ყოფილი ქმრის მიერ მოკლული სალომე ჯორბენაძის საქმე ოჯახმა სტრასბურგში მოიგო.
სალომე ჯორბენაძე 2014 წელს მოკლა ყოფილმა ქმარმა, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა, სერგი საცერაძემ.
სიკვდილამდე სალომე ჯორბენაძემ მიმართა როგორც პოლიციას, ასევე პროკურატურასა და გენინსპექციას და ყოფილი ქმრისგან სისტემატური ძალადობისგან დაცვა მოითხოვა, თუმცა, უშედეგოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე სიცოცხლის უფლების (ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი) და დისკრიმინაციისგან დაცვის (ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი) უფლების დარღვევა დაადგინა.
სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში დასძინა, რომ ქვეყანამ ვერ უზრუნველყო გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაულის პრევენცია. ამასთანავე, ვერ შეძლო, სალომე ჯორბენაძის არაერთი განცხადების მიუხედავად, საქმეზე სამართალდამცავი უწყების რეაგირების გამოძიება.
გადაწყვეტილების თანახმად, დაზარალებულ მხარეს – ამ შემთხვევაში ოჯახს, კომპენსაცია 35 ათასი ევროს ოდენობით უნდა გადაეცეს.
სალომე ჯორბენაძის მკვლელობა
19 წლის სალომე ჯორბენაძე 2014 წლის 25 ივლისს ზესტაფონში, ერთ-ერთ პარკში მოკლეს. ის ყოფილმა ქმარმა და ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა, სერგი საცერაძემ, სამსახურებრივი-საშტატო იარაღით მოკლა. მას 11 წელი მიესაჯა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სალომე ჯორბენაძის მკვლელობის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. ორგანიზაციამ დაადგინა, რომ 3 წლის წინ სალომე ჯორბენაძის და სერგი საცერაძის ურთიერთობა ძალადობით დაიწყო – 2011 წელს 17 წლის სალომე სერგი საცერაძემ იარაღის მუქარით მოიტაცა. ზესტაფონის პოლიციამ სალომეს მოძებნაში მშობლებს დახმარება არ გაუწია და სალომე სერგი საცერაძის ცოლი გახდა. ქორწინების განმავლობაში, ასევე დაშორების შემდეგ, სერგი სალომეზე სისტემატურად ახორციელებდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას და იარაღით ემუქრებოდა. კონფლიქტების მიზეზი ბავშვისთვის ალიმენტის გადახდა და ეჭვიანობა იყო.
მკვლელობამდე სალომემ მიმართა ზესტაფონის პოლიციას, პროკურატურას და შსს-ს გენერალურ ინსპექციას და მოძალადისგან დაცვა მოითხოვა. მიუხედავად ამისა, მოძალადის შესაჩერებლად კანონით გათვალისწინებული არცერთი ზომა არ გატარდა.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი ორგანიზაციამ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) შეიტანა. საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა), მე-8 (პირადი ცხოვრების დაცულობა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლებს ეფუძნება.
რამდენიმე თვის წინ სტრასბურგმა დარღვევა დაადგინა 2014 წელს მოკლული კიდევ ერთი ქალის – მარიამ წივწივაძის საქმეზე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაშინდელი ლექტორი მარიამ წივწივაძე ყოფილმა ქმარმა 2014 წლის 17 ოქტომბერს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა მაშინ, როდესაც ის უნივერსიტეტის C კორპუსის მეორე სართულზე იმყოფებოდა. ქმარმა შემდგომ თავი მოიკლა.
ვრცლად ნახეთ:
დღემდე სისტემაში არიან პოლიციელები, ვინც წივწივაძე ქმრისგან არ დაიცვა – საფარი