სამართალი

შეუსაბამო სასჯელები

15 დეკემბერი, 2010 • 1177
შეუსაბამო სასჯელები

ბრალდებულმა ვ.-მ, თავის მეგობრებთან ერთად, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყხოფა მიაყენა პირს, რითიც დაირღვა იმ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა მყუდროება და საზოგადოებრივი წესრიგი. კანონის თანახმად, აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით 180-დან  200 საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ერთიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ხუთ წლამდე. ვ.–სთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. მას ხუთწლიანი სასჯელი (ერთწლიანი პატიმრობა და 4 –წლიანი გამოსაცდელი ვადა) და ჯარიმის სახით 2 000 ლარის გადახდა დაეკისრა.  თბილისის საქალაქო სასამართლომ, საქმის გარემოებებიდან, „ვ.–ს მიერ აღიარების, მონანიების, ნასამართლობის არქონის და თანამშრომლობის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ „წარმოდგენილ საპროცესო შეთანხმებაში მითითებული სასჯელი სამართლიანია და შეესაბამება როგორც განსასჯელის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ მათ ხელთ არსებული არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ვ.–ს მიმართ სასჯელი უფრო მკაცრია, ვიდრე ზოგიერთი ნარკოტიკული, ან ეკონომიკური დანაშაულების ჩამდენი პირების მიმართ.

„ასეთი ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის თითქმის არასოდეს ინიშნება ყველაზე მკაცრი სასჯელი და ძალიან იშვიათად ინიშნება თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. თითქმის ყოველთვის სასჯელად ინიშნება გამოსაცდელი ვადა. აღსანიშნავია ასევე, რომ ჯარიმის დაკისრება არც ამ მუხლით და არც ზოგადი დებულებებით არაა სავალდებულო,“ – წერია საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველოს  მიერ მომზადებული ანგარიშის მესამე დანართში.

 

ანგარიში საქართველოს სისხლის სამართლის სფეროს პრობლემურ საკითხებზე საერთშორისო გამჭვირვალობამ დღეს გამოაქვეყნა.

ანგარიშის მესამე დანართში განხილულია კონკრეტული სასამართლო საქმეები, რომლებიც თბილისის საქალაქო სასამართლოსგან გამოთხოვილი 45 საქმის ანალიზის შედეგად შეირჩა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ვ.–სთან მიმართებაში ადგილი აქვს შეუსაბამოდ მკაცრი სასჯელის დაკისრებას სასამართლოს მხრიდან. საერთაშორისო გამჭვირვალობა კიდევ ერთ შემთხვევას განიხილავს, რა დროსაც ბრალდებულს შეუსაბამოდ მცირე სასჯელი დაეკისრა:

ერთ-ერთ პიროვნებას სამედიცინო შპრიცთან ერთად აღმოუჩინეს 0.051  გრამი ნარკოტიკული საშუალება ეფედრინი, რაც ამ სახეობის ნივთიერებისთვის დიდ რაოდენობას წარმოადგენს. როგორც სპეციალისტები წერენ, აღნიშნული დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. სასამართლომ საპროცესო შეთანხმებით ბრალდებულს სასჯელის მინიმალურ ზომაზე ნაკლები, 5 წელი და 6 თვე მიუსაჯა. აქედან 6 თვე ციხეში უნდა გაეტარებინა, 5 წელი კი გამოსაცდელ ვადად განუსაზღვრეს. ჯარიმად 5 ათასი ლარი დააკისრეს.  სასამართლომ გადაწყვეტილების შემამსუბუქებელ გარემოებად შემდეგი დაასახელა: „აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ხასიათდება დადებითად, აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.“

„თუ ამ საქმეს ხულიგნობის ჩამდენი პირის მიმართ ზემოთ განხილულ განაჩენს შევადარებთ, აღმოვაჩენთ, რომ ნაკლებად მძიმე  დანაშაულზე პირს დაენიშნა საკმაოდ მკაცრი სასჯელი, ხოლო მძიმე  დანაშაულისათვის – უდაბლეს ზღვარზე ნაკლები. სხვა განაჩენებთან შედარებით, მოცემულ საქმეში სასჯელი საკმაოდ მსუბუქია,“ – წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა.

ანგარიშის მესამე დანართში კონკრეტულ საქმეებზე დაყრდნობით განხილულია ის ხარვეზები, რაც საპროცესო შეთანხმების დადებას პრაქტიკაში თან ახლავს. ანგარიშის ავტორების დაკვირვებით, არსებული გადაწყვეტილებების ანალიზით გარკვეული კანონზომიერება დგინდება. მაგალითად, საპროცესო შეთანხმების დადებისას ხშირად ინიშნება დაახლოებით საშუალო სასჯელი და ჯარიმა. „შეიძლება ითქვას, რომ სასჯელი ჩადენილი დანაშაულის და ამ დანაშაულისადმი პირის დამოკიდებულების პროპორციულია. თუმცა არის რამდენიმე გამონაკლისიც,“- წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო.

მასალების გადაბეჭდვის წესი