საზოგადოება

მოსაყდრე შიო მოწამლეს — მედია

6 ივლისი, 2023 •
მოსაყდრე შიო მოწამლეს — მედია

ტელეკომპანიები “მთავარი არხი” და “რუსთავი 2” მიტროპოლიტ შიო მუჯირის მოწამვლის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას.

თავდაპირველად ცნობები ამის შესახებ გუშინ, 5 ივლისს საღამოს გაავრცელა “მთავარმა არხმა”. ტელეკომპანიასთან ინტერვიუში თეოლოგი ლევან ტატურაშვილი აცხადებს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს წარმომადგენლებისგან აქვს არაოფიციალური ინფორმაცია, რომ მიტროპოლიტი შიო, რომელიც პატრიარქ ილია მეორის მოსაყდრეა, დარიშხანით მოწამლეს. ტატურაშვილის თქმით, მოწამვლის შესახებ ერთმანეთში ხმამაღლა საუბრობენ საპატრიარქოშიც.

“სამების საპატრიარქო ტაძარში მსახურების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო და მიმართა ექიმებს, ჩაუტარდა გამოკვლევა და ანალიზების მიხედვით სისხლში დაუდგინდა დარიშხანი. ამის შემდეგ სახელმწიფომ და საპატრიარქომ გადაწყვიტა, რომ ეს ამბავი დაფარული და გასაიდუმლოებული ყოფილიყო და ღამის საათებში ანზორ ჩუბინიძის უშუალო ხელმძღვანელობით ისინი მიდიან სამების ცენტრალურ საკურთხეველში და ატარებენ კვლევებს, რომ აღმოეჩინათ, ამა თუ იმ ლიტურგიკულ ნივთზე აღმოჩნდებოდა თუ არა დარიშხანის კვალი.

შეამოწმეს მოსაყდრე შიოს პირადი ნივთები დეტალურად. როგორც ჩანს, დადგინდა მისი მოწამვლის ადგილმდებარეობა. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ეს იყო სამების საკათედრო ტაძრის საკურთხეველი და დღეს უკვე არავინ მალავს ინფორმაციას, რომ მოსაყდრე შიო მუჯირი მოწამლულია”, — უთხრა ტატურაშვილმა “მთავარს არხს”.

მოწამვლის შესახებ ინფორმაცია დღეს, 6 ივლისს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მაც გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, მათ აქვთ “უტყუარი ინფორმაცია”, რომ კვლევების შედეგად მიტროპოლიტ შიო მუჯირთან არაერთი საეჭვო ნივთიერება აღმოჩნდა, თუმცა არ აკონკრეტებენ, რომელი. “რუსთავი 2”-ის ცნობით, მიტროპოლიტს დროთა განმავლობაში წამლავდნენ.

“რუსთავი 2”-ის ინვორმაციით, მიტროპოლიტს ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით ერთი კვირის წინ გაუაერსდა. ტელეკომპანიასთან სატელეფონო ინტერვიუში პატრიარქის ექიმი, ცისანა შარტავა აცხადებს, რომ მიტროპოლიტი ახლა თავს კარგად გრძნობს:

“ვიცი, რომ კარგად ბრძანდება ახლა და დანარჩენი, ამაზე გაკეთდება ალბათ განცხადება…

წუხელ გვიან გავიგე სრულიად შემთხვევით, ასე რომ, ვერაფერს გეტყვით. მერე ოფიციალური განცხადება გაკეთდება”, — განაცხადა მან “რუსთავი 2”-თან.

ნეტგაზეთი აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას თავად მიტროპოლიტ შიო მუჯირთან შეეცადა, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. რაც შეეხება საპატრიარქოს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამ საკითხზე განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ინფორმაციას გადაამოწმებენ და მოგვიანებით დაგვიკავშირდებიან.

ამასთან, “მთავარი არხის” ინფორმაციით, გამოძიების პროცესში ჩართული იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილიც. უწყების პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” ამ საკითხთან დაკავშირებით სუს-ის ჩართულობა არ დაუდასტურეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი