ახალი ამბები

ეროვნული ბანკი ხაზარაძისა და ჯაფარიძის გადაყენებას ითხოვს

14 თებერვალი, 2019 • 1853
ეროვნული ბანკი ხაზარაძისა და ჯაფარიძის გადაყენებას ითხოვს

ეროვნული ბანკი თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენებას ითხოვს. ბანკის მიერ დღეს, 14 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ აქციონერთა კრებას სამეთვალყურეო საბჭოდან მათი გაწვევისთვის 2- თვიანი ვადა აქვს.

“საქართველოს ეროვნული ბანკი მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება ფინანსური სექტორის სტაბილურობას. კომერციული ბანკების ზედამხედველობა საქართველოში საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება.ეროვნულმა ბანკმა, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის 2019 წლის 13 თებერვლის სხდომაზე განხილვის შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება  თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე. ამასთანავე, თიბისი ბანკის აქციონერთა კრებას მიეცა 2-თვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის. ამასთან, ეს გადაწყვეტილება არ ეხება არცერთი აქციოენერის საკუთრებაში არსებულ წილებს ბანკში.

ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა.

ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თიბისი ბანკი, მისი აღმასრულებელი მენეჯმენტით, ქვეყანაში და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციაა. თიბისი ბანკი ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტია და სრულად აკმაყოფილებს არსებულ ეკონომიკურ ნორმატივებსა და ლიმიტებს. ასევე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის აღნიშნული საზედამხედველო გადაწყვეტილება არ არის მიმართული თიბისი ბანკზე.

თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმსეგმენტზე დალისტული საჯარო კომპანიაა. გატარებული ღონისძიებები კიდევ უფრო გააუმჯობესებს ბანკის კორპორაციული მართვის ხარისხს, რაც თიბისი ბანკის შემდგომ განვითარებასა და ინვესტორებისათვის მიმზიდველობის გაზრდას უზრუნველყოფს,”-წერია სებ-ის განცხადებაში.

თიბისი ბანკში აცხადებენ, რომ 2007-2008 წლების ტრანზაქციაზე, რომლის საფუძველზეც ეროვნული ბანკი მოითხოვს, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ სამეთვალყურეო საბჭო დატოვონ, სამართლებრივ დავას აგრძელებენ. კომერციული ბანკის ინფორმაციით, ისინი გამოიყენებენ  ყველა სამართლებრივ საშუალებას ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.


მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში განაცხადა, რომ “თიბისი ბანკიდან” გამოძების ფარგლებში ამოიღო დოკუმენტაცია. უწყების თქმით, 2008 წლის აპრილში და მაისში შპს “სამგორი თრეიდმა” და შპს “სამგორი M-მა” “თიბისი ბანკისგან”, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს, საერთო ჯამში, 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი.

პროკურატურა ასევე ირწმუნება, რომ ამ კომპანიებისთვის ნასესხები თანხა “თიბისის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და ასევე, ბადრი ჯაფარიძემ ისესხეს, როგორც ფიზიკურმა პირებმა, შემდეგ კი ბანკმა ვალი ჩამოაწერა ორივე კომპანიას.

“თიბისი ბანკმა” გავრცელებულ ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ აღნიშნული ტრანზაქციები არაერთხელ შემოწმდა როგორც წინა, ისე ახალი ხელისუფლების პირობებში და იქ უკანონო ქმედებები არ ყოფილა.

თიბისი ბანკთან დაკავშირებით 22 იანვარს კომენტარი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმაც გააკეთა. მისი თქმით, საელჩო ყურადღებით აკვირდება მიმდინარე საგამოძიებო პროცესს.

“ბათუმელებმა” ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია ანაკლიის კონსორციუმთან დაკავშირებული ქართველი ბანკირის, მამუკა ხაზარაძის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.

“რაც შეეხება თქვენს შეკითხვას ბანკის მფლობელთან დაკავშირებით, ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესებს და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამას შეიძლება ჰქონდეს რაიმე გავლენა ანაკლიაზე, არამედ იმიტომ, რომ ამერიკული მფლობელობაც არის ამ ბანკში.

ჩვენი სურვილია, რომ საქართველომ მიაღწიოს წარმატებას. ასევე ჩვენი სურვილია, რომ ამერიკელმა ინვესტორებმა საქართველოში წარმატებულად იმოღვაწეონ და სწორედ ეს არის განმაპირობებელი იმისა, თუ როგორი იქნება ჩვენი მოქმედება მომდევნო პერიოდში,” – განაცხადა როს უილსონმა.

ამავე თემაზე

ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისის აქციების ფასი ეცემა

მასალების გადაბეჭდვის წესი