ახალი ამბები

ხაზარაძის საქმე — ფულის გათეთრება თუ პოლიტიკური დევნა

26 ივლისი, 2019 • 3013
ხაზარაძის საქმე — ფულის გათეთრება თუ პოლიტიკური დევნა

პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს ფულის გათეთრების მუხლით წარუდგინა ბრალი. დაცვის მხარე ბრალდებას უარყოფს. მეტიც — აცხადებს, რომ ბრალდების შინაარსი მის ფორმულირებას არ ემთხვევა.

იმით, რაც საჯაროდაა ცნობილი, ნაადრევია შეფასება, ეს მართლაც ასეა თუ არა, თუმცა ბრალს მეტი დასაბუთება სჭირდება, — ეუბნებიან „ნეტგაზეთს“ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათი თქმით, თუ პროკურატურამ ბრალი არ დაასაბუთა, გაჩნდება კითხვები, ხომ არ უკავშირდება ეს საქმე ანაკლიის პორტს, მამუკა ხაზარაძის შესაძლო პოლიტიკურ ნაბიჯებს ან რაიმე სახის ანგარიშსწორებას.

რა ხდება?

“თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და მის პარტნიორს, ბადრი ჯაფარიძეს, ფულის გათეთრების შესახებ მოულოდნელად წარუდგინეს ბრალი. პროკურატურაში 24 ივლისის დილას ჩანიშნულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს:

„გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ მათ მიერ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“. მათ ბრალი იმავე დღეს წარუდგინეს, თუმცა სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავთ შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.

პროკურატურის თანახმად, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. ეს ნიშნავს, რომ ჯაფარიძეს და ხაზარაძეს ედავებიან ჯგუფურად ფულის გათეთრება, რასაც „თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“. მათ 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

„ბრალდების შეუსაბამო ფორმულირება“

ჯაფარიძისა და ხაზარაძის ადვოკატი ზვიად კორძაძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ პროკურატურის ბრალდება არ ემთხვევა ბრალდების შინაარსს. ბრალდების ფორმულირებაა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, ანუ ფულის გათეთრება, თუმცა, როგორც კორძაძე ამბობს, ის ფაქტები, რის გამოც ხაზარაძეს ედავებიან, ფულის გათეთრების ნიშნებს არ შეიცავს.

„[ფულის გათეთრებაზე რომ იყოს საუბარი,] ფულის წარმომავლობა უნდა იყოს უკანონო, ეს არ უნდა ჩანდეს და შემდეგ [ამ ფულს] უნდა მიეცეს კანონიერი სახე“, – ამბობს კორძაძე. ამ შემთხვევაში კი, მისი თქმით,  ფული ბანკის საკუთრება იყო,.

როგორც კორძაძე გვეუბნება, ბრალდების თანახმად, 2008 წლის აპრილსა და მაისში ორმა კომპანიამ — „სამგორი თრეიდმა“ და „სამგორი M“-მა — „თიბისი ბანკისგან“ აიღო სესხი, 17 მილიონი აშშ დოლარი [ამ ფაქტს დაცვის მხარე ადასტურებს]; კომპანიებმა მიღებული თანხა იმავე დღეს სესხისა და გადარიცხვის გზით ფიზიკურ პირებს – მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს გასცეს. კორძაძე ამბობს, რომ ბრალდების შინაარსი სწორედ ეს არის: „ეს არის ბრალში — 17 მილიონი გამოიტანეს და მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გამოიყენეს თვითონო. ეს უწერიათ და ეს არის გათეთრებაო“.

„სინამდვილეში, ბანკიდან გამოტანილი ფულის „გათეთრება“ ისეთივე ნონსენსია, როგორც დამწვარი წყალი, სველი ცეცხლი. ეს იურიდიულად ასეთი შეუთავსებელი ცნებებია“, — გვითხრა დაცვის მხარის ადვოკატმა.

ასეა ეს?

„ნეტგაზეთი“ საბრალდებო დასკვნას არ იცნობს. არც პროკურატურას და ჯერჯერობით არც დაცვის მხარეს დოკუმენტი არ გაუსაჯაროებია. პროკურატურას, გარდა აღნიშნული განცხადებისა, დამატებითი დეტალები არ უთქვამს. შესაბამისად, უცნობია, კონკრეტულად რაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ ხაზარაძისა და ჯაფარიძის ქმედებაში ფულის გათეთრების ნიშნები იკვეთება.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს ბრალდების დადგენილება და არ ვიცით, რა გარემოებებს ეფუძნება, შეგვიძლია ვისაუბროთ იმ ხარვეზებზე, რაც იყო ამ პროცესში“, — ამბობს იურისტი გია გვილავა, კორუფციაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი.

„თავად ის მუხლი, რაც ბრალდებაშია, პროკურატურის აქამდე გაკეთებული საჯარო განმარტებებით არ არის კარგად დასაბუთებული, როგორ მიესადაგება ამ კონკრეტულ შემთხვევას; რა გარემოებები დაინახეს იმის გარდა, რაც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია — რომ ტრანზაქციას ჰქონდა ადგილი და თანხა მიიღო ამ ადამიანმა. ამის გარდა, რითი ადასტურებენ, რომ ეს იყო ფულის გათეთრება [უცნობია]. [თუკი გათეთრებაზეა საუბარი,] ამ შემთხვევაში აქ უნდა იყოს საუბარი შავ ფულზე, რასაც ლეგალურ სახეს აძლევენ. ერთი შეხედვით, ასეთი სიტუაცია არ გვაქვს. ამიტომ პროკურატურის არგუმენტაცია რა არის, რას ათეთრებდა ხაზარაძე, უნდა განმარტონ“, — უთხრა გია გვილავამ „ნეტგაზეთს“.

გვილავას თანახმად, თუკი ბრალდება მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რასაც კორძაძე, დაცვის მხარის ადვოკატი, ამბობს — ანუ თუ ფული ბანკის/კერძო ორგანიზაციის იყო, იყო ლეგალური და დადგენილია, საიდან მოდის ეს ფული, მაშინ ფულის გათეთრება ვეღარ გამოდის: „თუ ბრალდებაში რამე სხვა აქვთ, უნდა გავეცნოთ და უნდა შევაფასოთ“.

იმავე აზრზეა იურისტი სულხან სალაძე, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარე. თუმცა, ამასთანავე, ამბობს: „რეალურად იმდენად მაღლაა [ამ საქმეზე] თამასა აწეული, რომ თუ გამოძიებას არ აქვს უტყუარი მტკიცებულებები და ამ მუხლით მიდის გამოძიებაზე, შეიძლება გაჩნდეს ეჭვები, რომ აქ პოლიტიკური მოტივები უფრო არის“.

შესაძლო პოლიტიკური მოტივი

„თიბისის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო 10 წლის წინანდელ ტრანზაქციებთან დაკავშირებით. თუმცა გამოძიების დაწყების შესახებ ცნობილი მხოლოდ იანვარში გახდა. ურთიერთბრალდებების მრავალთვიანი გაცვლა-გამოცვლის შემდეგ, ხაზარაძესა და სახელმწიფოს შორის ვითარება დაიძაბა:

ხაზარაძემ პარლამენტში ღია სხდომაზე მუქარაში დასდო ბრალი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ გავლენიან ფიგურას, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას [გახარია ბრალდებას უარყოფს]. მან ეჭვი გამოთქვა, რომ გამოძიება დაიწყო, რათა ის ანაკლიის პორტის — სტრატეგიული მნიშვნელობის პოტენციალის მქონე ობიექტის – პროექტიდან ჩამოეშორებინათ.

9 ივლისს ხაზარაძემ, — მულტიმილიონერმა ბიზნესმენმა, — 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების [რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვის ვიზიტის და დემონსტრაციის დარბევის] ფონზე გამოაცხადა, რომ „საზოგადოებრივ მოძრაობას“ აფუძნებს. კონკრეტულ გეგმებზე სექტემბერში ვილაპარაკებო, დაწერა მან, თუმცა პოლიტიკის კომენტატორების ნაწილს შთაბეჭდილება დარჩა, რომ ხაზარაძის ეს ინიციატივა მის პოლიტიკაში მოსვლას აუწყებდა საზოგადოებას.

სწორედ ამ განცხადებიდან 2 კვირის შემდეგ წარუდგინეს ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალი. საყურადღებო ამ საქმეში, სულხან სალაძის თანახმად, ისიც არის, რომ „არ გაცემულა პასუხი კითხვაზე, ვინ არის დაზარალებული“.

„მეორე საკითხი არის ის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთი აუდიტია ჩატარებული. თუ აუდიტორები ამ ტრანზაქციას არ ასახავენ, როგორც პრობლემას, საბანკო საქმიანობაში დადგენილი წესების დარღვევას, თუ ამავე დროს არსებობს დიდი კითხვის ნიშანი, არის თუ არა ეს ფულის გათეთრება, რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო ზრდის ამ თემის მიმართ საზოგადოების ინტერესსა და ყურადღებას ყველას მხრიდან“, — ამბობს სულხან სალაძე.

სალაძის თქმით, გაურკვევლობა და პროკურატურის დუმილი — მათ მიერ დეტალებზე საუბრისგან თავის შეკავება — კითხვებს აჩენს: „უკავშირდება თუ არა ეს ანაკლიის პორტს? უკავშირდება თუ არა ეს ხაზარაძის განცხადებას საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით? უკავშირდება თუ არა ეს რაიმე სხვა ტიპის ანგარიშსწორებას“?

აშშ-ისა და ბრიტანეთის გამოხმაურება

„ასეთი კითხვების რაოდენობა უახლოეს მომავალში მხოლოდ გაიზრდება, თუკი ძალიან მალე პროკურატურა არ დაადასტურებს, რატომ წაუყენეს ბრალი“, — ამბობს სალაძე. „მეტიც, მგონია, რომ არც ისე იოლია გავიხსენოთ ბევრი შემთხვევა, როდესაც აშშ-ის და ბრიტანეთის საელჩოებს ასე სწრაფად მოეხდინოთ რეაგირება… ის, რომ ისინი ამ თემაზე აფიქსირებენ პოზიციას და საუბრობენ გამოძიების მნიშვნელობაზე, ობიექტურობასა და თანმდევ პროცესებზე, ბევრ რამეზე მიანიშნებს“.

ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენიდან მეორე დღეს, 25 ივლისს დიდი ბრიტანეთის საელჩომ განაცხადა, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის წაყენებული ბრალდებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. „კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმის გარშემო პროცესები გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარიმართოს. ეს აუცილებელია ქართული საბანკო სექტორისთვის, ამ სფეროში მრავალმხრივი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ქვეყნის ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისათვის“, – აცხადებს საელჩო.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომაც მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა; მათ გამოთქვეს შეშფოთება „ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებსათან დაკავშირებით“. საელჩოს განცხადებაში წერია, რომ აშშ კვლავ მხარს უჭერს „ანაკლიის პორტის პროექტს, რომელიც ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოში და რომელსაც აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას“.

„მიუკერძოებელი და გამჭვირვალე სამართლებრივი სისტემა, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური გავლენისაგან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეში“, — წერია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

რას უნდა ველოდოთ ხაზარაძის “საზოგადოებრივი მოძრაობისგან”

მასალების გადაბეჭდვის წესი