სამართალი

პარტიზანი მებაღეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტას ითხოვენ

8 იანვარი, 2015 • 1303
პარტიზანი მებაღეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტას ითხოვენ

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 პარტიზანი მებაღის, ნატა ფერაძის, ირაკლი კიკილაშვილის, მზია ნადარაიასა და ლუკა ბახსოლიანის სასამართლო პროცესი გაიმართა. მათ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 3 მუხლით აქვთ წაყენებული, რაც წვრილმან ხულიგნობას (166–ე), პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (173–ე) და მანიფესტაციის წესის დარღვევას 1741 მუხლის მეოთხე ნაწილი) მოიცავს.

30 დეკემბერს თბილისის საკრებულო სოლოლაკის ქედისთვის სტატუსის შეცვლის საკითხს იხილავდა. პარტიზანი მებაღეების განმარტებით, მათ სწორედ ამ სხდომაზე სურდათ დასწრება, რაც, მიუხედავად იმისა, რომ საშვები ქონდათ, ვერ მოახერხეს. მათი თქმით, გადაწყვიტეს, რომ პროტესტი საკრებულოს ცენტარალურ შესასვლელთან მჯდომარე აქციით გამოეხატათ.

 

სასამართლო სხდომაზე დღეს პოლიციელმა ოთარ ჯავახაძემ, რომელიც 30 დეკემბერს პარტიზანი მებაღეების დაკავებაში მონაწილეობას იღებდა, განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებმა ადმინისტრაციული შენობის შესასვლელი გადაკეტეს. მისივე თქმით, მოქალაქეების მიერ შესასვლელის გადაკეტვამ “უშუალოდ ამ ადმინისტრაციული შენობით მოსარგებლე პირების არშეშვება” გამოიწვია.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ პოლიციის ლეგიტიმურ მოთხოვნას და “განაგრძობდნენ აღნიშნულ ქმედებას”. მისი თქმით, პოლიციელებმა რამდენჯერმე მოუწოდეს აქციის მონაწილეებს, რომ ამდგარიყვნენ და განუმარტეს, თუ რატომ იყო მათი ქმედება სამართალდარღვევა. როგორც ჯავახაძე ამბობს, რადგანაც აქციის მონაწილეები პოლიციის მოწოდებას არ დაემორჩილნენ, პოლიციას ქონდა მათი ქმედების აღკვეთის უფლება.

მოგვიანებით ჯავახაძემ განმარტა, რომ პოლიციელების მხრიდან აქციის ჩაშლის მცდელობა არ ყოფილა.

პარტიზანი მებაღეების ადვოკატი, ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ აქციაზე დაახლოებით 50 ადამიანი იყო და მათი მიზანი შენობის ბლოკირება რომ ყოფილიყო, ისინი საკრებულოს სხვა შესასვლელებთანაც მოახერხებდნენ აქციის მოწყობას.

“ეს რომ არ ყოფილა მიზანი, იქიდან გამომდინარე ვამტკიცებთ ჩვენ ამას, რომ ეს ფაქტი არ მომხდარა, ანუ ყველა შესასვლელის გადაკეტვა არ მომხდარა და პირიქით, თუკი ვინმეს უნდოდა შენობაში შესვლა, შეეძლოთ თავისუფლად შესულიყვენენ და შევიდნენ კიდეც. არავის ხელი არ შეშლია შესვლაში. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, ალბათ პატივცემული პოლიციის თანამშრომლები წარმოგვიდგენდნენ ერთ–ერთ ადამიანს მაინც ვინმეს, როემლიც დაზარალდა ამ აქციის შედეგად: მაგალითად, ვერ შევიდა შენობაში,”– თქვა ადვოკატმა.

მისივე განცხადებით, მოელის, რომ სასამართლო შეწყვეტს  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე წარმოებას, რადგანაც საქმის განხილვამ კიდევ ერთხელ  ცხადყო, რომ არ დასტურდებოდა რაიმე ტიპის სამართალდარღვევა დაკავებული პირების მხრიდან.

“მათი ქმედება სრულად ჯდებოდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ფარგლებში და არ მომხდარა ამ ფარგლებიდან გასვლა,“– თქვა მან.

“ბრალდების მხარე აშკარად სუსტი იყო, ძალიან ძლიერი არგუმენტები ქონდა ჩვენს ადვოკატს,“– განაცხადა სხდომის დამთავრების შემდეგ ნატა ფერაძემ, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირთაგან ერთ–ერთია.

მისი თქმით, ამ სასამართლოს გადაწყვეტილებას მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს:

“ეს იქნება ერთ–ერთი გადამწყვეტი განაჩენი, იმიტომ, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა არის გამოცხადებული სარეკრეაციო ზონების სტატუსების. ძალაინ ბევრი სამოქალაქო პროტესტი დაგვჭირდება კიდევ და ძალაინ მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ადეკვატურად აფასებდეს სამოქალაქო პროტესტს,”– ამბობს ნატა ფერაძე.

სასამართლო გადაწყვეტილებას 16 იანვარს, 10:55–ზე გამოაცხადებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი