ნეტგაზეთი | შსს: ალექსი პეტრიაშვილზე თავდამსხმელი დაკავებულია შსს: ალექსი პეტრიაშვილზე თავდამსხმელი დაკავებულია – Netgazeti
RU | GE  

შსს: ალექსი პეტრიაშვილზე თავდამსხმელი დაკავებულია

შსს-მ, დღეს, 7 მარტს განაცხადა, რომ პოლიციამ ბორჯომში დააკავა ლევან მ, რომელიც “თავისუფალი დემოკრატების” გენერალურ მდივან ალექსი პეტრიაშვილს თავს დაესხა.

გამოძიების ცნობით,, ბრალდებულმა, თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 26 თებერვალს თბილისში, საბურთალოზე, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ძმათა სასაფლაოზე, ალექსი პეტრიაშვილს თავს დაესხა.

შსს-ს ცნობით, ლევან მ-მ, თანამზრახველთან ერთად, ალექსი პეტრიაშვილს თავის არეში ჩაქუჩით დაზიანებები, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი ხელკეტი რამდენჯერმე ჩაარტყა.

პოლიციის ცნობით, თავდამსხმელები მიიმალნენ. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილთან ახლოს დანაშაულის ჩადენის იარაღი – ჩაქუჩი და ბრალდებულის ქუდი ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციამ ლევან მ. მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბორჯომში დააკავა.

უწყების ცნობით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ქუდის შიდა ზედაპირიდან აღებული და დანაშაულის ჩადენის იარაღის – ჩაქუჩის ტარზე არსებული გენეტიკური პროფილების დნმ-ის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ისინი ლევან მ-ს გენეტიკური პროფილის იდენტურია. ასევე, ჩაქუჩზე არსებული ადამიანის სისხლის გენეტიკური პროფილის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ის ალექსი პეტრიაშვილის გენეტიკური პროფილის იდენტურია.

ლევან მ-ს თანამზრახველის დასაკავებლად ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს, აცხადებს პოლიცია.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით).

ალექსი პეტრიაშვილს 26 თებერვალს თავს დაესხნენ. მას მიყენებული ჰქონდა ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით, ასევე, ჩაქუჩით მიყენებული დაზიანებები თავის არეში. მას შემდეგ, რაც რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com