ახალი ამბები

დღემდე სისტემაში არიან პოლიციელები, ვინც წივწივაძე ქმრისგან არ დაიცვა – საფარი

9 ივლისი, 2021 • 1746
დღემდე სისტემაში არიან პოლიციელები, ვინც წივწივაძე ქმრისგან არ დაიცვა – საფარი

ორგანიზაცია “საფარი” აცხადებს, რომ სისტემაში ამ დრომდე მუშაობენ პოლიციელები, რომლებმაც ილიაუნის ლექტორი მარიამ წივწივაძე მოძალადე ქმრისგან ვერ დაიცვეს.

არასამთავრობო ორგანზიაცია წივწივაძის ოჯახის ინტერესებს სტრასბურგში წარმოადგენდა. 2014 წელს მოკლული ქალის საქმეზე “საფარმა” პრესკონფერენცია დღეს, 9 ივლისს გამართა. მომხდარიდან 6 წლის შემდეგ ოჯახმა ეს დავა საქართველო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წააგო.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საქმე არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ, ზოგადად, უპრეცედენტოა ოჯახში ძალადობის თვალსაზრისით, ვინაიდან გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ პოლიციის უმოქმედობის მიღმა გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია ჩანდა.

„ყველაზე შემაძრწუნებელია ის, თუ როგორ ცდილობდა მარიკა გადარჩენას“

ორგანიზაცია „საფარში“ აცხადებენ, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საკმაოდ კრიტიკულია და ქვეყანაში სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს.

მაგალითად, გადაწყვეტილებაში წერია – „სასამართლო მიიჩნევს, რომ პოლიციის უმოქმედობა სისტემურ მარცხად შეიძლება შეფასდეს. არსებობდა გადაუდებელი აუცილებლობა, რომ ჩატარებულიყო გამოძიება იმის დასადგენად, იყო თუ არა პოლიციის უმოქმედობის მიღმა გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია“.

„ამას უნდა მოჰყვეს სერიოზული რეფორმები საქართველოს მხრიდან. გარკვეული ტიპის პრობლემები კიდევ გვაქვს. მაგალითად ის, რომ თუ ჩვენ ვხედავთ პრობლემას სამართალდამცავი სტრუქტურის საქმიანობის შემთხვევაში კონკრეტული პოლიციელების საქმიანობის მიმართ – ისევ ვხვდებით იმ მოცემულობას, რომ პასუხს არ გვცემს მთავარი პროკურატურა ხშირად, როდესაც ჩვენ ვითხოვთ ბრალის წაყენებას, დევნის დაწყებას.

ასეთი პრობლემები დღესაც აქტუალურია, განსაკუთრებით აქტუალურია არა ოჯახში ძალადობის საქმეზე, არამედ სექსუალური ძალადობის საქმეებზე. გვაქვს დაახლოებით ასეთივე მასშტაბის პრობლემები, რაზეც ვგეგმავთ, რომ სტრასბურგს მივმართოთ“.

პრესკონფერენცია საფარიში: ნათია გამხიტაშვილი (მარჯვნივ) და ბაია პატარაია (მარცხნივ). ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ჟურნალისტებთან საუბარში ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას თქმით, საქმის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ნაწილი ისაა, რომ დღემდე არ დასჯილა არცერთი პოლიციელი, რომელმაც წივწივაძე არ დაიცვა.

საქმე ის არის, რომ ქალმა და მისმა ოჯახმა, მათ შორის ქმრის ნათესავებმა, სულ მცირე, 11-ჯერ მიმართეს პოლიციას, თუმცა არც შემაკავებელი ორდერი არ გამოცემულა და არც გამოძიება დაწყებულა. როგორც პატარაია სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით ამბობს, ეს ნიშნავს, რომ პოლიციამ თითოეული შეტყობინება განიხილა არა ერთობლიობაში — არამედ ცალ-ცალკე. შესაბამისად, ვერ ან არ შეაფასა რისკი.

საუბარია 10-ზე მეტ პოლიციელზე, რომლის წინააღმდეგაც არც გამოძიება დაწყებულა და მეტიც, არც მათი იდენტიფიცირება არ მომხდარა. „საფარში“ ამბობენ, რომ ჯერ კიდევ 2014 წლიდან შესაბამის უწყებებს არაერთხელ მიმართეს ოფიციალური დოკუმენტებისა და ოქმების გამოთხოვნის მიზნით, თუმცა გაგზავნილ წერილებს არ პასუხობდნენ, ან მიღებულ პასუხებში პოლიციელთა სახელები და გვარები დაშტრიხული იყო.

ათზე მეტი პოლიციელიდან ორგანიზაციისთვის მხოლოდ ერთის სახელია ცნობილი, ისიც იმიტომ, რომ მოკლულის დედამ – თალიკო თხელიძემ ერთ-ერთის სახელი დაიმახსოვრა – ის მარიამ წივწივაძის ყოფილი ქმრისა და მკვლელის სეხნია იყო.

პრესკონფერენციის ბოლოს ჩვენს კითხვაზე, რა იყო მისი აზრით ყველაზე მძიმე ეპიზოდი საქმის მასალებში, პატარაია გვპასუხობს:

„იყო მუქარები, მოგკლავ, შვილს მოგიკლავო, ეუბნებოდა, ვერავინ დაგიცავსო .. ყველაზე შემაძრწუნებელი იყო ის, თუ როგორ ცდილობდა ეს ქალი გადარჩენას. ყველაფერი გააკეთა…“, – ამბობს ის.

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება), მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლთან მიმართებით. ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით აპლიკანტს – გარდაცვლილის დედას, ზიანის ანაზღაურების სახით 35 ათასი ევრო უნდა გადაუხადონ. ამისთვის საქართველოს 3 თვე აქვს.

მარიამ წივწივაძის მკვლელობის საქმე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაშინდელი ლექტორი მარიამ წივწივაძე ყოფილმა ქმარმა 2014 წლის 17 ოქტომბერს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა მაშინ, როდესაც ის უნივერსიტეტის C კორპუსის მეორე სართულზე იმყოფებოდა. ქმარმა შემდგომ თავი მოიკლა.

მძიმედ დაჭრილი მარიამ წივწივაძე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. მკვლელობამდე ქალმა რამდენჯერმე მიმართა პოლიციას მისი ყოფილი მეუღლის მხრიდან ძალადობისა და მუქარის შესახებ, თუმცა პოლიცია მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა.

სტრასბურგის სასამართლოს სარჩელთან თანდართულ დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ მარიამ წივწივაძემ ყოფილ ქმართან თანაცხოვრების დროს, 2014 წლის აპრილსა და სექტემბერში, რამდენჯერმე მიმართა პოლიციას და ძალადობის შესახებ შეატყობინა. პოლიციამ ეს ყველაფერი „მცირე ოჯახურ შელაპარაკებად“ მიიჩნია.

ამავე წლის სექტემბერში წივწივაძე მცირეწლოვან შვილთან ერთად დედასთან გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა კაცი წივწივაძესა და მის ქალიშვილს სისტემატურად ემუქრებოდა, უგზავნიდა მუქარის შემცველ შეტყობინებებს. გამოძიება არც ამაზე დაწყებულა.

ოქტომბრის პირველ ნახევარში, ანუ ქალის მკვლელობიდან რამდენიმე დღით ადრე, მარიამ წივწივაძის დედამ სამჯერ განუცხადა პოლიციას, რომ ყოფილი ქმარი მის ქალიშვილს დევნიდა და იმუქრებოდა, მათ შორის, გამოცხადდა მის სამუშაო ადგილას ხელყუმბარით.

სიკვდილამდე ერთი დღით ადრე ყოფილმა ქმარმა შეგნებულად დაარტყა მანქანა მარიამ წივწივაძეს, მაშინ, როდესაც ქალს შვილი სკოლიდან გამოჰყავდა. მარიამ წივწივაძის დედის განცხადებით, მან უთხრა პოლიციას, რომ ოჯახის „ცხოვრება აუტანელი გახდა“, თუმცა შემაკავებელი ორდერი არ გამოცემულა

მასალების გადაბეჭდვის წესი