სააპელაციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი აკრიტიკებს “საერთო სასამართლოების შესახებ კანონში” ქართული ოცნების მიერ ინიციირებულ ცვლილებებს, რომელსაც უახლოეს დღეებში საბოლოოდ მიიღებენ და რომელიც არაერთი ანალიტიკოსის შეფასებით, ზღუდავს მოსამართლეების და მოქალაქეების უფლებებს სასამართლოსთან მიმართებაში.
ქეთევან მესხიშვილის პოზიციას უცვლელად გთავაზობთ:
“მეგობრებო, გავეცანი საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს.
კანონპროექტთან დაკავშირებით გეტყვით ჩემი, როგორც ერთი ჩვეულებრივი მოსამართლის აზრს, რომლისთვისაც მოსამართლეობა არ არის პანაცეა, არამედ თავისუფალი მოსამართლეობაა იდეა, რომლისთვისაც ამ პოზიციაზე ყოფნა ღირს.
საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების ნაწილი არ არის მოსამართლის თავისუფლების იდეასთან თავსებადი.
თუ აღნიშნული ცვლილებების „ლეგიტიმური“ მიზანი ის არის, რომ მოსამართლეების მხრიდან ლექცია- სემინარებში მონაწილეობამ, კონფერენციებზე აზრის გამოთქმამ, სამეცნიერო საქმემ და ა. შ. არ გააჩინოს სასამართლოს გაჯანსაღების, მეტი დემოკრატიული პროცესის წარმართვისა და ინდივიდუალური მოსამართლის კიდევ უფრო გაძლიერების საჭიროების განცდა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ სასამართლოში მიმდინარე ჯანსაღი თუ არაჯანსაღი პროცესის ინდიკატორი ჩვენი, მოსამართლეების გადაწყვეტილებებია. ჩვენი გადაწყვეტილებებით ჩვენ თავად ვწყვეტთ სხვასთან ერთად ჩვენსავე ბედს და ვაჩვენებთ თითოეული მოსამართლის მხრიდან თავისუფალი სუნთქვის მასშტაბს. და ეს უფრო ხმამაღლა მეტყველებს ყველა მოვლენაზე, ვიდრე კონფერენციასა თუ სემინარებში გამოთქმული რაიმე მოსაზრება.
ამიტომ, ამ ცვლილებებით ვერ მიიღწევა ის მიზანი, რაც შეიძლება ამ კანონპროექტს ჰქონდეს. სამაგიეროდ, მივიღებთ უამრავ შეზღუდვას, დაწესებულს თავისუფალი მოსამართლეებისთვის, ჩემი უამრავი საუკეთესო კოლეგისთვის.
ერთი რამ, რაც შეიძლება დაბეჯითებით გითხრათ, საკუთარი საქმის განსახილველად ყველა ისეთ მოსამართლეს ისურვებს, რომელიც თავისუფალი და მამაცია. თუ დღეს ვინმე ფიქრობს, რომ არ სჭირდება და მას კანონში ხანგრძლივი მივლინების ჩანაწერით დააშინებს, ხვალ მასაც აუცილებლად დასჭირდება ასეთი მოსამართლე.
ამიტომ, ნუ შეიტანთ კანონში ისეთ ცვლილებებს, რომელიც ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობისათვის ესოდენ საფრთხის შემცველია. არ გამოადგება ეს ხალხს, ქვეყანას და არც თქვენ, ამ კანონპროექტის ინიციატორებს, გრძელვადიან პერსპექტივაში”, – აცხადებს მესხიშვილი.
„ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით ცვლის „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონს.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ავტორებიც არიან „ქართული ოცნების“ წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა 27 ივნისამდე, ანუ 2-3 დღეში უნდა მიიღოს.
კერძოდ, „ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით ცვლის მოსამართლეთა დანიშვნის წესს და ზრდის მათ ხელფასებს, ცვლის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესს, ზღუდავს სასამართლო სხდომების გაშუქებას, აფართოებს დაინტერესებული პირის ცნებას და სხვა.
ვრცლად:
რას ცვლის „ოცნება“ დაჩქარებული წესით სასამართლოების შესახებ კანონში