ახალი ამბები

ადვოკატი: თავდასხმაში ბრალდებულს პეტრიაშვილთან “ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი” ჰქონდა

8 მარტი, 2016 • 1292
ადვოკატი: თავდასხმაში ბრალდებულს პეტრიაშვილთან “ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი” ჰქონდა

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერზე, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულის ადვოკატი, მარინა ფილაური “რუსთავი 2”-თან სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ პეტრიაშვილზე თავდასხმა “ყოფით ნიადაგზე მომხდარ” კონფლიქტს უკავშირდება. იგი უარყოფს თავდასხმის პოლიტიკურ კონტექსტს.

“ეს შეიძლება ჩვეულებრივ ორ ადამიანს შორის ქუჩაში მოხდეს ასეთი შელაპარაკება. მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით. არ არის აქ არც პოლიტიკური და არც რაიმე სხვა. ეს არის ჩვეულებრივი, ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი, რომელიც მანამდე, ალბათ, რაღაც პატარა ყოფილა, როგორც ვიცი. ნუ გამაკეთებინებთ არასწორ კომენტარს, ან არასწორ ინფორმაციას ნუ მომაწოდებინებთ, სანამ კარგად არ გავივლით ამ ყველაფერს. [პეტრიაშვილს] არ იცნობდა, რაღაც შეხება ჰქონდათ გარკვეულ ეტაპზე მოკლეხნიანი. იყო პატარა უთანხმოება”, – განაცხადა მარინა ფილაურმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ, 7 მარტს განაცხადა, რომ პოლიციამ ბორჯომში დააკავა ლევან მ, რომელიც “თავისუფალი დემოკრატების” გენერალურ მდივან ალექსი პეტრიაშვილს თავს დაესხა. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით).

“თავისუფალი დემოკრატები” მოითხოვენ, რომ საქმე გადაკვალიფიცირდეს, როგორც მკვლელობის მცდელობა.

ალექსი პეტრიაშვილს 26 თებერვალს თავს დაესხნენ. მას მიყენებული ჰქონდა ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით, ასევე, ჩაქუჩით მიყენებული დაზიანებები თავის არეში. მას შემდეგ, რაც რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი