ახალი ამბები

პროკურატურამ TBC-ის საქმეზე ტვ პირველის მფლობელის მამას ბრალი წაუყენა

22 აგვისტო, 2019 • 2764
პროკურატურამ TBC-ის საქმეზე ტვ პირველის მფლობელის მამას ბრალი წაუყენა

პროკურატურამ TBC-ს საქმეზე “ტელეკომპანია პირველის” მფლობელის, ვატო წერეთლის მამას, ავთო წერეთელს ბრალი წაუყენა. წერეთელი უწყებაში ბრალის წარდგენის მიზნით დღესაა დაბარებული, რის შემდეგაც პროკურატუა სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე:

“კერძოდ, გამოტანილია დადგენილება ავთანდილ წერეთლის ბრალდების შესახებ, მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

ავთანდილ წერეთელი დღეს დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით, რის შემდეგაც საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე”, – აცხადებენ უწყებაში.

აღნიშნულ საქმეზე ბრალი წაყენებული აქვთ TBC ბანკის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესაც. მათ 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ბრალს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ქმედებების მიზანი ანაკლიის პორტის მშენებლობის ხელშეშლაა. სწორედ მამუკა ხაზარაძე ხელმძღვანელობს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელიც პორტს აშენებს.

ვრცლად წაიკითხეთ:

რა კავშირშია თიბისის საქმე ტვ პირველსა და “არტარეასთან”

მასალების გადაბეჭდვის წესი