ახალი ამბები

საპატრიარქოს პირველი კომენტარი მოსაყდრე შიოს შესაძლო მოწამვლაზე

6 ივლისი, 2023 • 1694
საპატრიარქოს პირველი კომენტარი მოსაყდრე შიოს შესაძლო მოწამვლაზე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სისხლის ანალიზში მძიმე მეტალების შემცველობა დასაშვებზე მაღალი აღმოჩნდა. ამის შესახებ მან დღეს, 6 ივლისს განაცხადა.

“მეუფე შიოს სისხლის ანალიზში არის გარკვეული ცვლილებები, აღმოჩნდა მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე უფრო მეტი. სხვა დაზუსტებით რამის თქმა დღეისათვის რთულია. მეუფე შიოს მდგომარეობა დღეს არის ნორმალური, მუშაობს, პროცესშია ჩართული, რაც მის ყოველდღიურ სამუშაოს უკავშირდება. ეჭვების და ვარაუდების გამოთქმა არ მგონია ახლა მიზანშეწონილი იყოს. უნდა დაველოდოთ, შემდგომი კვლევა რას მოგვცემს.

რაც არ უნდა ვთქვათ, ყველაფერი იქნება მხოლოდ ვარაუდები. ორი სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. შეიძლება იყოს ყოფითი შემთხვევა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ იყოს ჩარევაც და როგორც თქვეს, შესაძლოა, რომ ვიღაცის ინტერესში იყოს ავადმყოფობა “,- ამბობს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე.

მისი თქმით, ოფიციალურად არ მიუმართავთ საგამოძიებო უწყებისთვის და თავად იკვლევდნენ, საიდან შეიძლება გაჩენილიყო მიტროპოლიტ შიოს სისხლში აღნიშნული მეტალები. ჯაღმაიძის განცხადებით, განიხილებოდა საკვების ვერსია, თუმცა საკვები, რომელსაც მიტროპოლიტი მიირთმევს, სავარაუდო მოწამვლასთან კავშირში არ აღმოჩნდა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, მიტროპოლიტ შიოს ანალიზები გააგზავნეს უცხოეთშიც.

რაც შეეხება ვერსიებს, თუ ვის შეიძლება მოეწამლა პატრიარქის მოსაყდრე, ჯაღმაიძემ განაცხადა:

“მიმაჩნია, რომ როდესაც ხდება ადამიანის დემონიზება, როდესაც მიმდინარეობს მარგინალიზაცია და დემორალიზაციის მცდელობა არის, ეს ყოველთვის წინმსწრებია, ვიდრე მასზე რაიმე ფიზიკური ზემოქმედება განხორციელდება. ამიტომ შესაძლოა არ დავუკავშიროთ ერთმანეთს ის კამპანია, რაც მიმდინარეობს ზოგადად ეკლესიის და მეუფე შიოს წინააღმდეგ, თუმცა თეორიულად ასეთი რამეც შესაძლებელია”, — თქვა ჯაღმაიძემ.

გუშინ, 5 ივლისს, “მთავარმა არხმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატრიარქ ილია მეორეს მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი დარიშხანით მოწამლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი