სამართალი

ვახტანგ ხმალაძე: ამჟამინდელი პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ შეძლებს

6 მაისი, 2015 • • 1626
ვახტანგ ხმალაძე: ამჟამინდელი პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ შეძლებს

მას შემდეგ, რაც ბოლოს გამოცხადებული ნდობის შემდეგ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა 7 მინისტრით განახლდა, რაც მთავრობის შემადგენლობის ⅓-ით განახლებას ნიშნავს, გაჩნდა მთავრობისადმი პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების აუცილებლობა. თუმცა ამ შემთხვევაში სადავო და საკვანძო საკითხია, ითვლება თუ არა ნდობის გამოცხადების საჭიროების მქონე მთავრობის უფლებამოსილება შეწყვეტილად.

 

კონსტიტუციონალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ მდგომარეობით მთავრობას (პრემიერ-მინისტრს, სახელმწიფო მინისტრებს და მინისტრებს) უფლებამოსილება შეწყვეტილი აქვთ. უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მთავრობა მოვალეობის შემსრულებელია და პრეზიდენტმა მოქმედი პრემიერის მიერ შეთავაზებული მინისტრების ნაცვლად, უმრავლესობასთან ერთად პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა უნდა შეარჩიოს და ის წარუდგინოს პარლამენტს.

 

იურისტებისა და საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტების მეორე ნაწილი ამბობს, რომ მთავრობის ⅓ -ით განახლების შემთხვევაში უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი არ დგება, ამიტომ პრეზიდენტსა და უმრავლესობას არ აქვს უფლება პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე შეთანხმდნენ და პრეზიდენტმა თანამდებობაზე მყოფი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ განახლებული მთავრობა უნდა წარუდგინოს პარლამენტს.

 

“პრეზიდენტს არ ჰქონდა უმრავლესობასთან პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე შეჯერების უფლება.  კომტიტუციის 811 მუხლში პირდაპირ წერია, რომ მთავრობის შემადგენლობის ⅓ განახლების შემთხვევაში პრეზიდენტი მთავრობის შემადგენლობას წარუდგენს პარლამენტს ნდობის მისაღებად. შემდეგი პროცედურა წარდგენისას არის პირდაპირ ნდობის გამოცხადების პროცედურა,”- ამბობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე.

 

კონსტიტუციით, მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების ვალდებულება წარმოიქმნება ოთხ შემთხვევაში: 1. მთავრობის უფლებამოსილების მოხსნის შემდეგ, მთავრობის შექმნისას (როდესაც საპარლამენტო არჩევნები იმართება); 2. როდესაც პრემიერ-მინისტრი გადადგება და მთავრობა ხელახლა იქმნება; 3. როდესაც მთავრობას პარლამენტი უნდობლობას უცხადებს და ახალი მთავრობა იქმნება და 4. როდესაც უკვე ნდობაგამოცხადებული მთავრობა ⅓ -ით განახლდება.

 

ყველა შემთხვევაში, გარდა ბოლო შემთხვევისა, ნდობის გამოცხადების გაჩენის აუცილებლობის დროს მთავრობას უფლებამოსილება უწყდება და ისინი მოვალეობის შემსრულებლები ხდებიან. ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ კონსტიტუციის თანახმად, უფლებამოსილება მთავრობას არ უწყდება ⅓-ით განახლების შემთხვევაში გამოწვეული ნდობის გამოცხადების საჭიროების გამო.

 

“პირველ სამ შემთხვევაზე კონსტიტუციაში ეს [უფლებამოსილების შეწყვეტა] წერია და მეოთხე შემთხვევაში წერია სხვა რამ,  რომ თუ ⅓-ით განახლდა მთავრობა, მაშინ ხდება ნდობის საკითხის დასმა და არ წერია იქ, რომ ⅓-ით  განახლების შემთხვევაში, ეს მთავრობა მოვალეობის შემსრულებელია. რადგან არ წერია, ის არ არის მოვალეობის შემსრულებელი”,- ამბობს ხმალაძე.

 

მისივე თქმით, რადგან მთავრობის ⅓-ით განახლების შემთხვევაში უფლებამოსილება მთავრობას არ უწყდება, შესაბამისად, უმრავლესობა აღარაა ვალდებული პრეზიდენტთან შეათანხმოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და შემდეგ პრეზიდენტმა წარუდგინოს იგი პარლამენტს, როგორც ეს მოხდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგ, როდესაც მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი წარადგინა, ან 2013 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის გადადგომის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა წარადგინა ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატირა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.

 

“თუ სურვილი იქნებოდა, რომ აქ ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა დამდგარიყო, მაშინ უნდა ყოფილიყო ასეთი ჩანაწერი, რომ  “მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ⅓-ით განახლების შემთხვევაში [მთავრობის უფლებამოსილება] შეწყვეტილად ითვლება”. ანუ მთავრობა გადამდგარად ითვლება. მაშინ დაიწყებოდა ახალი პროცესი თავიდან”,- ამბობს ხმალაძე.


კონსტიტუცია/რადიო თავისუფლების ფოტო
კონსტიტუცია/რადიო თავისუფლების ფოტო

 

მეორე საკითხი, რომელიც კონსტიტუციის განსხვავებული ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, უკავშირდება ნდობის გამოცხადების პროცედურას მთავრობის ⅓-ით განახლების შემთხვევაში. ასეთ დროს მოქმედებს 811 მუხლი, რომელიც ამბობს, რომ პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება ხდება კონსტიტუციის მე-80 მუხლით დადგენილი წესით.  მე-80 მუხლის პირველ სამ პუნქტში საუბარია ისეთ ვითარებაზე, სადაც მთავრობას უფლებამოსილება შეწყვეტილი აქვს, რაც ნიშნავს, რომ იმ ვითარებასთან მივდივართ, როცა მინისტრების გარდა, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაც ხელახლა უნდა დასახელდეს. თუმცა ხმალაძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ლოგიკურია მოქმედება მე-80 მუხლის მე-4 პუნქტით დავიწყოთ, ვინაიდან ეს პუნქტი ადგენს ნდობის გამოცხადების წესს პარლამენტისთვის მთავრობის წარდგენის შემდეგ. თუმცა კონსტიტუციაში კონკრეტული ჩანაწერი, რომ ამ შემთხვევაში მაინცდამაინც კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-4 პუნქტით უნდა ვიხელმძღვანელოთ, არ არის.

 

“მე პირადად მიმაჩნია, რომ ეს არის ის ტექნიკური ხარვეზი, რომლის გამოც არამკაფიო გახდა ნორმა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამის სხვაგვარი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი. კონსტიტუტიციის მე-80 მუხლი მთლიანობაში ეხება, არჩევნების შემდეგ რა პროცედურები იმართება. 811 მუხლში, სადაც ნდობის გამოცხადებაზეა საუბარი, მთავრობის განახლების შემდეგ, არის მითითება, რომ ნდობის გამოცხადება ხდება მე-80 მუხლით დადგენილი პროცედურით. წერია, რომ არა პრემიერ-მინისტრის წარდგენა, არა მთავრობის ფორმირება, არამედ ნდობის გამოცხადება. ნდობის გამოცხადების საკითხი კონსტიტუციაში იწყება მე-80 მუხლის მე-4 პუნქტიდან. ეს პირდაპირ არ წერია კონსტიტუციაში, მაგრამ რადგან 811 მუხლის მეორე პუნქტი ამბობს, რომ ნდობის გამოცხადება ხდება მე-80 მუხლის მიხედვით, ჩვენ უნდა დავიწყოთ მე-80 მუხლის იმ პუნქტიდან, რომლითაც განისაზღვრება ნდობის გამოცხადების პროცედურა. წინ რა უძღვის იმას, ეს სხვა საკითხებია”,- ამბობს ხმალაძე.

 

კონსტიტუციის სხვაგვარად წაკითხვის საშუალებას იძლევა ისეთი საკითხები, რომლებიც კონსტიტუციაში ხაზგასმული არ არის, ანუ არ წერია.  “ნეტგაზეთის” შეკითხვაზე – ხომ არ გეგმავს საკონსტიტუციო რეფორმაზე მომუშავე სახელმწიფო კომისია დაკონკრეტდეს ნორმები და, მაგალითად, კონსტიტუციაში პირდაპირ გაჩნდეს ჩანაწერი, რომ, ვთქვათ, 811 მუხლის შემთხვევაში უნდა ვიხელმძღვანელოთ მე-80 მუხლის მეოთხე პუნქტით, ან ჩანაწერი, რომ მთავრობის ⅓-ით განახლების შემთხვევაში მთავრობას უფლება-მოსილება არ უწყდება, ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ ამ მოწვევის პარლამენტის ფარგლებში საკონსტიტუციო ცვლილებები ვეღარ მოესწრება.

 

საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება უფრო რთული პროცესია, ვიდრე სხვა ნებისმიერი კანონის მიღება ან შეცვლა. ეს არა მხოლოდ მეტ დროს, ასევე, პარლამენტში მეტი ხმების კონსოლიდაციას მოითხოვს. კონსტიტუციაში ცვლილებების შემთხვევაში, უნდა მომზადდეს ცვლილებების პროექტი, ამის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით ერთთვიანი საჯარო განხილვები უნდა მოეწყოს და მოსახლეობას განემარტოს, თუ რა იცვლება ქვეყნის მთავარ კანონში. მას შემდეგ, რაც პროექტი პარლამენტში შევა, კანონმდებლებმა ის ორი ვოტუმით უნდა მიიღონ 3-თვიანი ინტერვალით სხვადასხვა სესიაზე და მხარი მინიმუმ 113-მა დეპუტატმა (უმრავლესობამ და უმცირესობამ) უნდა დაუჭიროს.

 

“ზოგადად მე მიმაჩნია, რომ კონსტიტუციური ნორმები უნდა იწერებოდეს ისე, არათუ მხოლოდ კონსტიტუციონალისტებმა, არათუ მხოლოდ იურისტებმა, არამედ ჩვეულებრივმა მოკვდავმაც, ვისაც არ აქვს სამართლებრივი განათლება, მანაც უნდა შეძლოს ამის გაგება. ბუნებრივია, ამას ვეცდებით, მაგრამ მე ძალიან მეპარება ეჭვი ამ პარლამენტმა საერთოდ რაიმე ცვლილების შეტანა შეძლოს კონსტიტუციაში”,- ამბობს ხმალაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი