ახალი ამბები

ხარჩილავაზე თავდასხმა სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული – „ლელო“

12 ოქტომბერი, 2022 • 616
ხარჩილავაზე თავდასხმა სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული – „ლელო“

პარტია „ლელო“ ეხმიანება წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას მანქანის დაწვას და აცხადებს, რომ ეს არის ოპოზიციური მუნიციპალიტეტის მერზე თავდასხმა.

პარტიის თქმით, მომხდარი სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული და ყველა დამნაშავე უსწრაფესად უნდა დაისაჯოს.

„ლელოს“ განცხადებით, ახლა სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ შესაბამის უწყებებს და საქართველოს ხელისუფლებას.

„ოპოზიციური მუნიციპალიტეტის მერზე თავდასხმა წალენჯიხის ცენტრში, მერის საცხოვრებელი სახლთან, მისი კუთვნილი ავტომობილის დაწვა პირდაპირ აღიქმება, როგორც ტერორი და დაშინების მცდელობა.

ანალოგიური დანაშაულები კიდევ ერთხელ ქმნის დაუცველობის და ქვეყანაში უკონტროლობის განცდას. სრული პასუხისმგებლობა ახლა ეკისრება შესაბამის უწყებებს და საქართველოს ხელისუფლებას.

ოპოზიციის დაშინების მცდელობა ვერ შეუშლის ხელს თავისუფლებისთვის ბრძოლას. ვერ გააჩერებს იმ რეფორმებს და პროგრესს, რომელიც წალენჯიხაში ხორციელდება.

„ლელო“ კატეგორიულად მოითხოვს, გატარდეს ყველა შესაბამისი ქმედება, რათა უმკაცრესად დაისაჯოს ამ ტერორის ორგანიზატორები“, – ნათქვამი „ლელოს“ განცხადებაში.


წალენჯიხის ოპოზიციონერი მერის, გია ხარჩილავასა და მისი გუნდის ინფორმაციით, გვიან ღამით საცხოვრებელ სახლთან ხარჩილავას მანქანა დაწვეს.

თავად ხარჩილავა აცხადებს, რომ მისი მანქანის დაწვა შესაძლოა პოლიტიკური გზავნილი იყოს.

როგორც ხარჩილავა ამბობს, დამწვარ მანქანასთან მისხმული იყო სითხე, რაც ამყარებს ეჭვს, რომ განზრახ დაწვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი