სამართალი

დაიწყო გამოძიება მიტროპოლიტ შიოს შესაძლო მოწამვლის ფაქტზე

7 ივლისი, 2023 • 1728
დაიწყო გამოძიება მიტროპოლიტ შიოს შესაძლო მოწამვლის ფაქტზე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მოსაყდრე შიოს შესაძლო მოწამვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო მკვლელობის მცდელობის მუხლით, თუმცა გამოძიების მიმდინარეობისას ის შეიძლება გადაკვალიფიცირდეს.

“მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოში, მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე , გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო”, – აცხადებენ შსს-ში.


საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სისხლის ანალიზში მძიმე მეტალების შემცველობა დასაშვებზე მაღალი აღმოჩნდა.

მისი თქმით, ოფიციალურად არ მიუმართავთ საგამოძიებო უწყებისთვის და თავად იკვლევდნენ, საიდან შეიძლება გაჩენილიყო მიტროპოლიტ შიოს სისხლში აღნიშნული მეტალები. ჯაღმაიძის განცხადებით, განიხილებოდა საკვების ვერსია, თუმცა საკვები, რომელსაც მიტროპოლიტი მიირთმევს, სავარაუდო მოწამვლასთან კავშირში არ აღმოჩნდა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, მიტროპოლიტ შიოს ანალიზები გააგზავნეს უცხოეთშიც.

მანამდე, 5 ივლისს, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატრიარქ ილია მეორეს მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი სავარაუდოდ დარიშხანით მოწამლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი