სამართალი

“დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 3 დღისა” – უარესდება თუ არა ინფორმაციის თავისუფლების კანონი?

11 ივლისი, 2014 • • 1817
“დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 3 დღისა” – უარესდება თუ არა ინფორმაციის თავისუფლების კანონი?

მაია წიკლაური, Media.ge–ის რედაქტორი ხშირად მიმართავს სხვადასხვა უწყებას საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისთვის წერილობით. მისი თქმით, ახალმა წესმა ინფორმაციის გაცემის ვადაზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს:  


“აქამდე, როცა ვითხოვდით ინფორმაციას, რა თქმა უნდა, ყოველთვის არ მოდიოდა დაუყოვნებლივ, მაგრამ იყო შემთხვევები, მაგალითად, კომუნიკაციების კომისიიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მიგვიღია ინფორმაცია შეტანის დღეს თუ არა, მეორე დღეს მაინც. ერთი მხრივ, კარგია, რომ დაზუსტდება ეს 3 დღე, მაგრამ მეორე მხრივ, შეიძლება იმათ, ვინც დაუყოვნებლივ გვაწვდიდა ინფორმაციას, ახალი ვადა ცუდად გამოიყენონ”.

 

ეთერ თურაძე, “გაზეთ ბათუმელების” მთავარი რედაქტორი ამბობს, რომ მის პრაქტიკაში ვერ იხსენებს თითქმის ვერც ერთ შემთხვევას, როდესაც კანონში არსებული ჩანაწერი “დაუყოვნებლივ” ისე შესრულდა, რომ მან საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიიღო:


“ჩვენ გვაქვს კანონში განსაზღვრული ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცემა, მაგრამ ეს ნორმა არ მუშაობს. მე არ მქონია პრაქტიკაში არც ერთი შემთხვევა, როდესაც ოფიციალური ინფორმაცია გამომითხოვია და იმის გათვალისწინებით, რომ კანონი ავალდებულებდათ საჯარო სამსახურებს ჰქონოდათ რეაქცია – ერთი დღის ვადაში მოეწოდებინათ ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ დიდად არაფერს ცვლის, თუ ვადებთან დაკავშირებით კანონში იქნება მეტი კონკრეტიკა და მეტი ვალდებულება გაჩნდება”.

სამდღიანი ვადის შემოღებაში პრობლემას ვერ ხედავს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი სულხან სალაძეც. თუმცა, მისი თქმით, პრობლემურია კიდევ ერთი პუნქტი, რომლის თანახმადაც, შეიძლება საჯარო ინფორმაციის გაცემის 15-დღიანი ვადა შემოვიდეს.

 

პროექტის სამუშაო ვერსიის თანახმად, თუკი საჭიროა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიება და დამუშავება, ან საიდუმლო ინფორმაციის გამოცალკევება, უწყებებს შეუძლიათ 15-დღიანი ვადა გამოიყენონ. დღემდე არსებული კანონით, ეს ვადა 10 დღეა. სულხან სალაძე ასეთი ჩანაწერის გაკეთებას უსაფუძვლოს უწოდებს:

“10-დღიანი ვადის გაზრდა ჩვენ მიგვაჩნია, რომ უსაფუძვლოა, ვინაიდან უწყებები მარტივ სიტუაციებშიც იყენებენ 10 დღეს და ახლა კიდევ დამატებითი საფუძველი ექნება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ გარანტირებულად ჩათვალოს, თითქოსდა 15-დღიანი პერიოდი აქვს მას ინფორმაციის გასაცემად”, – ამბობს სულხან სალაძე.

 

10-დღიანი ვადის გაზრდა, ასევე, გაუმართლებლად მიაჩნია მაია წიკლაურს:

 

“ეს, ჩემი აზრით, მნიშვნელოვნად შეუშლის ჟურნალისტების მუშაობას ხელს, 10 დღე რომ ელოდები ახალი ამბისთვის ინფორმაციას, ესეც შეფერხებაა და ორი კვირის მერე შეიძლება აზრიც არ ჰქონდეს მიღებას. რაც შეეხება საიდუმლო ინფორმაციის გამოცალკევებას, აქამდე ახერხებდნენ ხოლმე საიდუმლო ინფორმაციის დაშტრიხვას და მოწოდებას ძალიან მარტივად, სასამართლო გადაწყვეტილებებს და სქელტანიან საქმეებსასც კი შტრიხავდნენ და რატომ გახდა დღეს იგივე რესურსით ამის 10 დღეში გაკეთება შეუძლებელი, არ ვიცი”, – ამბობს მაია წიკლაური.

არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ მთავარია არსებობდეს კონტროლის მექანიზმი, რომელიც საჯარო მოხელეებს, ინფორმაციის გაუცემლობის შემთხვევაში, გარკვეულ პასუხისმგებლობას დააკისრებს:

“არც 10 დღის ვადაში მოგვცა ჩვენ, მაგალითად, შსს–მ ინფორმაცია, არც 20 დღის ვადაში და არც 4 თვის ვადაში. მხოლოდ სასამართლოს ჩარევის შემდეგ მოგვცა, ისიც ნაწილობრივ. მე მგონია, რომ არაფერი არ იქნება ეფექტური, თუ არ გაჩნდა რაღაც სანქციები მოხელეების მიმართ, რომლებიც კანონს არღვევენ და კანონი მათ მიმართ არავითარ ადმინისტრაციულ თუ სხვა ტიპის სამართლებრივ სანქციას არ ითვალისწინებს”, – აცხადებს ეთერ თურაძე.

პროექტის თანახმად, გათვალისწინებულია ინფორმაციის თავისუფლების კომისიონერის ინსტიტუტის შექმნა. სულხან სალაძე აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტროს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დღეს არსებული პროექტის სამუშაო ვერსია არ გადაუგზავნია, მათ მხოლოდ პრეზენტაციის სახით ნახეს, რა ფუნქციები უნდა შეითავსოს კომისიონერმა, თუმცა ის მიიჩნევს, რომ გარდა სანქციების დაწესებისა, კომისიონერს ე.წ. 10 დეკემბრის ანგარიშების მონიტორინგიც უნდა დაევალოს.

“10 დეკემბრის ანგარიშების გაგზავნის ვალდებულებაც დღეს ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს, თუმცა ამას არანაირი უკუკავშირი არ აქვს, არავინ ამას არ კითხულობს საქართველოში, ეს არის ანგარიშები ანგარიშებისთვის და კარგი იქნება, თუ კომისიონერი მოახდენს ამის გააზრებას, პრობლემების გამოვლენას და ამ ანგარიშების სისტემატიზაციას. ჩვენ ავსტრალიის და ამერიკის მაგალითები გავაანალიზეთ, იქ კომისიონერი ახდენს ამ ტიპის ანგარიშების შესწავლას და თუკი პრობლემური ნორმები ჩანს კანონმდებლობაში, შემდგომში ხდება ინიცირება საკანონმდებლო ცვლილებების და პრაქტიკაში დანერგვა”, – აცხადებს სულხან სალაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი