით ნიადაგზე მომხდარ” კონფლიქტს უკავშირდება. ადვოკატი უარყოფს თავდასხმის პოლიტიკურ კონტექსტს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის გამოძიებას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით აწარმოებს (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით).
როგორც “თავისუფალი დემოკრატები”, ასევე ალექსი პეტრიაშვილი მოითხოვენ, რომ საქმე გადაკვალიფიცირდეს, როგორც მკვლელობის მცდელობა:
“როდესაც ადამიანს ესვრი ამდენ ტყვიას და თავში, საფეთქელში ურტყამ ჩაქუჩს, მას იმეტებ სიკვდილისთვის. შესაბამისად, მე ჯერ კიდევ ველოდები, რომ საქმე აუცილებლად გადაკვალიფიცირდება,”- აცხადებს ეკა მიშველაძე.