ახალი ამბები

პრეზიდენტის წინააღმდეგ ხმა მისცა მის მიერვე დანიშნულმა მოსამართლემ

16 ოქტომბერი, 2023 • 1351
პრეზიდენტის წინააღმდეგ ხმა მისცა მის მიერვე დანიშნულმა მოსამართლემ

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 6 ხმით დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის ნებართვის გარეშე ვიზიტებით კონსტიტუცია დაარღვია.

განსხვავებული აზრი დააფიქსირა 3-მა მოსამართლემ: ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა. ირინე იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის [გიორგი მარგველაშვილის] კვოტით დანიშნული მოსამართლეები არიან. თეიმურაზ ტუღუში კი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად 2016 წელს, უზენაესი სასამართლოს პლენუმის დადგენილებით დაინიშნა მაშინ, როდესაც უზენაეს სასამართლოს ნინო გვენეტაძე თავმჯდომარეობდა.

იმ 6 მოსამართლეს შორის, რომელმაც პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა, არის გიორგი თევდორაშვილი — საკონსტიტუციო სასამართლოში თავად სალომე ზურაბიშვილის მიერ დანიშნული კადრი.

გიორგი თევდორაშვილი 2021 წლის 13 ივლისს პრეზიდენტის ბრძანებულებით დაინიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ. 2021 წლის 1 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ არჩეულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნად.

გიორგი თევდორაშვილი იყო 2019 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად შერჩეულ 50-კაციან სიაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს ამ დროისთვის ჰყავს 9 მოსამართლე: მერაბ ტურავა, ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, მანანა კობახიძე, ირინე იმერლიშვილი, ხვიჩა კიკილაშვილი, თეიმურაზ ტუღუში. პლენუმმა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა 6 ხმით დაადგინა.

სასამართლო: პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია

მასალების გადაბეჭდვის წესი