“ძალიან ფარულად, ჩუმად პრაქტიკულად სასამართლომ ისე, რომ არც კი მოუსმინა პარლამენტს, მიიღო გადაწყვეტილება ისე, რომ არც კი მოუსმინა პარლამენტის არგუმენტებს და არც დაინტერესდა, როგორი იყო მოპასუხე მხარის, ამ შემთხვევაში პარლამენტის არგუმენტები,”– განაცხადა მანანა კობახიძემ 3 ნოემბერს.
საკონსტიტუციო სასამართლო კი აცხადებს, რომ თითოეულ საქმეს იხილავენ იმ ვადაში, რაც ობიექტურად აუცილებელია კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად. მათივე განცხადებით, საქმის განხილვის ვადები განსხვავებულია სასამართლოს წინაშე წამოჭრილი საკითხის სირთულის, მნიშვნელობისა და აქტუალობის გათვალისწინებით.
“საკონსტიტუციო სასამართლო შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში იხილავს საქმეს მაშინ, როდესაც დაყოვნების შემთხვევაში საქმის განხილვა/გადაწყვეტას შედეგი აღარ ექნება. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეთა ასეთ კატეგორიას განეკუთვნება „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2″-ის და „შპს ტელეკომპანია საქართველოს“ კონსტიტუციური სარჩელი და შესაბამისი გადაწყვეტილება მოკლე ვადაში მიიღო,”- აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლო.
გარდა ამისა, სასამართლოს განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი, როგორც წესი, ტარდება ზეპირი მოსმენის გარეშე, თუმცა, ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, განმწესრიგებელი სხდომა ტარდება ზეპირი მოსმენით. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ ეს ხდება იმ შემთხვევებში, როდესაც მხარეთა არგუმენტების მოსმენა აუცილებელია გადაწყვეტილების მისაღებად, ან სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები საჭიროებს დაზუსტებას.
სასამართლოს განცხადებით, რუსთავი 2–ის სარჩელში ნათლად და არაორაზროვანდ იყო მითითებული ყველა ის საკითხი, რისი გამორკვევაც აუცილებელი იყო საქმის არსებითად განსახილველად მიღებისთვის და, ამასთან, სასამართლოს ჰქონდა პასუხი სადავო ნორმის შეჩერების საკითხის გადასაწყვეტად მისთვის ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ დაინახა განმწესრიგებელი სხდომის ზეპირი მოსმენით განხილვის აუცილებლობა.
გარდა ამისა, განცხადებაში საკონსტიტუციო სასამართლომ მოიყვანა საქმის დაჩქარებულად განხილვის სხვა მაგალითებიც:
“საკონსტიტუციო სასამართლომ არათუ საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი, არამედ საქმე არსებითად განიხილა და გადაწყვიტა 15 დღის ვადაში საქმეზე „ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (2006 წლის 15 დეკემბრის N1/3/393,397 გადაწყვეტილება), სადაც მოსარჩელე მხარეს ქალბატონი მანანა კობახიძე წარმოადგენდა. საკონსტიტუციო სასამართლო დარწმუნდა რა, რომ დარღვეული იყო სამართლიანი სასამართლოსა და თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები, მჭიდრო ვადაში გადაწყვიტა საქმე, რათა მინიმუმამდე დაეყვანა ადამიანების მიმართ კონსტიტუციური უფლებების დარღვევით პატიმრობის გამოყენება.
ასევე, საქმეზე „ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ“ (2015 წლის 24 ოქტომბრის N3/2/670 განჩინება) სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელის შემოსვლიდან 3 დღეში ჩაატარა განმწესრიგებელი სხდომა, რამდენადაც საქმე შეეხებოდა 2015 წლის 31 ოქტომბერს ჩასატარებელი შუალედური არჩევნების კონსტიტუციურობას.”