სამართალი

“შეწუხებულები ვართ, რომ საზოგადოების კითხვებს ვერ ვპასუხობთ, ვიყურებით პროკურატურისკენ”

31 ივლისი, 2014 • • 974
“შეწუხებულები ვართ, რომ საზოგადოების კითხვებს ვერ ვპასუხობთ, ვიყურებით პროკურატურისკენ”

ბატონო ირაკლი, საკონსულტაციო საბჭომ მსოფლიო პრაქტიკა და გამოცდილება უნდა გაუზიაროს ქართველ კოლეგებს.
თქვენი აზრით, რას შეცვლის ეს პროკურატურის საქმიანობაში?


ეს გაზრდის საქმის გამოძიების ხარისხსა და ნდობას, განსაკუთრებით საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ყოველთვის, როცა ისმის კითხვები პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, ჩვენ მთავრობას აქვს ერთმნიშვნელოვანი პასუხი – ამ ხელისუფლების ერთ-ერთი დამსახურება ისაა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი საკმაოდ გაიზარდა. შესაბამისად, პროკურატურას მოეთხოვება არა როგორც ადრე იყო – ბრალდება უნდა წარედგინა და მოსამართლე იმას აკეთებდა, რასაც პროკურატურა მოითხოვდა, არამედ უფრო პროფესიონალურად გამოიძიოს საქმე, მტკიცებულებები მყარი იყოს. ამ მხრივ მათი გამოცდილების გაზიარება მოგვცემს იმას, რომ უფრო მეტად ხარისხიანი იყოს ყველაფერი.

ირაკლი სესიაშვილი
ირაკლი სესიაშვილი

თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენ ხანს რჩებიან საქართველოში ისინი და როგორია მათი მუშაობის პრინციპი?


არა მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია.


ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ხომ არ აფინანსებს მათ ვიზიტს – მგზავრობის, ცხოვრებისა და მუშაობის ხარჯებს?


არ ვიცი.


თქვენ როგორ აფასებთ პროკურატურის მუშაობას?


პროკურატურის წინაშე არის სერიოზული გამოწვევა. საზოგადოების მთავარი მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენაა. არ ვამატებ, ათი ათასობით საქმეზეა განცხადება და საჩივარია პროკურატურაში შესული, მათ შორის ათი ათასზე მეტი განცხადებაა ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით. წამების ფაქტებზე ასევე ასობით საქმე და განცხადებაა. გარდა ამისა, ყოველდღიური საჩივარი, მაშინ როცა ქვეყანას სულ 350 პროკურორი ჰყავს. ხელისუფლების შეცვლამდე პროკურორების დიდ ნაწილს ჰქონდა დიქტატორული გამოცდილება, ანუ პოლიტიკურად იმართებოდნენ და მათ პროფესიონალიზმი არ მოეთხოვებოდათ, მთავარი იყო საქმე როგორმე მიეტანათ სასამართლოში. სისხლის სამართლის საქმეებზე 99 პროცენტს სასამართლო იძიებდა ისე, როგორც ამას პროკურატურა შესთავაზებდა. ასეთ ფონზე პროკურატურას ერთის მხრივ ჰქონდა პრობლემა, რომ ის პროკურორები ვერ გამოიძიებდნენ იმ საქმეებს, რომელზეც მოქალაქეები ჩიოდნენ. მეორე პრობლემა ის იყო, რომ უზომოდ ბევრი იყო საჩივარი და ფიზიკურად ამ საჩივრების წაკითხვასაც კი ვერ შეძლებდნენ პროკურორები. მესამე – როცა გადადიხარ ახალ რელსებზე და სასამართლოს დამოუკიდებლობას აღიარებ, პროფესიონალიზმის მაღალი სტანდარტი მოგეთხოვება. გარდა ამისა, ბევრი დრო წაიღო საკადრო და საკანონმდებლო ცვლილებებმა. იუსტიციის სამინისტროს გამოეყო მთავარი პროკურატურა.


ამ ფონზე შესაძლოა პროკურატურის ბევრი სუსტი წერტილი დაინახონ, თუმცა მე მიმაჩნია, რომ თუ რაიმე სუსტი მხარე აქვს პროკურატურას, ეს მომდინარეობს იქედან, რომ პროკურატურას რთული მემკვიდრეობა შეხვდა. თუკი რომელიმე უწყებას აქვს დღეს გამოწვევა, ეს სწორედ პროკურატურაა. ვიცი, რომ უწყებაში ინტენსიურად მუშაობენ ბევრ გახმაურებულ საქმეზე. ეს საქმეები პოლიტიკურად ძალიან მგრძნობიარეა და, ბუნებრივია, ჩვენ შეწუხებულები ვართ, რომ საზოგადოების კითხვებზე პასუხებს ვერ ვცემთ, ვიყურებით პროკურატურისკენ, რომელიც ხელისუფლების შემადგენელი ნაწილია. საერთო ჯამში პასუხისმგებლობა ჩვენ გვეკისრება.


იმ პრობლემების ჩამოთვლის შემდეგ, რაზეც თქვენ საუბრობთ, სამართლიანობის აღდგენის ყბადაღებულ თემას რა უშველის?


ეს არ არის თოფი, რომელშიც ტყვიას ჩადებ და გაისვრი. ჩვენ სამართლიანობის აღდგენა უსამართლოდ არ გვინდა, ჩვენ გვინდა სამართლიანობის აღდგენა ობიექტურ საგამოძიებო და სასამართლოს პირობებში. როცა მიხეილ სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, ერთი ხელის მოსმით დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მოთხოვნა და შევარდნაძისდროინდელი, თუნდაც კორუმპირებული თანამდებობის პირები ჩაყარა ციხეში. იმ წამსვე გაფუჭდა სასამართლო ხელისუფლება – დაიწყო სასამართლოს გამოყენება ვიწრო, ხელისუფლების ინტერესებისთვის. ჩვენ ვუწესებთ მაღალ სტანდარტებს საკუთარ თავს და ვამბობთ, რომ უნდა დასრულდეს სასამართლოზე ზეწოლა. ჩვენ არ ვერევით მათ საქმიანობაში. საზოგადოების კრიტიკას ვუძლებთ დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების ხარჯზე. ეს პროცესი იქნება ხანგრძლივი, რთული, თუმცა სამართლიანი. თუნდაც ერთ მოსამართლეზე რომ მოვახდინოთ ზეწოლა, ეს იქნება ჩვენი ცდუნების საწყისი. შესაბამისად, საზოგადოება უნდა დაგვეხმაროს და გაიაზროს, რა რისკზე მივდივართ. ეს პოლიტიკური რისკია, მაგრამ ჩვენ გვინდა დემოკრატიული სახელმწიფო ავაშენოთ.


პროკურატურის საკადრო ცვლილებებზე რა ინფორმაციას ფლობთ?


მხოლოდ არჩილ კბილაშვილის დროს 150 პროკურორი შეიცვალა.


ჩემი ინფორმაციით, მაგალითად, აჭარის პროკურატურის პროკურორები, რომლებიც ადრე პოლიტპატიმრების საქმეზე იყვნენ სახელმწიფო ბრალმდებლები, არჩილ კბილაშვილის დროს დააწინაურეს…


კი, მეც მსმენია ამის შესახებ. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების პოლიტიკურმა მაფიამ გასვარა ძალიან ბევრი პროფესიონალი, მათ შორის ათი ათასობით სახელმწიფო მოხელე – პოლიციელი, პროკურორი, მოსამართლე… მათ ან აიძულებდნენ პოლიტიკური დაკვეთების შესრულებას, ან თავად უნდა გამხდარიყვნენ მსხვერპლი. ზოგმა ვერ გაუძლო…
აქვს საზოგადოებას პრეტენზიები და ეს შეიძლება სამართლიანია, თუმცა, ვფიქრობ, ზოგს მეორე შანსი უნდა მივცეთ. ბევრ მათგანს კი, ჩემი აზრით, საერთოდ უნდა აეკრძალოს საჯარო სამსახურთან შეხება, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება იმიტომ არ ჩქარობს, რომ კანონის უზენაესობა იყოს დაცული. თუ პროკურორს დანაშაული აქვს ჩადენილი, ეს ისევ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. თუ რომელიმე მოსამართლეს გადაცდომა ჰქონდა, პროკურატურა ადრე თუ გვიან ამ დანაშაულს გახსნის. ადამიანი სამსახურიდან ეჭვის გამო რომ გავუშვათ, ეს იქნება ისევ იმ კარუსელის დატრიალება, რასაც საკუთარი სამართლით მოქმედება ჰქვია.


გაქვთ თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროკურატურა ხშირად არღვევს კანონს, მაგალითად, ჟურნალისტებს საჯარო ინფორმაციას არ გვაწვდის?


ჩემი პასუხი იქნება ძალიან მკაცრი. ნებისმიერი საჯარო უწყება, რომელიც საჯარო ინფორმაციას არ გასცემს, არღვევს სახელმწიფოსა და ხელისუფლების მმართველობის დემოკრატიულ პრინციპებს. ყველას მოვუწოდებ, რომ დაფიქრდეს. ჩვენ გვირჩევნია საჯარო ინფორმაციის გაცემით მივიღოთ კრიტიკა, თუ ამის ღირსი ვართ და გამოვასწოროთ, ვიდრე ეს საშიშ ჩვევად გადაგვექცეს. თუ ასეთი ფაქტები გაქვთ, აუცილებლად ჩართეთ პარლამენტი და პასუხს მოვითხოვთ.


ისევ პირველ კითხვას მინდა დავუბრუნდე: ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უცხოელი პროკურორების მოწვევა შეიძლება ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებით იყოს მოტივირებული, რამდენად ობიექტურად გეჩვენებათ?


არ ვიცი, ვერ გეტყვით.

მასალების გადაბეჭდვის წესი