სამართალი

კოალიცია: საქართველო მოწმის დაკითხვის თანამედროვე და გამართულ წესზე უნდა გადავიდეს

19 აგვისტო, 2015 • 1099
კოალიცია: საქართველო მოწმის დაკითხვის თანამედროვე და გამართულ წესზე უნდა გადავიდეს

2009 წელს მიღებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, გამოძიების სტადიაზე მხარის შუამდგომლობით მოწმე მხოლოდ სასამართლოში უნდა დაიკითხოს. ამ ცვლილებებს თანახმად, გამოძიების სტადიაზე მოწმე ნებაყოფლობით, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარემ გამოკითხოს. რაც შეეხება დაკითხვას, ის არ არის ნებაყოფლობითი ხასიათის და მხოლოდ კონკრეტულად განსაზღვრული გარემოებების შემთხვევაში შესაძლოა განხორციელდეს არა გამომძიებელთან, არამედ სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე. ამ ჩანაწერის ამოქმედების ვადად 2016 წლის 1 იანვარი არის განსაზღვრული. 

 

იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად კი, მაგისტრანტმა მოსამართლემ მოწმე სასამართლოში შეიძლება იძულებით დაკითხოს იმ შემთხვევაშიც, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოწმეს შეუძლია გამოძიებას მისცეს არსებითად მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ დანაშაულის შესახებ, რომელზედაც მიმდინარეობს გამოძიება და იგი გამოკითხვის გზით ინფორმაციის მიცემაზე უარს აცხადებს.

 

კოალიცია აცხადებს, რომ შემოთავაზებული კანონის პროექტი არ შეესაბამება საქართველოში არსებულ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემას და, ზოგადად, მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების ინტერესებს; ხელისუფლების მხრიდან შემოთავაზებული ხედვა სრულად არ ასახავს იმ პრობლემებს, რაც მოწმის დაკითხვის მოქმედ წესს უკავშირდება და  მოგვარებას საჭიროებს.

 

“კანონპროექტი წინააღმდეგობაშია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სულისკვეთებასთან და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მოქმედ სისტემასთან. კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებები თვისობრივად შეუთავსებელია მხარეთა თანასწორობაზე დაფუძნებულ შეჯიბრებითობის პრინციპთან. ამ პირობებში ჯვარედინი დაკითხვის უფლება ფიქტიურ ხასიათს ატარებს და მხარეთა თანასწორობის მიღწევა შეუძლებელი ხდება. ამასთან, მნიშვნელობას კარგავს საქმის არსებითი განხილვის ეტაპი და ამ ეტაპზე მოწმის სანდოობის შემოწმება (უშუალობის პრინციპი), რამდენადაც მოწმეს სავალდებულო წესით უკვე გაცხადებული აქვს საკუთარი ჩვენება, რომლის შეცვლაც მისთვის კონკრეტულ სამართლებრივ პასუხისმგებლობას უკავშირდება,”– აცხადებს კოალიცია.

ასევე, კოალციიის განცხადებით, შეჯიბრებითი სისტემის პირობებში შემოდის ამ სისტემისთვის სრულიად უცხო ინსტიტუტი, რაც წარმოადგენს ინკვიზიციური სისტემისთვის დამახასიათებელ წინასწარი გამოძიების ეტაპზე მოწმის იძულებითი დაკითხვის სახეცვლილ ვერსიას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა 114-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ქმნის გამონაკლისის ზოგად წესად ქცევის რეალურ შესაძლებლობას.

კოალიცია ასევე აღნიშნავს, რომ შემოთავაზებული კანონის პროექტით მოწმეთა მიერ ჩვენების მიცემა და მათი თანამშრომლობა კვლავ სამართლებრივ ვალდებულებად განისაზღვრება:

 

“კანონპროექტი არ ითვალისწინებს მხარეთა (რაც განსაკუთრებით აქტუალურია ბრალდების მხარესთან მიმართებით) მიერ მოწმეებთან თანამშრომლობის და მათი დათანხმების აუცილებლობას/საჭიროებას. ამ პირობებში გამოკითხვის პროცედურა არაეფექტური და ნომინალური ხდება, რაც მთლიანად საგამოძიებო მოქმედების საჭიროებას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და ხელს არ უწყობს მოქალაქეებთან სამართალდამცავი ორგანოების ნორმალური ურთიერთობის უნარებისა და ნების გაზრდას,”– წერია განცხადებაში. 

კოალიცია საუბრობს სასამართლო რესურსიც პრობლემაზეც. მათი განცხადებით, თუკი მოწმეთა დაკითხვა შეიძლება მოხდეს ორივე მხარის მიერ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ცალ-ცალკე, ერთი მხრივ, ჩნდება დამატებითი საპროცესო ეტაპი (მოწმეთა დაკითხვა), რომელიც აღარ იქნება საგამონაკლისო შემთხვევა, ამავდროულად, სასამართლო სისტემის რესურსი შეიძლება გაუმართლებლად შეიზღუდოს, რაც დაუშვებელია არსებული რეალობის და სახელმწიფო სახსრების ეფექტურად ხარჯვის პრინციპის გათვალისწინებით. 

კოალიცია ასევე აცხადებს, რომ  ხელისუფლება, განსაკუთრებით კი სამართალდამცავი ორგანოები, ვერ ასაბუთებენ, რა სისტემურ ხარვეზს შეიცავს მოწმის დაკითხვის ის მოდელი, რაც 2009 წელს იქნა კოდექსით გათვალისწინებული. მათი განცხადებით, ამ დრომდე შესაბამისი ორგანოების მიერ გაკეთებული ყველა განმარტება მიუთითებს, რომ ისინი ახალი წესის ამოქმედებას მხარს არ უჭერენ „გამოძიების გართულების“ მოტივით, რაც, კოალიციის განცხადებით, სისტემურ არგუმენტს არ წარმოადგენს.

  

კოალიციის განცხადების თანახმად, ისინი სრულად უჭერენ მხარს მოწმის დაკითხვის ახალი რეგულაციის (2009 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული) ამოქმედებას სრულად უჭერს მხარს. ისინი აცხადებენ, რომ შესაძლო ხარვეზების აბსტრაქტულ დონეზე გამოვლენა და მსჯელობა ფუჭი იქნება პრაქტიკაში საკითხის დანერგვის გარეშე. ასევე, კოალიცია აცხადებს, რომ გადავადებული მოდელი სისტემური თვალსაზრისით გამართულად შეფასდა საერთაშორისო ექსპერტის მხრიდანაც მაშინ, როცა არსებითად ხარვეზიანად იქნა შეფასებული იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი.

 

“საქართველო უპირობოდ უნდა გადავიდეს მოწმის დაკითხვის გამართულ და თანამედროვე წესზე. ეს კი გულისხმობს მოწმესთან თანამშრომლობას, მის დარწმუნებას, მონაწილეობა მიიღოს მართლმსაჯულების პროცესში, მის დაცულობას, პატივისცემას და მხარდაჭერას. პარალელურად, საგამოძიებო ტექნიკის და მეთოდოლოგიის დახვეწა უნდა მოხდეს იმგვარად, რომ იძულების გზით მოწმისგან მიღებული ინფორმაცია არ იყოს ერთადერთი წყარო და იმედი გამოძიებისთვის და მან ალტერნატიული მეთოდებით მოახერხოს პროგრესის მიღწევა დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიების პროცესში,”– აცხადებს კოალიცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი