საზოგადოება

2014 წელს მოკლული ქალები

8 მარტი, 2015 • • 4049
2014 წელს მოკლული ქალები

ეს მონაცემი პროკურატურიდან ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა მიიღო. პროკურატურის თქმით, უწყება მსხვერპლის სქესის დაკონკრეტებით სტატისტიკურ ინფორმაციას არ ამუშავებს, თუმცა 2014 წელს ქალთა მკვლელობა არაერთი საჯარო დისკუსიისა და აქციის მიზეზი გახდა. “ნეტგაზეთი” გთავაზობთ იმ ქალების მოკლე ისტორიებს, რომლებიც კაცებმა 2014 წელს მოკლეს.


სოფო ზურებიანის მკვლელობა

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 14 მაისს თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე, 27 წლის სოფო ზურებიანი, რომელიც  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა, ყოფილმა ქმარმა ალექსანდრე ცოცხაშვილმა  ცეცხლასროლი იარღიდან გასროლით დაჭრა და მიიმალა. სოფო ზურებიანი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

 

სოფო ზურებიანის ყოფილი ქმარი ფინანსურ პოლიციასა და სპეცრაზმში მუშაობდა და სამსახურიდან გამომდინარე, იარაღის ტარების უფლება ჰქონდა. პოლიციამ იგი მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავა.

 

სოფო ზურებიანი
სოფო ზურებიანი

 

მკვლელობა სოფელ ოჩხიაურში

 

22 მაისს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოჩხამურში ქმარმა ცოლი მოკლა. მკვლელობა გამთენიისას მოხდა. შსს-ს ცნობით, ქმარმა ცოლს ყელში ცული ჩაარტა. მკვლელობის თვითმხილველები ამბობენ, რომ ოჯახში სტუმრები იყვნენ, რომლებიც ღამეს ეზოში, მანქანაში ათევდნენ. სწორედ მათ გაიგონეს ხმაური სახლიდან და პირველები  შევიდნენ მკვლელობის ადგილზე. მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობა გახდა. სამართალდამცველებმა მომხდარიდან  რამდენიმე საათში ქმარი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. ცოლ-ქმარს 8 შვილი ჰყავდათ.

 

მკვლელობა ვალის გამო

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 22 მაისს სოფელ უდეში ნასესხები ფულის გადაუხდელობის გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკების დროს კაცმა 54 წლის ქალი მუცლის არეში სასიკვდილოდ დაჭრა. იგი ადგილზე გარდაიცვალა.

 

სალომე ჯორბენაძის მკვლელობა

 

ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე კაცის მსხვერპლია 19 წლის სალომე ჯორბენაძე. იგი 25 ივლისს ზესტაფონში მდებარე პარკში მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული მისი ყოფილი ქმარი, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი, სერგი საცერაძეა, რომელმაც სალომე ჯორბენაძე სამსახურებრივი-საშტატო იარაღით მოკლა.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიამ სალომე ჯორბენაძის მკვლელობის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. ორგანიზაციამ დაადგინა, რომ 3 წლის წინ სალომე ჯორბენაძის და სერგი საცერაძის ურთიერთობა ძალადობით დაიწყო – 2011 წელს 17 წლის სალომე სერგი საცერაძემ იარაღის მუქარით მოიტაცა. ზესტაფონის პოლიციამ სალომეს მოძებნაში მშობლებს დახმარება არ გაუწია და სალომე სერგი საცერაძის ცოლი გახდა. ქორწინების განმავლობაში, ასევე დაშორების შემდეგ, სერგი სალომეზე სისტემატურად ახორციელებდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას და იარაღით ემუქრებოდა. კონფლიქტების მიზეზი ბავშვისთვის ალიმენტის გადახდა და ეჭვიანობა იყო.

 

მკვლელობამდე სალომემ მიმართა ზესტაფონის პოლიციას, პროკურატურას და შსს-ს გენერალურ ინსპექციას და მოძალადისგან დაცვა მოითხოვა. მიუხედავად ამისა, მოძალადის შესაჩერებლად კანონით გათვალისწინებული არც ერთი ზომა არ გატარდა.

 

სალომე ჯორბენაძე
სალომე ჯორბენაძე

 

მკვლელობა ავტომობილის დაჯახებით

 

8 ოქტომბერს საგარეჯოს რაიონის სოფელ ვერხვიანში ქმარმა ცოლი მოკლა. შსს-ს ინფორმაციით, ქმარმა ცოლის მოკვლა ჯერ იარაღით სცადა. მას შემდეგ, რაც გასროლა ვერ მოახერხა, ცოლს საკუთარი ავტომობილით დაეჯახა. 41 წლის მელეიქა ადგილზე გარდაიცვალა.

 

მკვლელობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

 

17 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ცე კორპუსის მეორე სართულზე ყოფილმა ქმარმა  ლექტორი მარიამ წივწივაძე ლექციიდან გამოიყვანა და ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

 

მძიმედ დაჭრილი მარიამ წივწივაძე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩევნა ექიმებმა ვერ შეძლეს. მკვლელობამდე მაკა წივწივაძემ რამდენჯერმე მიმართა პოლიციას მისი ყოფილი მეუღლის მხრიდან ძალადობის და მუქარის შესახებ, თუმცა პოლიცია მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა.

 

მარიამ წივწივაძე
მარიამ წივწივაძე

 

მკვლელობა გურჯაანში

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18 ოქტომბერს გურჯაანის რაიონის სოფელ დარჩეთში, ურთიერთშელაპარაკებისას ქმარმა დანით ცოლს სასიკვდილო ჭრილობა მიიაყენა. იგი ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციამ რამდენიმე წუთში დააკავა.  

 

23 წლის გოგონას თვითმკვვლელობა

 

31 ოქტომბერს აჭარაში 23 წლის გოგონა ჩამომხრჩვალი იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. გარდაცვლილი გოგონას მშობლები აცხადებდნენ, რომ გოგონას  ოჯახური პრობლემები ჰქონდა. მათი მტკიცებით, მათი შვილი ძალადობის მსხვერპლი იყო და ამის შესახებ პოლიციასაც აცნობეს. შსს-ში აცხადებდნენ, რომ გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა პოლიციას 2008 წელს მიმართეს. გოგონა მაშინ დაკითხეს და იგი ძალადობაზე არ საუბრობდა. დაკითხვის ოქმში საუბარია ოჯახში კონფლიქტის შესახებ. შს სამინისტროს ცნობით,  ოჯახები მაშინ მორიგდნენ და მას შემდეგ პოლიციისთვის აღარ მიუმართავთ. 23 წლის გოგონას სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

 

საბი ბერიანის მკვლელობა

 

11 ნოემბერს თბილისში 23 წლის ტრანსგენდერი ქალი, საბი ბერიანი მოკლეს. შსს-ს ცნობით, მკვლელობის დასაფარად, მკვლელობაში ეჭვმიტანილმა საბის დროებით საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა იგი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვერსიის თანახმად, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა, რომელიც თანხას უკავშირდებოდა. თუმცა ოფიციალურ ვერსიასთან წინააღმდეგობაში მოდის ის ინფორმაცია, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) და “იდენტობა” ავრცელებენ. მათ 12 ნოემბერს ტრანსგენდერი ბიანკა შიგუროვა დაუკავშირდა, რომლის თქმითაც, საბის მკველობაში ბრალდებული მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე მას დაესხა თავს.

 

“ბიანკა შიგუროვას ახსნა-განმარტება აჩვენებს, რომ ბრალდებულმა მკვლელობის დღეს ძალადობა რამდენიმე დამოუკიდებელ ეპიზოდში ტრანსგენდერი პირების, როგორც ლგბტ თემის წევრების მიმართ განახორციელა და ამდენად, მისი ქმედება სავარაუდოდ  გენდერული იდენტობის გამო სიძულვილით იყო მოტივირებული. ეს გარემოება ეჭვებს აჩენს გამოძიების ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირებით, რომ მომხდარი ანგარებით ჩადენილ ტიპურ მკვლელობას წარმოადგენდა”,- ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში.

 

ტრანგენდერთა ხსოვნის დღე, რომელიც საბი ბერიანის ხსოვნას მიეძღვნა
ტრანგენდერთა ხსოვნის დღე, რომელიც საბი ბერიანის ხსოვნას მიეძღვნა

ორი მკვლელობა ერთ დღეში

 

17 დეკემბერს თბილისში, თემქაზე, დევნილთა დასახლებაში ქალი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. მეზობლების განცხადებით, ცხედარი მოკლულის შვილის მეგობრებმა აღმოაჩინეს. მათივე თქმით, ორი დღის განმავლობაში თავიანთი მეზობელი არ უნახავთ, მაგრამ ფიქრობდნენ, რომ იგი მშობლებთან კახეთში იმყოფებოდა. მეზობლების თქმითვე, ოჯახში მხოლოდ დედა და შვილი ცხოვრობდნენ.

 

17 დეკემბერს მკვლელობა მოხდა თელავის ერთ-ერთ რაიონშიც. შსს-ს ცნობით, ქმარმა, რომელიც ნასვამი იყო, შელაპარაკების ნიადაგზე ცოლი დანით გულ-მკერდის არეში დაჭრა. იგი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. კაცმა საკუთარი თავიც დაიზიანა და მუცლის არეში  ჭრილობა მიიყენა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი