სამართალი

სასამართლომ ISIS–თან სავარაუდო კავშირის გამო დაკავებულები პატიმრობაში დატოვა

13 იანვარი, 2016 • 1942
სასამართლომ ISIS–თან სავარაუდო კავშირის გამო დაკავებულები პატიმრობაში დატოვა

წინასასამართლო სხდომა ISIS–თან სავარაუდო კავშირის გამო დაკავებულების საქმეზე 21 იანვრის ნაცვლად 16 მარტს გაიმართება. ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 იანვარს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა დაკავებული 4 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლის შესახებ და ისინი პატიმრობაში დატოვა.
ადვოკატი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია მოსამართლის ეს გადაწყვეტილება, რადგანაც დაკავებულებს დღემდე არა აქვთ წარდგენილი ბრალდება ტერორიზმის მუხლით.
1992 წელს დაკავებულ 4 პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236–ე მუხლით აქვთ ბრალი წარდგენილი, რაც იარაღის უკანონო ფლობას გულისხმობს. ეს მუხლი ადვოკატ ემზარ პაქსაძის აზრით არ ითვალისწინებს ისეთ მაღალ სასჯელს, რომ ამღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა გამოიყენონ.

დეკემბერში პროკურატურამ ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ არა აქვთ დაკავებულებს ბრალი წარდგენილი ტერორიზმის მუხლით, თუკი ისინი სავარაუდოდ isis-თან დაკავშირებული პირები არიან, განაცხადა, რომ “გრიფით საიდუმლოა”.

ოთხი ახალგაზრდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2015 წლის 1 დეკემბერს დააკავა და მათ სავარაუდოდ კავშირი აქვთ ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოსთან”. სუსმა მაშინ განაცხადა, რომ დაკავებულების სახლებიდან ამოიღეს ხელყუმბარები, ცეცხლსასროლი იარაღი, ცილინდრული ფორმის ასაფეთქებელი მოწყობილობები, საბრძოლო ვაზნები და “ისლამური სახელმწიფოს” დროშები.

დაკავებულები უარყოფენ ISIS- თან რაიმე კავშირს. ამასთან, დაკავებულთაგან ერთ-ერთი ხვიჩა გაბოძის ნათესავია. გაბოძემ ISIS-ის სახელით მუქარის შემცველი ვიდეომიმართვა ინტერნეტით ნოემბრის ბოლოს გაავრცელა. მისი ნათესავი ვიდეოს გავრცელებიდან ერთ კვირაში დააკავეს.

თუმცა ეს არაფერს ნიშნავს, – აცხადებს ადვოკატი ემზარ პაქსაძე და დასძენს – მაშინ გაბოძის ყველა ნათესავი უნდა დააკავონ. მისთვის გაუგებარია, თუ გამოძიებას აქვს მტკიცებულებები დაკავებულების ISIS-თან კავშირზე, მაშინ რატომ არა აქვთ წარდგენილი შესაბამისი ბრალდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი